ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას

14 ივნისი, 2016 •
ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება იყო როგორც კანონიერი, ისე დასაბუთებული. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კობახიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში ვანო მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა.

“სასამართლოს კითხვები არა აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირი ფორმით არ ცვლის ვანო მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და მხოლოდ ორი ხარვეზი დაადგინა. ეს ორი ხარვეზი არ არის ვანო მერაბიშვილის საქმეზე წინასწარი პატიმრობის გამოყენების უკანონობისა და, მით უმეტეს, არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი”.

კობახიძის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრრაობის განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ ივანე მერაბიშვილი მიიჩნიია დაპატიმრებულად პოლიტიკიდან მისი ჩამოშორების მიზნით, არის “მტკნარი სიცრუე”.

“გადაწყვეტილების არც ერთ ფაზაში მინიშნებაც კი არ ხდება მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე”, – თქვა კობახიძემ. დამატებით კითხვებს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აღარ უპასუხა.

დღეს, 14 ივნისს, სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას:

  • მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ არსებითი განხილვის დროს არ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა სასამართლომ ისე, რომ აუდიოჩანაწერში არ ჩანს, რომ სასამართლომ რაიმე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ ათავისუფლებს მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობიდან. ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლი ეხება თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას, ხოლო მესამე პუქტში წერია:  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით. პირველი მუხლის (c) ქვეპუნტი გულისხმობს: ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
  • მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”. ამ მუხლთან დაკავშირებით მომჩივანი მხარე, ანუ ვანო მერაბიშვილი მიუთითებდა, რომ მისი დაპატიმრება და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ჩამოეცილებინათ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, რათა დაესუსტებინათ მისი პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ხელი შეეშალათ მისი მიზნისთვის, რომ ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს.

ამას გარდა:

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ მომჩივან მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხა: მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ევრო, რასაც ემატება ყველა შესაბამისი გადასახადი; 8 ათასი ევრო ყველა ხარჯის დასაფარად.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა შემდეგი მუხლები:

  • მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი, ამავე მუხლის მესამე პუნქტი სასამართლოს 2013 წლის 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ხოლო ქუთაისის  სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, კვლავაც წინასწარ პატიმრობაში იქნა დატოვებული ვანო მერაბიშვილი.
  • სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო მეხუთე მუხლის მეოთხე პუნქტის განხილვის აუცილებლობა (მეოთხე პუნქტში წერია: ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი)

“მე მინდა ვანო მერაბიშვილის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ეს გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში სულ არის 6 საქმე, როდესაც დადგინდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. ეს არის მეშვიდე საქმე, ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დარღვევა დგინდება ასი ათასობით საქმიდან. მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ვანო მერაბიშვილი არის მესამე პოლიტიკოსი იულია ტიმოშენკოსა და ბატონი ლუცენკოს შემდეგ, რომელზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ევროპის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა, ვანო მერაბიშვილის აპელაცია პატიმრობის შესახებ ასევე დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა, ასევე, ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და, რაც ყველაზე მთავარია, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, მისი პატიმრობის გაგრძელება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს. სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი და მიუთითა პირდაპირ გადაწყვეტილებაში, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით არ იქნა გამოძიებული და ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევას თავისუფლების უფლების. პრაქტიკულად, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი,” – ასე აფასებს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის  თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი  სამი მუხლით წაუყენეს – ამომრჩევლების მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2013 წლის 22 მაისს შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. 25 მაისს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის საჩივარი აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაზე და ძალაში დატოვა.

ვანო მერაბიშვილის მოგვიანებით კიდევ რამდენიმე  მუხლით წარუდგინეს ბრალი.

2014 წლის თებერვალში  ქუთაისის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებასა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, 2014 წლის თებერვალში თბილისის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს საქმეზე მას პატიმრობა მიუსაჯა  4 წლით და 6 თვის ვადით.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი