კომენტარი

EMC: კანონპროექტი ამძიმებს სხვის საკუთრებაში შეჭრილ უსახლკაროთა მდგომარეობას

29 ოქტომბერი, 2015 • • 1491
EMC: კანონპროექტი ამძიმებს სხვის საკუთრებაში შეჭრილ უსახლკაროთა მდგომარეობას

EMC-ის მიაჩნია, რომ კანონპროექტის ახალი რედაქცია ცალსახად ამძიმებს იმ ჯგუფების მდგომარეობას, რომლებმაც უკანონოდ შეჭრის შედეგად დაიკავეს სხვისი საკუთრება. ასეთ ჯგუფებს ძირითადად სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი ოჯახები წარმოადგენენ, რომლებიც სახელმწიფოსგან მხარდაჭერის გარეშე არასაცხოვრებელ ფართში უკვე წლებია ურთულეს და უფლებაშემლახავ პირობებში ცხოვრობენ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი არა მხოლოდ უგულებელყოფს უსახლკარო ან საცხოვრისიდან გამოსახლების რისკის წინაშე მდგარი პირების მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და ვერ პასუხობს უსახლკარობასა და იძულებით გამოსახლების პროცედურასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არამედ აუარესებს მათ მძიმე უფლებრივ და სოციალურ ყოფას, რამდენადაც მათ გამოსახლებას დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს უკავშირებს.

 

EMC-ის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებითი სტანდარტი უკავშირდება სისხლისსამართლებრივ საქმის წარმოებას, რის გამოც ამგვარი ჩანაწერის გაჩენა პირდაპირ უბიძგებს სამართალდამცავებს, დაიწყონ გამოძიება სახელმწიფო/კერძო ობიექტებში შეჭრის ფაქტებზე და დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, განახორციელონ სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ, რადგან ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას.

 

გამოსახლების ამ დრომდე არსებული ნორმატიული საფუძველი და პრაქტიკა არ ეფუძნებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას და წარმოადგენდა სამოქალაქო სამართლით რეგულირებად სფეროს. შემოთავაზებული ცვლილებით კი გამოსახლების შესაძლებლობა სისხლისამარლებრივი მექანიზმების გამოყენებას პირდაპირ უკავშირდება, რითაც სახელმწიფო აცხადებს მის სადამსჯელო პოლიტიკას უსახლკარო პირების მიმართ, აცხადებს ორგანიზაცია.

 

EMC მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილება აგრძელებს სახელმწიფოს რეპრესიულ მიდგომებს, რაც სრულიად გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს არ გაუტარებია არანაირი ღონისძიება უსახლკარო პირების საცხოვრისით უზრუნველყოფის სამართლიანი და ადეკვატური მექანიზმების შესაქმნელად. მიუხედავად უსახლკარობის პრობლემის მასშტაბისა, სახელმწიფო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს და არ ადგენს უსახლკარო ჯგუფების ეფექტური სოციალური დაცვის მექანიზმებს, არ ქმნის უსახლკარობის პრევენციისა და უსახლკარო პირების საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისებს, რაც დაეფუძნებოდა უსახლკარობის შეფასების, საჭიროებების გამოვლენის, სტატუსის მინიჭების სამართლიან პოლიტიკას.


EMC  მის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უსახლკარობის მიზეზებს, გარდა ინდივიდუალური ფაქტორებისა, უმეტესად წამოადგენს სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკა ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში. სახელმწიფოს მხრიდან არაღიარების პოლიტიკის შედეგად, უფლებადარღვეული და ადეკვატური სოციალური გარანტიების გარეშე დატოვებული პირები მიმართავენ უკანონო შეჭრას, როგორც თვითდახმარების უკანასკნელ და უკიდურეს ფორმას. უსახლკარობის მიზეზებისა და ამ ჯგუფების საჭიროებების შესწავლისა და რეაგირების ნაცვლად, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებით, სახელმწიფო ცდილობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით დასაჯოს უსახლკარო პირთა შორის ყველაზე უფრო მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფები.

 

EMC მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები აგრძელებს სახელმწიფოს მიერ  უსახლკარო პირთა მიმართ არსებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულების იგნორირების პოლიტიკას, აცხადებს სახელმწიფო ინტერესის დომინირებას ინდივიდის უფლებებზე და იყენებს ღიად სადამსჯელო მექანიზმებს საზოგადოების უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. უსახლკარობის ადეკვატური სტრატეგიისა და საკანონმდებლო და სოციალური გარანტიების, გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცედურების შექმნის ნაცვლად, სახელმწიფო ცდილობს პრობლემის გადაჭრას ძალადობრივი და რეპრესიული მეთოდებით, რითაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს არაეფექტური პოლიტიკის შედეგად ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ პირებს.

 

პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა იძულებით გამოსახლების საკანონმდებლო პაკეტის ახალი ვერსია, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის მიმართ განსხვავებულად არეგულირებს გამოსახლების წესებს და სხვის უძრავ ქონებაში შეჭრილ პირებს კვლავ საპოლიციო გამოსახლებას უქვემდებარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი