ავტორი: ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი


ფუქსასის „დოქების“ პროექტის მიმართ არსებულ პოზიციას, რომ მისი დანგრევა და ნაგავში გადაყრა მიუღებელია, სრულად ვეთანხმები, თუმცა „შედევრად“ გამოცხადებას ვერანაირად ვერ გავიზიარებ — არც შენობის მშენებლობის პროცესში და არც დღეს. ჩემი პოზიცია ამ ობიექტის მიმართ უცვლელი და მყარია: მისი განთავსება კონკრეტულად ამ ლოკაციაზე იყო ურბანული დანაშაული.

ნაგებობამ პრაქტიკულად სრულად გადაკეტა ისტორიული პანორამული ხედები როგორც ბარათაშვილის აღმართიდან, ისე ბარათაშვილის ხიდისა და რიყის კუთხიდან. ეს ქმედება დაუშვებელი იყო როგორც მორალურ-ესთეტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პანორამული დერეფანი საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენდა.

აქ ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ თბილისის უნიკალობას უმთავრესად მისი რთული ადგილმდებარეობა განსაზღვრავს. ქალაქი განთავსებულია ბუნებრივ ქვაბულში, სადაც მდინარით გაყოფილ ორ ქედზე შეფენილი სახლები ქმნიდა უნიკალურ სივრცულ სტრუქტურას. ტრადიციული განაშენიანება ისე იყო მოწყობილი, რომ შენობები ერთმანეთს კი არ ფარავდა, არამედ პირიქით — ხედი მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე და პირიქით, სრულად იყო გახსნილი. სწორედ ეს ვიზუალური და სივრცული კავშირი აერთიანებს თბილისს. სწორედ ამიტომ, თბილისი არის ქალაქი, რომელიც ყველაზე რთულად იტანს იმ ტიპის ჩარევებს, რომლებიც არღვევს ამ ორგანულ კავშირებს. ბარათაშვილის ქუჩიდან გადაშლილი ხედი ქალაქის უძველეს არეალზე იყო ე.წ. „ქრესტომათიული ხედი“, სადაც ნებისმიერი ტიპის აგრესიული ჩარევა უბრალოდ დაუშვებელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ… ჩვენ მივიღეთ რეალობა, სადაც კონტექსტის უგულებელყოფამ დაარღვია ის მყიფე ბალანსი, რომელზეც დგას ქალაქის ისტორიული იდენტობა.

ამიტომ, დღეს მიმდინარე პროცესების შეფასებისას ფოკუსი მკაფიოდ უნდა გასწორდეს და ორი ფუნდამენტური პრობლემა გამოიკვეთოს:

  1. ობიექტის ტრანსლოკაციის აუცილებლობა. სრულად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ „დოქები“ არ უნდა განადგურდეს, საჭიროა მისი ადგილმონაცვლეობა. უნდა მოიძებნოს შესაფერისი ურბანული არეალი, სადაც შენობა შეინარჩუნებს თავის ფუნქციას ისე, რომ ქალაქის ისტორიულ ქსოვილს ზიანი არ მიადგეს. პროფესიულ წრეებში ხშირად გვესმის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ობიექტი „სხვაგან წარმატებული იქნებოდა“, რაც, ჩემი აზრით, არქიტექტურული ამოცანის ჩავარდნას მიანიშნებს. არქიტექტურა არ არის იზოლირებული „ნახატი“, რომელსაც ავტომატურად უხდება ან არ უხდება ადგილი; არქიტექტურა სივრცის ორგანიზების ხელოვნებაა და თუ ნამუშევარი კონტექსტს ვერ ერგება, ეს ნიშნავს, რომ ავტორმა დასმულ ამოცანას თავი ვერ გაართვა.
  2. საჯარო სივრცის პრივატიზაცია. საჯარო სივრცის გასხვისების პრობლემა სათავეს იღებს იმ მომენტიდან, როდესაც საჯარო პარკის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საზოგადოებრივი ფუნქციის მქონე შენობა კერძო მფლობელობაში გადავიდა. ეს ქმედება ქმნის სახიფათო პრეცედენტს: საჯარო სივრცეში, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებრივი სარგებლობისთვის, ჩნდება კერძო საკუთრების კუნძული, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება პარკის კონცეფციას.
    კიდევ უფრო მეტიც, საკადასტრო მონაცემების დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ თეატრის გასხვისებამ გამოიწვია რიყის პარკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის (14 000 კვ.მ) კერძო საკუთრებაში გადასვლა. ეს არის პროცესის ყველაზე მწვავე და კრიტიკული ნაწილი, თეატრის გასხვისებამ „თან გაიყოლა“ პარკის დიდი ნაწილიც, რითაც ის სამუდამოდ შეიძლება ჩაიკეტოს საზოგადოებისთვის და ემსახურებოდეს მხოლოდ ვიწრო, კერძო კომერციულ მიზნებს.
  3. ახალი მშენებლობა: ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ არსებული სამშენებლო კოეფიციენტები კერძო მფლობელს ფაქტობრივად უხსნის გზას მასშტაბური, კომერციულად მომგებიანი ობიექტების ასაშენებლად. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიას ამ ეტაპზე სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს, გამოცდილება გვკარნახობს, რომ სტატუსის ცვლილება მხოლოდ დროის საკითხია. დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტისა და საზოგადოებრივი ინტერესების სისტემური უგულებელყოფის ფონზე, თითქმის გარდაუვალია, რომ ამ მიწაზე აშენდეს მასშტაბური კომერციული კომპლექსი (მაგალითად, სასტუმრო). მეტიც, ეკონომიკური ლოგიკიდან გამომდინარე, რიყის პარკის მფლობელი თავის ბიზნეს-გეგმაში აუცილებლად ასახავს ყველა იმ ხარჯს, რაც დაკავშირებულია როგორც დემონტაჟთან, ისე სამშენებლო პროცესებთან, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ობიექტის მოცულობასა და არქიტექტურულ აგრესიულობას. ადვილი წარმოსადგენია, რომ შედეგად მივიღებთ არა საზოგადოებრივ სივრცეს, არამედ კერძო მოგებაზე ორიენტირებულ, ქალაქის ისტორიულ სილუეტს გადაფარებულ მონუმენტურ ნაგებობას, რომელიც საბოლოოდ დაასამარებს რიყის, როგორც საჯარო სივრცის, ფუნქციას.
  4. ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თუ ქალაქის ხელისუფლებას ისტორიული ხედების აღდგენა მართლაც სურდა, მათ უნდა მოეძებნათ რაციონალური გამოსავალი: ობიექტის ტრანსლოკაცია და მისი საზოგადოებრივი ფუნქციით დატვირთვა. დღევანდელი პოლიტიკა კი საპირისპიროს მეტყველებს. ქალაქის იერსახე ხელისუფლებისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, რასაც ქალაქში განხორციელებული არაერთი პროექტი ადასტურებს.

ჩემი პოზიცია უცვლელია: ისტორიული თბილისი არ უნდა იქცეს „პოლიგონად“ უცხო სხეულების დასამონტაჟებლად და მავანთა გასამდიდრებლად. „პანორამა თბილისი“, მირზა შაფის ქუჩა, ივანიშვილის ტაკამაცუს სასახლე თუ „დოქები“ — ეს არის ურბანულ დანაშაულთა ერთობლიობა, რომელიც ანადგურებს ქალაქს.

ისტორიული პანორამის აღდგენა და ურბანული ქსოვილის „გაწმენდა“ არაადეკვატური ობიექტებისგან არის თბილისის გადარჩენის აუცილებელი პირობა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემს ოცნებაში თუ მოხდება, სახელისუფლებო ოცნება სრულადაც სხვა მასშტაბისა და ფორმისაა. დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა სრულად არის აცდენილი ქალაქის ინტერესებს; მათთვის ქალაქის ბედი, მისი მორფოლოგიური მთლიანობა და ზოგადი კულტურული ღირებულებები მეასეხარისხოვანია. აქ ერთადერთი რეალური „ღირებულება“ ფულად ერთეულებში იზომება, სადაც თბილისის ისტორიული ზონა, და არამარტო, მხოლოდ და მხოლოდ კომერციულად მომგებიან საინვესტიციო რესურსად განიხილება.

შედეგად, ჩვენ ვხედავთ ქალაქს, სადაც საჯარო ინტერესი სისტემურად ნებდება კერძო კაპიტალს. ეს არ არის უბრალოდ „ურბანული პრობლემა“ — ეს არის ღირებულებების კრიზისი. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ დაუბრუნდება ქალაქის დაცვის პრინციპებს, თბილისი საბოლოოდ დაკარგავს თავის უნიკალურობას და გადაიქცევა უსახურ ბეტონის მასად, სადაც წარსულის კვალი მხოლოდ დეკორაციადღა იქნება დარჩენილი.

ალბათ, მე ამას ვერ მოვესწრები, მაგრამ იმედია, როდისმე ამ ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც დაშლის სატივეს, პირველის სკოლის უკან აღმართულ მონსტრს, პანორამა თბილისს, ივანიშვილის სასახლეს, მირზა შაფის კომპლექსს, king David-ს და კიდევ მრავალ ასეთს თავისთავად „კარგ” შენობებს, რომლებმაც შანსიც კი გაუქრო თბილისს, იყოს იუნესკოს ისტორიული ქალაქების ნუსხაში.