სამართალი

ცვლილებები, რომლებიც სასამართლოში მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმით იგეგმება

19 თებერვალი, 2016 • 2528
ცვლილებები, რომლებიც სასამართლოში მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმით იგეგმება

მრთლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმაში შემავალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დღეს, 19 თებერვალს მიიღო, შეიცვლება სასამართლოში საქმეთა განაწილების წესი, დადგინება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, გაიზრდება უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა და ა.შ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორიც იუსტიციის სამინისტროა, პარლამენტში ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა განეხილათ, თუმცა ეს პროცესი გადაიდო. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცამ უკვე არაერთხელ გააპროტესტა მოსამართლეთა დანიშვნის არსებული წესი და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები. მათ საკონსტიტუციო სარჩელიც შეიტანეს დანიშვნის არსებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის და დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებაც მოითხოვეს.

მოსამართლის დანიშვნა კონკურსის წესით

კანონპროექტის თანახმად, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნებისმიერ შემთხვევაში აცხადებს კონკურსს, რომელში მონაწილეობის უფლებაც ექნებათ როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებს, ასევე პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტში 17 თებერვალს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დისკრიმინაციული და არათანაბარია მიდგომა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკურსის გარეშე შეიძლებოდა გამწესებულიყო მოსამართლის თანამდებობაზე.

“მიგვაჩნია, რომ ყველამ უნდა გაიაროს კონკურსი განურჩევლად იმისა, დაამთავრა თუ არა იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ან გააჩნია თუ არა რაიმე სხვა რეგალიები,”– აცხადებს ბარამიძემ. მან ასევე განმარტა, რომ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად ასევე გაივლიან კონკურსს ის მოსამართლეებიც, რომლებმაც დაასრულეს მოსმართლეობის 10–წლიანი ვადა და სურთ, კვლავ დაინიშნინ მოსამართლედ. თუმცა, მათთვის, ვინც უკვე 10 წლის განმავლობაში იყო მოსამართლე, 3–წლიანი გამოსაცდელი ვადა აღარ იქმოქმედებს.

რაც შეეხება მოსამართლეთა დაწინაურებას, კანონპროექტის თანახმად, რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი ქვედა ინსტანციის სასამართლოში 5 წლის განმავლობაში მაინც იყო მოსამართლე. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიმუშავებს.

რა კრიტერიუმებით დაინიშნებიან მოსამართლეები?

მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ძირითადი კრიტერიუმის – კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე უნდა შეარჩიონ.

კანონპროექტის თანახმად, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა; დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) სამართლის ნორმების ცოდნა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; დ) პროფესიული თვისებები; ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; ვ) პროფესიული აქტივობა.

კანონში ასევე გაწერილია, თუ რა უნდა გაითვალისწინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ამ კრიტერიუმებით თითოეული კანდიდატის შეფასებისას. მაგალითად, პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით შეფასებისას “გაითვალისწინება პირის – როგორც მოქალაქის – პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი თუ სხვა მოვალეობების, ფინანსური თუ სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის, კომუნალური ან სხვა გადასახადის გადახდისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა”.

გარდა ამ კრიტერიუმებისა,  კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარებამდე, იუსტიციის საბჭო იწყებს  მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიებას. როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, ეს “მოსამართლეობის კანდიდატთა ობიექტური და სრულფასოვანი შეფასების მიზნით” უნდა მოხდეს.

კერძოდ,  იუსტიციის უმაღლესი საბჭო სიღრმისეულად შეისწავლის კანდიდატების პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, ასევე კანდიდატის მიმართ წარსულში არსებულ სისხლისსამართლებრივი/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაციას. კანდიდატის შესახებ მოძიებული მონაცემები კონფიდენციალურია და მათი რაიმე ფორმით გამჟღავნება დაუშვებელია.

მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლებათ

კანონპროექტის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს.

კანონპროექტი ადგენს, თუ რა შემთხვევაში უნდა გასაჩივრდეს საბჭოს გადაწყვეტილება:

“სასაჩივრებაც არის და გასაჩივრებაც. სრულფასოვან გასაჩივრებვაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ როდესაც ლაპარაკია პროცედურების დარღვევაზე, ან როდესაც არსებობს ეჭვი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გარკვეული მიკერძოებულობა გამოიჩინა ამა თუ იმ კანდიდატის შეფასებისას, ან, მის გადაწყვეტილებას შესაძლოა დისკრიმინაციული საფუძველი ჰქონოდა, ან გადაამეტა წევრმა თავის უფლებამოსილებას, ამ პირობების შემთხვევაში შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში,”– განმარტავს ალექსანდრე ბარამიძე.

სასამართლოში საქმეები ელექტრონული წესით განაწილდება

რეფორმა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დანერგვას ითვალისწინებს, თუმცა, არც კანონპროექტში და არც განმარტებით ბარათში არ არის აღნიშნული, თუ კონკრეტულად როგორ იმუშავებს ეს პროგრამა და რამდენად არ იქნება განჭვრეტადი, რომელ მოსამართლეს შეხვდება საქმე. ალექსანდრე ბარამიძემ პარალამენტში გამოსვლისას გამაცხადა, რომ მსგავსი ელექტრონული პროგრამა საქართველოს არ აქვს, ამიტომ სპეციალური ჯგუფი უნდა შეიქმნას, ვინც ამ საკთხზე იმუშავებს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვით.  საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.

აქვს აღნიშნულია, რომ “ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია საქმეების ელექტრონული სისტემის გარეშე განაწილება რიგითობის წესით, რაც გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით.“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზრდება

კანონპროექტით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა 28 მოსამართლით განისაზღვრება. ამ ეტაპზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 13 მოსამართლე წევრია.  თუმცა, კენჭისყრის წინ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გაიზიარა გედევან ფოფხაძის შეთავაზება, რომ კანონმა უზენაესი სასამართლოს წევრთა მინიმალური რაოდენობა განსაზღვროს 16-ით და საჭიროების მიხედვით, ამ ოდენობის გაზრდა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა გადაწყვიტოს.

რაოდენობის ასეთ ზრდას ალექსანდრე ბარამიძე 17 თებერვალს უზენაეს სასამართლოში საქმის დასაშვებობის კრიტერიუმის ცვლილებით ხსნიდა. კერძოდ, უზენაეს სასამართლოში საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა იმის გამო,  სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

ბარამიძე ვარაუდობს, რომ ამ კრიტერიუმის შემოღებამ მკვეთრად უნდა გაზარდოს მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი სასამართლოს დასაბუთებულობის გადაწყვეტილებების ხაზრისხი.

“ჩვენი საკასაციო სასამართლო თვითონ უნდა გახდეს სტრასბურგი, რათა თვითონ უზრუნველყოს პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა,”– აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობას არ გაზრდიან, სასამართლო ამ ფუნქციების შესრულებას ვერ შეძლებს.

სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეების თანამდებობა არჩევითი გახდება

სააპქლაციო და საქალაქო/რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებს ამ დრომდე  სასამართლოების თავმჯდომარეებს დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავდა. შემოთავაზებული კანონპროექტით, ეს ამიერიდან ეს თანამდებობები არჩევითი გახდება. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეებს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეები თავად აირჩევენ. კანდიდატის დასახელების უფლება ექნება შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს.

გარდა ამისა, იგეგმება სასამართლოების თავმჯდომარის ადმინისტრაციული უფლებამოსილების შემცირებაც. მათი ადმინისტრაციული ხასიათის ფუნქციების ნაწილი სასამართლოს მენეჯერებს გადაეცემათ:

“სასამართლოებოს თავმჯდომარეებმა პირველ რიგში უნდა შეასრიულონ მოსამართღლის ფუნქციები. ისინი თავმჯდომარეები კი არიან, მაგრამ მოსამართლეები არიან ჩვეულებრიბვი. ამიტომ, მატ პირბველი რიგის ამოცანა და საქმიანობა, ეს არის ის, რომ შეასრულონ მოსამართლის ფუბქცია. იყო არაერთი შემთხვევა და დღემდე გვაქვს ასეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ “უხელმძღვანელოს” სასამართლოს, ხოლო მოსამართლის ფუნქციას საერთოდ არ ასრულებს. პირველ რიგში, თავმჯდომარეებმა უნდა შეასრულონ მოსამართლეების ფუნქცია და ამიტომ, რამდენადაც შესაძლებელია, ისინი უნდა განიტვირთონ ადმინისტრაციული ფუნქციებისაგან,”– განმარტა ბარამიძემ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი