ახალი ამბები

კვირიკაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა კორექტირებას საჭიროებს

15 აპრილი, 2016 • 2139
კვირიკაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა კორექტირებას საჭიროებს

“ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები უზრუნველყონ ჯანდაცვის მომსახურებით, არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 15 აპრილს, ტელეწამყვანებთან შეხვედრისას გააკეთა.

კვირიკაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა არის ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც მისმა გუნდმა განახორციელა. თუმცა, როგორც პრემიერი მიიჩნევს, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა საჭიროებს კორექტირებას.

“ნებისმიერი რეფორმა დროთა განმავლობაში საჭიროებს კორექტირებას. ასეთი კორექტირებები აუცილებელია ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმისთვის – იმისათვის, რომ თითოეული დახარჯული თეთრი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მიდის ჩვენი მოქალაქეებისგან ჯანდაცვაზე, იყოს უფრო ეფექტურად გამოყენებული. უფრო ეფექტურად, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ მათ, ვისაც უფრო მეტი საჭიროება აქვთ, მიიღონ უფრო მეტი და თვითონ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ჯანდაცვის უზრუნველყოფის საკუთარი შესაძლებლობები, მიიღონ შედარებით მოკრძალებული პაკეტი,” – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილს მაგალითად საკუთარი თავი და სხვა მინისტრები მოჰყავს, რომლებიც, მისი თქმით, არ უნდა სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანდაცვით და ამას საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ.

“მე შემიძლია გითხრათ, რომ მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. ვფიქრობ, მინისტრები საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ ამას. დღეს მე მაქვს კერძო ჯანდაცვის პაკეტი და არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც საკმარისი შემოსავლები გააჩნიათ. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს თამასა ჩვენ დავწიოთ ძალიან. პირიქით, თამასა ძალიან უნდა იყოს აწეული, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები უზრუნველყონ ჯანდაცვის მომსახურებით, არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა. ჩემი აზრით, ეს არის უფრო სწორი. მეორე მხრივ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საშუალო და ნაკლები შემოსავლების მქონე ადამიანებზე უფრო ინტენსიური ჯანდაცვის პაკეტი გვქონდეს, ვიდრე დღეს გვაქვს,” – ამბობს პრემიერი.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა, ხოლო იმავე წლის 1 ივლისიდან პროგრამა უფრო გაფართოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი