ახალი ამბები

ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და დასაშვებ ნორმებთან სრულ თანხვედრაშია – აჭარის მთავრობა

19 ივნისი, 2023 • 1376
ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და დასაშვებ ნორმებთან სრულ თანხვედრაშია – აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის 19 ივნისის განცხადებით, კვლევის მიხედვით, აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და დასაშვებ ნორმებთან სრულ თანხვედრაშია.

მათი ცნობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე, 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტეიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლებები ჩაატარა.

„ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. მიმდინარე წელსაც, როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი-კვარიათისა და მახინჯაური-მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.

კვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები. სინჯების აღება ხდება მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში“, – აცხადებს აჭარის მთავრობა.


6 ივნისის, გვიან ღამით, რუსეთმა უკრაინაში კახოვკის ჰესი ააფეთქა. წყალსაცავიდან გადმოსულმა ძლიერმა ნაკადმა წალეკა და დატბორა მიმდებარე დასახლებები ასეულობით კილომეტრ ფართობზე. დატბორვის არეალში მოექცა ადამიანთა სასაფლაოები, ცხოველთა სამარხები, ბენზინგასამართი სადგურები და ქიმიური ქარხნებიც კი.

ჰესიდან წამოსული ნაკადი უკვე ჩაიღვარა შავ ზღვაში, რის გამოც დაბინძურებულია უკრაინის სანაპირო ზოლი, მათ შორის, ოდესაში, სადაც მოქალაქეებს ზღვაში შესვლა აუკრძალეს. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღეში დაბინძურებული წყლის ნაკადი მიაღწევს ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებამდეც. სპეციალისტები საუბრობენ შავი ზღვის მარილიანობის დონის შემცირებაზე, რაც დიდი ოდენობით მტკნარი წყლის ჩაღვრამ გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი