ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ჩადიან საცხოვრებლად აზერბაიჯანიდან საქართველოში

20 ივნისი, 2016 • 3109
რატომ ჩადიან საცხოვრებლად აზერბაიჯანიდან საქართველოში

საქართველო უკვე მრავალი წელია აზერბაიჯანელი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნად იქცა. ზაფხულობით აზერბაიჯანელები აჭარის საკურორტო ზონებს, ზამთარში კი, ბაკურიანსა და გუდაურს სტუმრობენ. რაც შეეხება თბილისს, ის ბევრი აზერბაიჯანელისთვის დასვენების სასურველი ადგილია. მიზეზები სხვადასხვაა, თუმცა ორი ძირითადი ფაქტორის გამოყოფა მაინც შეიძლება. ეს არის ბაქოსთან შედარებით დაბალი ფასები და აზერბაიჯანზე თავისუფალი გარემო. შესაძლოა, ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ბევრი აზერბაიჯანელი საქართველოს უკვე მუდმივ საცხოვრებელ ქვეყნადაც განიხილავს.

ბიულბიულ ალიევა

“საქართველოში საცხოვრებლად ძალიან სპონტანურად და დაუგეგმავად ჩამოვედით. ჩემს ქმარს აქ სამსახური შესთავაზეს. იმ დროს ბევრი არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ. მხოლოდ ის, რომ ცოტა ხნის წინ აქ ომი იყო და რუსულად არ საუბრობენ. ერთი სიტყვით, მე აქ არ მოვდიოდი ქართული ოცნებისთვის – კორუფციის გარეშე ცხოვრებაზე, ან ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის შენების გზას ადგას”, – გვწერს ფეისბუკის საშუალებით აზერბაიჯანის მოქალაქე ბიულბულ ალიევა, რომელიც 4 წელზე ცოტა მეტია ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

არჩევანი- დარჩენილიყო ოჯახი საქართველოში, თუ აზერბაიჯანში დაბრუნებულიყო- ამ წლების განმავლობაში საქართველოს სასარგებლოდ რამდენჯერმე გააკეთეს.

“აქ ცხოვრების დროს კარგად გავაცნობიერე, რამდენად განსხვავდება საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან. საქართველო დღეს არის კარგი მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. მანამდე რუსეთში და  ყაზახეთშიც მოგვიწია ცხოვრება და ეს დასკვნა მხოლოდ ფაქტებისა და საკუთარი გამოცდილებით გავაკეთე.

ამ ქვეყანაში ბევრი შესაძლებლობა არსებობს ჩემი და ჩემი შვილების განვითარებისთვის. შვილები კერძო ბაღში მივიყვანეთ და რამდენიმე თვეში უკვე ქართულად ალაპარაკდნენ. უფროსი უკვე კითხულობს და წერს კიდეც ამ ენაზე. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო მათი ქართულენოვან სექტორზე შეყვანა, რამდენადაც ენის ცოდნის წყალობით ის სამეგობრო ჰყავთ, რომელიც მათ მსოფლმხედველობას ცვლის. ვიმედოვნებ, მათ თანამედროვე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თავისუფალი აზროვნება ჩამოუყალიბდებათ. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ არ შეჩერდება საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოების ფორმირების პროცესი. რა თქმა უნდა, აქ კიდევ ბევრ რამეზეა სამუშაო და ყველაფერი იდეალური არ არის. განსაკუთრებულ შიშს იწვევენ ძალები, რომლებიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგი არიან და პროცესის დამუხრუჭებას ცდილობენ”.

ბიულბიულ ალიევა

ბიულბიულ ალიევა

თბილისში ჩამოსვლიდან მეორე წელსვე ბიულბიულ ალიევა სამოყვარული თეატრის, “ტილდას” [Tilde] დასის წევრი გახდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მისი საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გახადა:  

“ამ 4 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად, ცვლილებებს ვამჩნევ საკუთარ თავსაც. ვგრძნობ, რომ უფრო თავისუფალი ვარ ბევრი სტერეოტიპისგან. აქ არ გეშინია იყო გაბედული. მთავარია, არ გაჩერდე ერთ ადგილზე და გამუდმებით რაღაც აკეთო. საქართველო შესაძლებლობების ქვეყანაა”.

ბიულბიულ ალიევა

ბიულბიულ ალიევა

ელინა მამედოვა

“იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, აზერბაიჯანი, ცხოვრება მაინც თბილისში ვარჩიეთ. საქართველოში გადმოცხოვრების ობიექტური მიზეზები არ გვქონია. პირიქით, გადმოსვლის დროს საკმაოდ კარგი სამსახური მქონდა და ფინანსურადაც ძალიან მყარად ვიყავით. თავიდან ვიფიქრეთ, ორი თვე მაინც გვეცხოვრა საქართველოში და მერე გადავწყვეტდით, მოგვინდებოდა თუ არა დარჩენა. როდესაც ტურისტად ჩამოდიხარ, მაინც სხვაა, უფრო მარტივად და ლამაზად გეჩვენება ყველაფერი. როდესაც მუდმივად გიწევს ცხოვრება – სხვაა. თუმცა 2012 წელს გაკეთებული ეს არჩევანი არასოდეს გვინანია. ჩემმა ქმარმა ბიზნესი წამოიწყო თბილისში. მე ჯერჯერობით ვერ ვაგრძელებ კარიერას, ჩვენი შვილი ჯერ პატარაა და რთულია ამის გაკეთება”,  – ამბობს ელინა მამედოვა.

ელინა ამბობს, რომ ყველაზე მეტად მშობლების დარწმუნება გაუჭირდათ, რატომ გადადიან სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად:

“თუმცა ამჟამად უკვე ხშირად ჩამოდიან სტუმრად”.

კითხვაზე, რატომ მაინცდამაინც თბილისი? – ამბობს, რომ ამის ბევრი მიზეზია:

“ჰაერი აქ უფრო სუფთაა. ბევრად მეტი ხეა, ტბებია. მარმარილოთი მოპირკეთებულ პარკებს ვერ შეხვდები, ფასები საგრძნობლად დაბალია, ნაკლები რაოდენობით ვაწყდებით სტრესულ სიტუაციებს. ქუჩაში გარშემომყოფთა ყურადღებას არ იპყრობ, როგორც ეს აზერბაიჯანშია. მომსახურების დროს კაფეებში, მაღაზიებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, არა “ბაჯითი” [დაო] – “ქალბატონოთი” მოგმართავენ. საერთო ჯამში, სამწუხაროდ, ვამჩნევ, რომ საერთო კულტურული დონე აქ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან”.

მაგერამ ზეინალოვი

2016 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანიდან საქართველოში საცხოვრებლად ჟურნალისტი და სოციოლოგი მაგერამ ზეინალოვიც გადმოდის:

“პატარა შვილი მყავს და არ ვისურვებდი, რომ იაროს ისეთ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, სადაც ბავშვობიდავე ასწავლიან ხელისუფლებისადმი ლოიალობას”.  

როგორც მაგერამი ამბობს, მორჩილ გარემოში ცხოვრება ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გადაწყვიტა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა საკუთარი ქვეყნის დატოვება.

“მე ჟურნალისტი ვარ და, მოგეხსენებათ, დღეს აზერბაიჯანში ჟურნალისტობა ძალიან საშიში და სარისკოა.  თუმცა, მხოლოდ პოლიტიკური მიზეზები რომ მქონოდა, პროფესიას შევიცვლიდი და სხვა სფეროში ვიმუშავებდი. მაგრამ აქ ზოგადი სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. ბოლო წლებია აზერბაიჯანში ცხოვრება აუტანლად მოსაწყენი ხდება”.

საქართველოში ცხოვრება მაგერამს წლების წინაც მოუწია. მაშინ GIPA-ში [საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი] და ილიას უნივერსიტეტში სწავლობდა.

“იქ [საქართველოში] დღესაც ხშირად ჩავდივარ და ვადარებ, თუ როგორ უარესდება აზერბაიჯანში ცხოვრება. ყველა ქვეყანა წინ მიდის, ჩვენ კი უკან მივდივართ. წლიდან წლამდე დახურული და მოსაწყენი ხდება აზერბაიჯანი. ამას განსაკუთრებით თბილისში ვიზიტის დროს ხვდები. აქ,  საქართველოსგან განსხვავებთ, ფაქტიურად არ არიან უცხოელი ტურისტები და ინგლისურად საუბარი უცხოელებთან მხოლოდ თბილისში მიწევს”.

თუმცა, მაგერამის დაკვირვებით, არც საქართველოშია განსაკუთრებით იდეალური ვითარება.

“ვინაიდან ხშირად მიწევს საქართველოში ჩასვლა, ვერ ვიტყვი, რომ იქ  უფრო და უფრო უკეთესი ხდება. [მე ვარ თანაავტორი საქართველოში ეკონომიკური რეფორმების შესახებ დაწერილი ერთ-ერთი წიგნის] და შემიძლია გითხრათ, რომ უმუშევრობის დინამიკა საქართველოში 2004-2011 წლებში 14-20% -ით გაიზარდა. ქვეყანა საკმაოდ სიღარიბეში ცხოვრობს. 2006 წლის შემდეგ ეკონომიკაში ცვლილებებს ვერ ვხედავ. მაგალითად, მე რომ მემუშავა IT სფეროში, შეიძლება ბაქოში დავრჩენილიყავი, აქ მეტს იხდიან. მაგრამ ჩემი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოში უკეთესად ვიქნები. იქ მეტი შესაძლებლობაა. ზოგადად, არ ვამბობ, რომ საქართველოში კარგი სიტუაციაა, უბრალოდ, აზერბაიჯანშია ძალიან ცუდი”.

მაგერამ ზეინალოვი; ფოტო: მაგერამ ზეინალოვის ფეისბუკის გვერდიდან

მაგერამ ზეინალოვი; ფოტო: მაგერამ ზეინალოვის ფეისბუკის გვერდიდან

ელენე მამედოვა

ელენე მამედოვა, საქართველოში, ქალაქ რუსთავში დაიბადა. სამი წლის ასაკში ოჯახი საქართველოდან აზერბაიჯანში გადავიდა საცხოვრებლად”

“24 წლის ვარ და აზერბაიჯანის მოქალაქეობა ჯერ კიდევ არ მოუციათ. უცნობია, რატომ ეუბნებიან საქართველოს აზერბაიჯანელებს მოქალაქეობაზე უარს. შესაბამისად, სამ თვეში ერთხელ ქვეყნიდან გასვლა მიწევს”.

ელენა მამედოვა კარატეში აზერბაიჯანის ჩემპიონატის პრიზიორია. ორგზის მსოფლიო ჩემპიონია კარატეში მისი ქმარიც, მოჰამედ საიედი. უკვე 6 წელია ორივე თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც მოჰამედი კარატეს ფედერაციას კურირებს.

“დიდი ხანია საქართველოში საცხოვრებლად გადასვლას ვგეგმავდით და ვემზადებოდით ამისთვის. რომ არა ქორწინება, მაინც გადმოვიდოდი. ქორწინებამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი. აზერბაიჯანში სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევენ. ქართველი აზერბაიაჯნელები გამუდმებით რაღაც  სირთულეებს აწყდებიან მოქალაქეობის არქონის გამო.
სქართველოში ყველაზე ძალიან რაც მომწონს, ეს არის ის, თუ როგორ მუშაობს კანონი. არ არის კორუფცია, სახელმწიფო ბიზნესს ხელს უწყობს – საგადასახადო სისტემა ისეა  საქართველოში აწყობილი, რომ ბიზნესის სტიმულირებას ახდენს. ამასთან, საქართველო არ არის მდიდარი ქეყანა, მაგრამ აქ მთავარი ის არ არის, რამდენი ფული გაქვს, მთავარია შენი შესაძლებლობები, ჭკუა. რა თქმა უნდა, თავად ცხოვრება  და დასვენებაც აქ ბევრად საინტერესოა”.

ელენა მამედოვა, მოჰამედ საიედი

ელენა მამედოვა, მოჰამედ საიედი

ოლგა აჟგიბეცევა

ოლგა აჟგიბეცევა აზერბაიჯანში პროფესიონალი ფრენბურთელი იყო. 2010 წელს, 23 წლის ასაკში, ფაქტიურად დაასრულდა კარიერა და ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა.

“საქართველოში საცხოვრებლად გადასვლის პირადი მიზეზები მქონდა. იმ მომენტში ფრენბურთთან დაკავშირებული კონტრაქტიც დამთავრდა და ვხვდებოდი, რომ ფრენბურთის გარდა, კიდევ რამით უნდა დავკავდე. მინდოდა სწავლის გაგრძელება MBA-ში. ჩამოვედი საქართველოში და მომეწონა.

2011 წელს სწავლა დავიწყე [International School of Economics at Tbilisi State University]. ამ მოვლენამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. დღეს უკვე დამაჯერებლად შემიძლია ვთქვა, რომ, რომ არა ეს სკოლა, დღეს თბილისში, ალბათ, არ ვიცხოვრებდი. 2013 წელს დავამთავრე სასწავლებელი და მასთან არსებულ კვლევით ინსტიტუტშივე დავიწყე მუშაობა. ეკონომისტი ვარ და სხვადასხვა საინტერესო პროექტზე მიწევს მუშობა. ამიტომაც, ჩემს ცხოვრებას საქართველოს ვუკავშირებ”.

ოლგა ამბობს, რომ თბილისი მისთვის მშობლიურ ქალაქად იქცა.

“პირველი 5-6 თვე ძალიან რთული იყო. სხვა ქვეყანა, სხვა ენა, სამსახურის შოვნა გამიჭირდა. თუმცა, 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ ვგრძნობ, რომ ეს ჩემი სახლია. ძალიან მენატრება ბაქო, ახლობლები და მეგობრები. მაგრამ როდესაც მივდივარ ხოლმე იქ, 3-4 დღეში ვხვდები, რომ დაბრუნება მინდა სახლში, თბილისში.

საქართველოში თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ. არ ვაწყდები კორუფციას და ბიუროკრტიას. დავიწყე მეტი მოგზაურობა ქვეყნის შიგნით. აზერბაიჯანში, პრაქტიკულად არ დავდიოდი ხოლმე სხვა ქალაქებში. აქ ადამიანები უფრო მეტი ხალისით მოგყვებიან”.

2015 წლის ოქტომბრიდან ოლგა აჟგიბეცევა საქართველოს მოქალაქე გახდა.

“ქართულ ენას ვსწავლობ და ამ ქვეყანაში ცხოვრებით ვტკბები”.

ოლგა აჟგიბიცევა

ოლგა აჟგიბეცევა

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი