ახალი ამბები

რა არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი – სამინისტრომ დოკუმენტის განახლებული პროექტი შეიმუშავა

26 თებერვალი, 2024 • 611
რა არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი – სამინისტრომ დოკუმენტის განახლებული პროექტი შეიმუშავა

განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი გამოაქვეყნა. უწყებაში ამბობენ, რომ დოკუმენტი დამტკიცებამდე გადაეგზავნება სკოლებს მათგან უკუკავშირის მისაღებად. გარდა ამისა, განმარტავენ, რომ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან მიიღებენ.

26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საკუთარი მოსაზრებები სამინისტროს გაუზიაროს ოფიციალური ელ-ფოსტის საშუალებით: pr@mes.gov.ge

მას შემდეგ, რაც სამინისტრო დოკუმენტის საბოლოო ვერსიას შეიმუშავებს, მას მთავრობა განიხილავს. მთავრობის შემდეგ კი დოკუმენტი დასამტკიცებლად პარლამენტს გაეგზავნება.

რა წერია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტში?

სამინისტროს მიერ შემუშავებულ პირველად ვერსიაში ვკითხულობთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზანია, განათლების სისტემამ უზრუნველყოს “პიროვნული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე, ღირსეული ცხოვრებისათვის მომზადებული კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა და ვალდებულებები, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის არსი, მუდმივ ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადეკვატური ჩართულობის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარებისა და სამშვიდობო თანაცხოვრების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოქმედება”.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია:

  1.  ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;
  2. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;
  3. დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მატარებელი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს სახელმწიფოებრიობასთან, პატრიოტიზმთან და საკაცობრიო იდეალებთან;
  4. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნით აღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც არა მხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ;
  5. დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მისაღებად მომზადებული, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების სფეროების უწყვეტი განვითარების უნარის მქონე მოქალაქის აღზრდა;
  6. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მატარებელი და დამცველი პიროვნების აღზრდა;
  7. ფიზიკური, შემეცნებითი, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით, ინდივიდებთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;
  8. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ‘ციფრული მოქალაქეობის’ უნარის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც ყოველდღიურად შეძლებს ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების ეფექტიან გამოყენებას საკუთარ ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და შემოქმედებით საქმიანობაში;
  9. ეკოლოგიური ცნობიერების მქონე, გარემოზე მზრუნველი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება და მოქმედება დაუკავშიროს პიროვნულ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ განვითარების რაციონალურ მიზნებს.

“სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ მან შექმნას ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და აქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული და ორიენტირებული გარემო”, – წერია სამინისტროს მიერ შემუშავებლ დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი