1 ივნისს, 12:00 საათზე, სანზონაში, გუდამაყრის #2-ში (ყოფილ კარდიოლოგიურ კლინიკაში) მცხოვრებლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებელში ელექტროენერგიის შემოყვანასა და საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვდნენ.
“პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნაა, დენი მოგვცენ. სხვისი ვალის გამო ჩვენ დენი არ გვეძლევა”, – განაცხადა აქციის მონაწილე ფიქრია ყოლბაიამ.
ფიქრია ყოლბაიას თქმით, საუბარია კარდიოლოგიური კლინიკის გაუქმების შემდეგ (2002 წელი) კლინიკის დარჩენილ ვალზე – 42 000 ლარზე:
“გვაქვს საბუთი, რომ ეს ვალი ჩვენი არ არის, მაგრამ თელასი გვეუბნება, რომ ეს თანხა ჩვენ უნდა გადავიხადოთ, რათა ახლა შემოგვიყვანონ დენი… დღეს ხალხს თვითმფრინავი ჰყავს თავისი და ჩვენ კი დენი არ გვაქვს”.
კომპანია “თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ვალერი ფანცულაია, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ შენობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის (“თელასში” ახალ აბონენტად დასარეგისტრირებლად) ამ შენობის საკუთრების უფლების ქონაა აუცილებელი:
“თუკი საკუთრების უფლება არა გაქვთ, შენობა თქვენი საკუთრება არ არის. გამრიცხველიანება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც აბონენტობის ყველა მსურველს ექნება საკუთრების უფლება ინდივიდუალურად”.
ვალერი ფანცულაია იხსენებს, რომ ყოფილ კარდიოლოგიურ კლინიკაში მცხოვრებლებს უკანონოდ ჰქონდათ შეყვანილი დენი საცხოვრებელში. თუმცა “თელასის” თანამშრომლებმა “უკანონოდ გაყვანილი კაბელები ჩაჭრეს.
“თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე გამრიცხველიანებისათვის მთავარია, “კარდიოლოგიურის” მცხოვრებლებს საკუთრების უფლება ჰქონდეთ. “შენობის ადრე დარჩენილი ვალის საკითხი შემდეგ ეტაპზე შეიძლება მოგვარდეს”, – უთხრა ფანცულაიამ ნეტგაზეთს.
ყოფილი კარდიოლოგიური კლინიკა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებაშია. ქონების მართვის სააგენტოში (ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი) კი ამბობენ, რომ სააგენტოს აღმასრულებელი ფუნქცია აკისრია და სახელმწიფოს მიერ ყოფილი “კარდიოლოგიურის” შენობის მცხოვრებლებისათვის გადაცემის საკითხი მთავრობის სხდომაზე უნდა გადაწყდეს.
დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებილებმა მოითხოვეს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა, თუმცა მათ მოთხოვნას დღეს ადგილზე არავინ გამოხმაურებია. დაცვის თანამშრომლებმა აქციაზე შეკრებილებს შესთავაზეს, შენობაში სასაუბროდ ორი ადამიანი შესულიყო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს. ისინი დღევანდელი აქციის შემდეგ მალევე დაიშალნენ, თუმცა ორშაბათიდან, 6 ივნისიდან, პერმანენტულ აქციებს აპირებენ.
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” მიიჩნევენ, რომ, ზოგადად, უსახლკარო პირებს დღემდე უმძიმეს პირობებში უხდებათ ცხოვრება: “ხშირად მათ საცხოვრისი საერთოდ არ გააჩნიათ ან სხვადასხვა არასაცხოვრებელი მიზნებისთვის განკუთვნილ ობიექტებში არიან შეჭრილნი. ეს ობიექტები ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრისის ელემენტარულ მოთხოვნებს, კერძოდ, მათ უმეტესობაში არ ფუნქციონირებს კანალიზაციის, წყლის გაყვანილობისა და ელექტროენერგიის მიწოდების სისტემები”, – გვიხსნის ლინა ღვინიანიძე EMC-დან.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლუიზა ნაჭყებია ამბობს, რომ კარდიოლოგიურის შენობაში ცხოვრობენ დევნილები და სოციალურად დაუცველი ადამიანები, თუმცა მათ “სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს”. ლუიზა ნაჭყებია ამბობს, რომ “კარდიოლოგიურში” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ცხოვრობენ. მისი თქმით, ყოფილ კლინიკაში მცხოვრებთა ყოფა გაუსაძლისია.
დოდო ნოზაძეს მეუღლე აფხაზეთში დაეღუპა. იხსენებს, რომ ჰქონდა საცხოვრებელი, თუმცა 2 ბინა იპოთეკით დაკარგა. 3 მაისს გულის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა დღეს საპროტესტო აქციას მაინც შემოუერთდა. “აღარაფერი არ შემიძლია. შუქი არა გვაქვს, კანალიზაცია არა გვაქვს. 5 წელია ასე ვართ. სოციალურები ხალხს დაუხსნეს. პურის ფულის არა გვაქვს და ერთმანეთიც გაჭირვებით გაგვყავს”, – გვიამბობს დოდო ნოზაძე.
ნათელა მწყერიაშვილი გვიყვება, რომ ბავშვობიდან უსახლკაროა, ყოფილ “კარდიოლოგიურში” კი მეხუთე წელია ცხოვრობს. სოციალური დახმარება “კარგა ხნის წინ” მოუხსნეს. “მეჯართეები უკვე კარგად მცნობენ”, – ამბობს იგი და გვიამბობს, რომ ყოველდღიურად ჯართს აგროვებს, რათა ეპილეფსიით დაავადებულ შვილს მოუაროს. “ამას წინათ შვილი ცუდად გამიხდა და შუქი რომ არ იყო, ვერაფრით დავეხმარე. გული წამივიდა ნერვიულობისაგან და ორივე ძლივს მოგვასულიერეს. ახლა მეშინია, ამ უშუქობაში მსგავსი რამ არ განმეორდეს”, – ამბობს მწყერიაშვილი.
მისი თქმით, საცხოვრებელში ბავშვების მდგომარეობაც მძიმეა. “ბავშვებს ძლივს ზრდიან ამ მინგრეულ შენობებში. ისინიც სულ ტირიან. ესეც მოქმედებს ჩვენს ნერვებზე – რამდენი ახალშობილია შენობაში და შუქი არა გვაქვს. სხვისი გასაჭირიც მოქმედებს. გვინდა ერთმანეთის გვერდში დგომა, მაგრამ ლუკმა-პური მე თვითონ არა მაქვს, – როგორ მივეხმარო, ისინიც ვერ მეხმარებიან და ასე ვწვალობთ”, – თქვა აქციის მონაწილემ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უსახლკაროთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულიად არაეფექტური და არასაკმარისია.
ლინა ღვინიანიძე EMC-დან გვიხსნის, რომ საკანონმდებლო ცვლილებამდე საარსებო შემწეობის გაცემა ხდებოდა რეგულარული წესით – ქულების მინიჭების სისტემით. “ვისაც ექნებოდა დაბალი ქულა, ის მიიღებდა შემწეობას. ყველა ადამიანი შეიძლებოდა მოხვედრილიყო ამ ბაზაში და მისთვის შემწეობა დაენიშნათ. მოგვიანებით სახელმწიფო ცვლის პოლიტიკას და ამ ადამიანებთან არ მიდის სოციალური აგენტი. სახელმწიფო არც კი აფასებს მათ საჭიროებებს და გამორიცხავს მათ საარსებო შემწეობის მიმღები ჯგუფიდან. ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილება არაკონსტიტუციურია”, – განმარტავს ლინა ღვინიანიძე EMC-დან. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საუბარია ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში. ეს ცვლილება ძალაში 2013 წლის 17 მაისს შევიდა. ცვლილების მიხედვით, სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ბაზაში განაცხადი რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში.
“აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ უსახლკარო პირთა უფლებების აღიარება და საცხოვრისის უფლების ხელმისაწვდომობის მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. აქციაზე შეკრებილებმა ასევე მოითხოვეს იმ საკანონმდებლო ცვლილების გაუქმება, რომლის მიხედვითაც პირებს, რომელთაც საცხოვრებელი მიზნით დაკავებული აქვთ სახელმწიფო ობიექტები, ვერ იღებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს და მასთან დაკავშირებულ საარსებო შემწეობას”, – ნათქვამია EMC-ის გავრცელებულ განცხადებაში.
EMC-ის მიხედვით, “სახელმწიფო არ აწარმოებს ქვეყანაში უსახლკარობის მასშტაბის, ამ პირების საჭიროებების, ასევე უსახლკარობის ფორმებისა და მიზეზების შეფასებას. ამ დრომდე არ აღრიცხულა უსახლკარო პირთა რაოდენობა, რაც შეუძლებელს ხდის უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტურ და თანმიმდევრულ გადაწყვეტას. უსახლკარო პირის საქართველოს კანონმდებლობაში არსებული დეფინიცია სრულყოფილი არ არის და არ ფარავს უსახლკარობის სხვადასხვა ფორმას. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა ამ დრომდე არ ითვალისწინებს უსახლკარო პირთა საცხოვრებლის უფლების სტანდარტს. ამ პირობებში კი მუდმივად ირღვევა უსახლკარო ჯგუფების სათანადო საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური დაცვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები”.