ახალი ამბები

პრეზიდენტი პარლამენტს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს

7 ივლისი, 2016 • 1279
პრეზიდენტი პარლამენტს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებული კანონპროექტი 27 აპრილის შემდეგ გაუგებარი მიზეზებით გაჩერებულია:

“საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია, ანუ ძირეული, მყისიერი და ფართომასშტაბიანი რეფორმა. ამჟამად იუსტიციის  საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი, რომლის შედეგადაც უნდა დაინიშნოს დაახლოებით 65 მოსამართლე. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ეს კონკურსი ჩატარდა გაუმჭვირვალედ, დარღვევებით და მასში მონაწილეობდა რამდენიმე კანდიდატი, რომლის პროფესიული ბიოგრაფია კითხვის ნიშნებს აჩენს საზოგადოებაში. შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ამ გასაუბრების შედეგად სასამართლო დაკომპლექტდეს მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით. რაც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უფრო დაასუსტებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. ჩვენი აზრით, ამ მძიმე შედეგის გარკვეულწილად თავიდან ასაცილებლად და დაზღვევისათვის შეიძლება, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღოს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა, რომლის მიღება 27 აპრილის შემდეგ გაუგებარი მიზეზით შეჩერებულია“, – აღნიშნა დოლიძემ.

მისივე განმარტებით,  გიორგი მარგველაშვილი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს საპარლამენტო ფრაქციებთან:

“პრეზიდენტი მზად არის, კონსულტაციები დაიწყოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ფრაქციასთან, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების მომავალი აღელვებს. პრეზიდენტი ასევე  მზად არის, კონსულტაციები გამართოს რიგგარეშე სესიის თარიღთან დაკავშირებით. პრეზიდენტის დავალებით, ხვალიდანვე მზად ვარ, ვაწარმოო ეს კონსულტაციები დაინტერესებულ ფრაქციებთან,” – განაცხადა დოლიძემ.

მრთლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმაში შემავალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დღეს, 19 თებერვალს მიიღო, შეიცვლება სასამართლოში საქმეთა განაწილების წესი, დადგინება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, გაიზრდება უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა და ა.შ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორიც იუსტიციის სამინისტროა, პარლამენტში ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა განეხილათ, თუმცა ეს პროცესი გადაიდო. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცამ უკვე არაერთხელ გააპროტესტა მოსამართლეთა დანიშვნის არსებული წესი და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები. მათ საკონსტიტუციო სარჩელიც შეიტანეს დანიშვნის არსებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის და დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებაც მოითხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი