ახალი ამბები

გომელაურის ცნობით, ელექტრონული სამაჯური ქალების დასაცავად 120 შემთხვევაში გამოიყენეს

20 მარტი, 2024 • 985
გომელაურის ცნობით, ელექტრონული სამაჯური ქალების დასაცავად 120 შემთხვევაში გამოიყენეს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება ცდილობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ელექტრონული სამაჯურების გამოყენების შემთხვევები მაქსიმალურად გაზარდოს.

ამის შესახებ მან დღეს, 20 მარტს, პარლამენტში „მინისტრის საათის“  ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ელექტრონული სამაჯური მოძალადეზე ზედამხედველობის სისტემაა, რომელიც საქართველომ 2020 წლის სექტემბერში დანერგა.

ელექტრონული სამაჯურების გამოყენებაზე კითხვა გომელაურს „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა დაუსვა.

„ელექტრონული სამაჯურები 2021-2022 წლებში 21 პირზე იქნა გამოყენებული, 2023 წელს კი, შესაბამისი ცვლილებების შემდეგ, აღნიშნული სტატისტიკა გახუთმაგდა. შესაძლოა, ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც არის ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის პრევენცია.  რას აპირებთ, რომ გააკეთოთ ელექტრონული სამაჯურების პრაქტიკაში კიდევ უფრო მეტად გამოყენებისთვის და მსხვერპლთა ნდობის გაზრდისთვის, რომ უფრო მეტად იყოს მათი დაცვა შესაძლებელი“, – ჰკითხა წილოსანმა გომელაურს.

გომელაურის თანახმად, ბოლო მონაცემებით, შსს-მ ელექტრონული სამაჯური 120 შემთხვევაში გამოიყენა.

„ბოლო წლებში მოიმატა [ელექტრონული სამაჯურის გამოყენების შემთხვევებმა]. რომ იყო 10 და 15 შემთხვევები, 120-ზე ავედით ამ ელექტრონულ სამაჯურზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მეტად ავუხსნათ და მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა აღარ მოხდეს ოჯახში ძალადობა და ა.შ.“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ქალთა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაზე შს მინისტრს კითხვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემაც დაუსვა.

ხატია დეკანოიძემ ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, როგორია ძალისხმევა და რესურსები ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირებისა და პრევენციის კუთხით და ასევე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მიმართ პრევენციისთვის რა ახალი  მიმართულებები დაგეგმა სამინისტრომ.

„ნამდვილად ბევრს ვაკეთებთ და  მზად ვართ, თუ რამე შეგვიძლია, ახალი დავნერგოთ [ფემიციდის წინააღმდეგ], ვმუშაობთ როგორც არასამთავრობოებთან, ასევე ჩვენს პარტნიორებთან. სკოლებში ტარდება პოლიციის შეხვედრები არასრულწლოვანების მიმართ [ძალადობაზე]… სამწუხაროდ, [ფემიციდის] შემთხვევა 5 ფაქტით არის მომატებული 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით. 1 ფაქტიც რომ იყოს, ძალიან ცუდია და, ალბათ, ერთობლივად ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ შევხვდეთ და ვიმუშაოთ, თუ რამე იდეები გაქვთ…

სამწუხაროდ, რეგიონებში უფრო ხშირად ხდება ხოლმე. ქვემო ქართლი ერთ-ერთი მოწინავეა ფემიციდის კუთხით და აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ხატია დეკანოიძის პასუხად.


ელექტრონული სამაჯური მოძალადეზე ზედამხედველობის სისტემაა, რომელიც საქართველომ 2020 წლის სექტემბერში დანერგა.

თუ ძალადობის რეალური საფრთხე არსებობს, მოძალადეს სხეულზე უმაგრდება ელექტრონული სამაჯური, ხოლო მსხვერპლს ეძლევა მობილური ტელეფონის მსგავსი პატარა აპარატი. პოლიცია აკონტროლებს, რომ აპარატები არ დაჯდეს. სამაჯურისა და აპარატის მუშაობის მექანიზმი მარტივია: თუ მოძალადე მსხვერპლს მიუახლოვდება, ამის შესახებ პოლიცია მალევე შეიტყობს.

თუ მოძალადე მსხვერპლთან 500 მეტრის რადიუსში აღმოჩნდა, აპარატი ავტომატურად აცნობებს 112-ს, ხოლო 100 მეტრის რადიუსში მიახლოება დარღვევად ითვლება. თავდაპირველად პოლიცია უკავშირდება პოტენციურ მოძალადეს და აფრთხილებს, რომ მსხვერპლს უახლოვდება და ზონა უნდა დატოვოს. თუ მოძლადე გააგრძელებს მოძრაობას, პოლიცია გააფრთხილებს მსხვერპლს და დაიწყებს მოქმედებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი