ახალი ამბები

ქართველ კაცს ცოლის მკვლელობისთვის პოლონეთში სამუდამო მიუსაჯეს

11 მარტი, 2024 • 1214
ქართველ კაცს ცოლის მკვლელობისთვის პოლონეთში სამუდამო მიუსაჯეს

პოლონეთში, ქალაქ ლოძის საქალაქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც 2022 წლის მაისში ცოლი მოკლა. გარდა ამისა, მას სამი არასრულწლოვანი შვილიდან თითოეულისთვის 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას ქალთა უფლებადამვცელი ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს.

“სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი და ამის ძირითადი მტკიცებულება ქალსა და თამარ ლუკავას [“საფარის” იურისტი] შორის შემდგარი მიმოწერა იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოების დროული მოქმედების შემთხვევაში, ეს ფატალური შედეგი არ დადგებოდა.

ძირითადი სასჯელის გარდა, დამნაშავეს როზეტას არასრუწლოვანი შვილებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თითოეულისთვის დაახლოებით 50 000 ევროს (200 000 პოლონური ზლოტი) ოდენობით”, — აცხადებენ “საფარში”.

მსჯავრდებული კაციც და მოკლული ქალიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. “საფარის” ინფორმაციით, კაცი ქალზე სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

ქალმა დასახმარებლად “საფარს” მიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმის კურსში ჩააყენეს როგორც ქართული, ისე პოლონური სამართალდამცავი ორგანოები. პოლონური პოლიცია ოჯახში სამჯერ იმყოფებოდა, ბოლოს კაცი დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში ისევ გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ სახლში დაბრუნებულმა კაცმა ცოლი მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა.

“საფარმა საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა, მათ შორის, შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს საელჩო პოლონეთში, რომელთა ჩართულობითაც პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაეწყოთ ოჯახში სისტემატური ძალადობის საქმის გამოძიება, ხოლო თარჯიმნის მომსახურებას საელჩო უზრუნველყოფდა.

მიუხედავად საფარის აქტიური ჩართულობისა და დაუყოვნებლივი მოქმედების მოთხოვნისა, სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართავი მუშაობის გამო, ქალზე სისტემატურად მოძალადე კაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და პოლონეთის საგამოძიებო ორგანო კაცისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებით შემოიფარგლა. შედეგად, კაცი სახლში დაბრუნდა და 2022 წლის 24 მაისს ქალი სახლში მარტო ყოფნის დროს მოკლა, შემდეგ კი კვალის დასაფარად საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა”, — ვკითხულობთ “საფარის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საფარმა” საქმის წარმოება პოლონეთში გააგრძელა. ამისთვის ორგანიზაცია პოლონეთში მომუშავე ფინურ უფლებადამცველ ორგანიზაციას, “ჰელსინკის ფონდი ადამიანის უფლებებისთვის” დაუკავშირდა. ფონდის იურისტი, იაროსლავ იაგურა საქმეს პოლონეთის პროკურატურასა და ლოძის სასამართლოში თითქმის ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა.

მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში, “საფარის” ძალისხმევით, მოკლული ქალის სამი არასრულწლოვანი შვილი სამშობლოში, დედის მშობლების ოჯახში დაბრუნდა. ორგანიზაციის იურისტი ამ დრომდე მუშაობს იმისთვის, რომ ბავშვებზე მეურვეობა ბებიამ, მოკლული ქალის დედამ მიიღოს.

გარდა ამისა, “საფარი” “ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდთან ერთად” აგრძელებს მუშაობს იმისთვის, რომ პროფესიული გულგრილობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ სამართალდამცველებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ქალის გადარჩენა მაშინ, როცა ძალადობის შესახებ მკვლელობამდე მინიმუმ რამდენიმე დღით ადრე იცოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი