პოლიტიემიგრანტი აზერბაიჯანიდან, ისტორიკოსი ალთაი გოიუშოვი Meydan TV-სთან ვრცელ ინტერვიუში აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მცდელობა, კრიტიკული ხმები ზეწოლითა და რეპრესიებით ჩაახშოს, შედეგს ვერ მოიტანს და  დაპატიმრებებით მისი გაქრობა შეუძლებელია.

აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების სია 392 -მდე გაიზარდა

პატიმარი ჟურნალისტების რაოდენობით აზერბაიჯანი ერთ-ერთი ლიდერია – CPJ

გოიუშოვის თქმით, ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ მიღებული მხარდაჭერა მას ხანგრძლივ პოლიტიკურ დივიდენს მოუტანდა, თუმცა საზოგადოებაში სხვა მოლოდინები არსებობდა.

„ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ეს გამარჯვება მას ხანგრძლივ, თუნდაც უცვლელ პოლიტიკურ სარგებელს მისცემდა. ანუ ფიქრობდა, რომ ადამიანები ომის შემდეგ სოციალურ პრობლემებს უკანა პლანზე გადასწევდნენ და დიდი ხნის განმავლობაში ამ გამარჯვების გამო მადლიერი იქნებოდნენ“.

მისი თქმით, ეს მოლოდინები არ გამართლდა და ქვეყანაში არსებული პრობლემები კვლავ დღის წესრიგში დაბრუნდა.

„ხელისუფლებამ კი ამ სიტუაციაზე ძალიან პრიმიტიული რეაქცია ჰქონდა-კრიტიკის სრულად ჩახშობის, თანამედროვე ეპოქისთვის უტოპიური ოცნების გზას დაადგა“.

მისივე განცხადებით, კრიტიკოსების ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილი კი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

„მე ამ კრიტიკოსებს შორის ერთ-ერთი ვიყავი და ამიტომ გავხდი სამიზნე. 2013 წლიდან დაწყებული უნივერსიტეტიდან ჩამოშორების მცდელობები და სხვა ზეწოლა სწორედ ჩემს შეხედულებებს უკავშირდებოდა“.

გოიუშოვის თქმით, ასეთი პოლიტიკა საბოლოოდ თავად ხელისუფლებას აზიანებს.

“ამ საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, დაპატიმრებებითა და ზეწოლით კრიტიკის  აღმოფხვრა შეუძლებელია. კრიტიკა ყველგან და ყოველთვის იქნება. აქედან დასკვნების გამოტანა, მასზე ადეკვატური პასუხის გაცემა შესაძლებელია, მაგრამ მისი სრულად გაქრობა შეუძლებელია“, – თქვა მან.

ისტორიკოსმა ასევე ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ და განაცხადა, რომ მისთვის მთავარი საკითხი თავისუფლების შენარჩუნებაა.

მისი თქმით, აზერბაიჯანში დაბრუნებას მაშინ ისურვებდა, როცა ქვეყანა უფრო თავისუფალი გახდება.

„აზერბაიჯანი თავისუფალი რომ გახდება, დაბრუნების სურვილი მაქვს. თუ აზერბაიჯანში ცვლილება მოხდება, ეს მხოლოდ ერთი სფეროთი არ შემოიფარგლება, ეს იქნება ფუნდამენტური და ფართომასშტაბიანი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აზერბაიჯანში დემოკრატიული სისტემა დამყარდება და სამართლიანობა აღდგება“, – განაცხადა გოიუშოვმა.