ახალი ამბები

სისხლის სამართლის კოდექსში შესაძლოა ფემიციდის განმარტება შევიდეს

3 მაისი, 2016 • 2496
სისხლის სამართლის კოდექსში შესაძლოა ფემიციდის განმარტება შევიდეს

“რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის წევრები პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის განმარტების შეტანის ინიციატივით მიმართავენ. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიურომ დღეს, 3 მაისს დაარეგისტრირა.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექში” შესატანი ცვლილებების თანახმად,  გათვალისწინებულია ფემიციდის განმარტება, კერძოდ, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა. ცვლილებების შესაბამისად, ფემიციდი ცალკე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ამასთან, აღნიშნული გარემოება განიხილება, როგორც დამამძიმებელი მთელ რიგ შემთხვევებში, მათ შორის ისეთი დანაშაულების მიმართ, როგორებიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, იძულება, მუქარა.

კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 108 პრიმა მუხლი, რომლის თანახმად ფემიციდი, რომელიც არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის, ან ოჯახის სხვა წევრის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.

 იგივე ქმედება ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვანის, ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ან ჯგუფურად – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

ამასთან, იგივე ქმედება ჩადენილი ორი, ან მეტი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, ან შეკვეთით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება – მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწეოდნენ, ან ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, ქალის მიმართ გენდერული ნიშნის მიხედვით მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის, ან ოჯახის სხვა წევრის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

ხოლო ქალის მიმართ გენდერული ნიშნის მიხედვით ცემა ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ქალის მიმართ გენდერული ნიშნის მიხედვით მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშოთი ვადით ორ წლამდე, ან/და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

“კანონპროექტის მიზანია, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მვკვლელობების პრევენცია ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარების გზით, ” -აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი