ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები გამოცდებს ჩააბარებენ

2 თებერვალი, 2012 • 1326
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები გამოცდებს ჩააბარებენ

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს არჩევნების წინ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და გამოცდების ჩატარების წესზე ისაუბრა.

კანდიდატები სპეციალურ კომისიას, რომელიც უნივერსიტეტის პედაგოგებით არის დაკომპლექტებული, გამოცდას რუსულ და ოსურ ენებში ჩააბარებენ. ორივე ენაზე მათ უნდა დაწერონ კარნახი, წაიკითხონ ტექსტი და 5-წუთიანი სიტყვით უნდა გამოვიდნენ, ამის შემდეგ გადაწყვეტს კომისია, დაუშვებს თუ არა კანდიდატს არჩევნებზე.

ჟურნალისტები იმითაც დაინტერესდნენ, რა მოხდება, თუ კანდიდატი ერთ ენაში წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, ხოლო მეორე ენაში ჩაიჭრება. პლიევას თქმით, ამ შემთხვევაშიც კომისია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

25 მარტის განმეორებითი არჩევნების დანიშვნისთანავე გაცხადდა, რომ გამოცდის ჩატარება ერთ მიზანს ემსახურებოდა: როგორმე შეემცირებინათ პრეზიდენტობის კანდიდატების დიდი რაოდენობა.

პლიევამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კანდიდატების საინიციატივო ჯგუფების შეკრებაზე ცენტრალური კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და იმ ჯგუფის შეხვედრას, რომელსაც 100 კაცზე ნაკლები ესწრებოდა, რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ.

„დასაწყისში, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ გამოცდა იქნებოდა სახელმწიფო ენებში, როგორღაც თავშეკავებულად მიუდგნენ ამ საკითხს და ჩვენც ვფიქრობდით, რომ პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, განცხადებები შემოდის და მსურველი საკმარისზე მეტია. მე ვფიქრობ, რომ მსურველთა რაოდენობა უფრო მეტი იქნებოდა, ჩვენ რომ არ დავსწრებოდით და არ მოგვეთხოვა 100 კაცის და უფრო მეტის დასწრება საინიციატივო ჯგუფების დასარეგისტრირებლად,“ –განუცხადა ბელა პლიევამ ჟურნალისტებს.

მიუხედავად ბარიერებისა, ამ დროისთვის  კომისიაში საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაცია 9 თებერვალს დასრულდება, შესაბამისი დოკუმენტაციის შემდეგ კი უკვე  უკვე  კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება, რასაც გამოცდების ჩატარება მოჰყვება.

კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ გამოცდების შემოღებით დე ფაქტო ხელისუფლებას უფრო იმის დეკლარირება უნდოდა, რომ პატრიოტულ სახელმწიფოს აშენებენ. მისი აზრით, ეს ყველაფერი ფორმალობაა და აზრს კარგავს, რადგან, როგორც ცნობილია, დე ფაქტო ხელისუფლების დიდ ნაწილს რუსეთიდან ჩამოყვანილი მოხელეები შეადგენენ და მაშინ გამოცდები ოსურ ენაში მთავრობის წევრებსაც უნდა ჩაუტარონ.

„იქ ოსურ ენაზე აღარაფერი არ წარმოებს, ჩინოვნიკების ნახევარი რუსები არიან, ასე რომ, მარტო პრეზიდენტობის კანდიდატებს კი არა, ჩაუტარონ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ოსურ ენაზე ასეთი გამოცდა და მაშინ გამოჩნდება, ეს სახელმწიფო რამდენად “ეროვნულია”. საქართველოშიც ხდება, რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც, რომ არჩევნებზე ათობით კანდიდატი დაიყრება და მათი განათლება მათ წარმდგენებს არასოდეს ადარდებთ, ასეთ კანდიდატებს სხვა ფუნქცია აქვთ. ძირითად კანდიდატებს კი ყოველთვის შეუძლიათ კარნახით ტექსტის წერა და ელემენტარული ენის ცოდნის გამოცდის ჩაბარება,“ – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ზურაბ ბენდიანიშვილი.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში განაცხადი 30-მდე პირმა შეიტანა, მაგრამ საბოლოოდ 17 კანდიდატის დარეგისტრირება მოხდა. ბევრ მათგანს საერთოდ მეტყველების დეფიციტი რომ ჰქონდა, ეს ადგილობრივი ტელევიზიით გამართული დებატების დროსაც გამოჩნდა. გარდა ამისა, ის კანდიდატები, ვინც პირველ ტურში ხმების 5 პროცენტამდე მიიღო, ისევ ცდილობს განმეორეებით არჩევნებში კენჭისყრას. ეს ცხინვალელების გაკვირვებას იწვევს. ექპსერტების აზრით კი, ასეთი კანდიდატების მისია ის არის, რომ ხმების 50 პროცენტზე მეტი პირველივე ტურში ვერავინ მოაგროვოს და მეორე ტურში გაირკვეს პრეზიდენტის ვინაობა. ამდენად, რაც მეტი კანდიდატი იქნება, ხმებიც მეტად გაიყოფა.

ამჟამად კომისიაში 10 კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი უკვე დარეგისტრირებულია, რეგისტრაცია კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ ბოლო კვირაში კიდევ არაერთი პირი განაცხადებს არჩევნებში მონაწილეობის სურვილს.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი