ახალი ამბებისაზოგადოება

რა ჟანრის და რამდენი წიგნი იყიდება საქართველოში

31 მაისი, 2016 •
რა ჟანრის და რამდენი წიგნი იყიდება საქართველოში

27 მლნ. ლარის ღირებულების გაყიდული წიგნი, გაზრდილი საშუალო ფასი და მაქსიმალური ტირაჟი – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ორგანიზაცია „ეისითი-კვლევამ” 2013-2015 წლებში წიგნის სექტორში არსებული ვითარება შეისწავლა.

ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემებით, 2015 წელს -4 173, 2014 წ. – 2 964, 2013 წ. კი 3 745 დასახელების წიგნი გამოიცა. საშუალო ტირაჟი თითოეული დასახელებისთვის 2015წ. – 1000, 2014წ. – 575, 2013 წელს 925 ცალი.

2015 წელს საქართველოში გაიყიდა 2 469 196, 2014 წ. – 2 596 431, 2013 წ. კი 2 989 444 წიგნი.

კვლევამ აჩვენა, რომ გაყიდული წიგნებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წ. – 10 707 203, 2014 წ. – 9 361 704, 2013 წელს კი 8 153 245 ლარი შეადგინა.

გაყიდული წიგნებიდან 2015 წელს 45% მხატვრული, 20% აკადემიური/პროფესიული, 11% კი საბავშვო ლიტერატურა იყო; 2014წ. – 40% მხატვრული, 21% აკადემიური/პროფესიული, 14% საბავშვო; 2013 წ. – მხატვრული – 35%, 20% აკადემიური/პროფესიული, 14% საბავშვო.

წიგნის საშუალო ფასი 2015 წელს – 11.75 ლარს, 2014 წ. – 11.09 ლ, 2013 წ. კი 10.77 ლარს შეადგენდა.

ელექტრონულ წიგნების ბაზარზე კვლევის მონაცემებით, ოპერირებს 2 დიდი ელექტრონული წიგნების მაღაზია, ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე ახალი ვებ-გვერდი. მათ ვებ-გვერდებზე ატვირთულია დაახლოებით 3 000 ელექტრონული წიგნი, რომელთა მინიმალური ფასი 0.20 ლარი, მაქსიმალური კი 20 ლარია.

კვლევის თანახმად, ქართული ლიტერატურის და თარგმნილი ლიტერატურის შეძენის პრაქტიკა მკითხველებს შორის მსგავსია – წიგნების მკითხველების თითქმის ნახევარს (48%) ბოლო წლის მანძილზე შეუძენია ამა თუ იმ კატეგორიის ქართული ლიტერატურა, ასევე, ნახევარს (48%) შეუძენია თარგმნილი ლიტერატურა; ერთი წლის მანძილზე 6 წიგნზე მეტი თითქმის არავის შეუძენია.

2015 წლის მანძილზე შეძენილი მხატვრული ლიტერატურის ჟანრებიდან პოპულარობით რომანი (64%) და მოთხრობა (49%) გამოირჩევა. ასევე, საკმაოდ პოპულარულია ზღაპრები/თქმულებები (36%). ჰაგიოგრაფია (2%), ეპოსი (1%) და ბალადა (1%) კი ყველაზე ნაკლებად შეძინეს.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებთან შედარებით ქალბატონების გაცილებით დიდი ნაწილი კითხულობს წიგნს (ქალები – 58%, მამაკაცები – 38%), ამასთან, მამაკაცების თანაბარი ნაწილი კითხულობს მხატვრულ (22%) და არამხატვრულ (22%) ლიტერატურას, მაშინ, როცა ქალები ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას ეცნობიან (მხ. ლიტ – 42,4%, არამხატვრული – 28,3%).

როგორც კვლევამ აჩვენა, მკითხველების თითქმის ნახევარი კითხულობს მხატვრული ლიტერატურას (48% კითხულობს კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად). მკითხველების 19% აღნიშნული ტიპის წიგნებს თვეში 1-2 ჯერ კითხულობს, ხოლო 30% კი მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს 3 თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად კითხულობს.

კვლევამ მხატვრული ლიტერატურის მკითხველებში წიგნების შერჩევის კრიტერიუმები გამოავლინა. მკითხველების ნახევარზე მეტი წიგნის შერჩევისას ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციით ხელმძღვანელობს (53%). მკითხველების დიდი ნაწილი წიგნებს ავტორის მიხედვით არჩევს (44%). კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მკითხველების 25%-28% იმ წიგნს არჩევს წასაკითხად, რომლის შესახებაც (წიგნის ან ავტორის შესახებ) სმენია დადებითი შეფასებები. მკითხველების 18% იმ წიგნებს არჩევს წასაკითხად, რომლებიც მიაჩნია, რომ აუცილებლად წასაკითხია.

კვლევის მონაცემებიდან ირკვევა, რომ მხატვრული ლიტერატურის მკითხველების დიდ ნაწილს ყველაზე მეტად მოსწონს სათავგადასავლო (59%), სასიყვარულო (54%), დეტექტიური (48%) და ისტორიული (47%) კატეგორიის ლიტერატურის კითხვა.

კვლევის ფარგლებში წიგნების კატეგორიასთან ერთად ასევე გამოვლინდა ყველაზე მოსაწონი ჟანრები. მკითხველებისთვის ყველაზე მეტად მოსაწონია რომანის ჟანრის ნაწარმოებების კითხვა (89%). მკითხველების 58%-ს მოსწონს მოთხრობების კითხვა, ხოლო მესამე ადგილზე ნოველებია (32%).

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს საგამომცემლო ბაზარზე 2015 წელს არსებული გამომცემლობებიდან 12%-12% მსხვილი და საშუალო, 77% კი მცირე გამომცემლობაა, 2013-2014 წლებში ბაზრის მხოლოდ 9%-9% წარმოადგენდა მსხვილი და საშუალო, 82% კი -მცირე გამომცემლობა.

კვლევის ავტორთა განხადებით, მისი მიზანი წიგნის სეგმენტის ყველა კომპონენტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღებით წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასება, სუსტი მხარეების გამოვლენა და არსებული პრობლემების დადგენაა.

კვლევა ორგანიზაცია „ეისითი-კვლევამ” ჩაატარა. გამოკითხვაში ჩაერთნენ როგორც გამომცემლობები, დისტრიბუტორები, წიგნის მაღაზიები, ასევე, ელექტრონული წიგნების მაღაზიები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკები და მკითხველი. კვლევაში მონაწილეობდა 34 გამომცემელი და 700 მკითხველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი