26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი კოალიციებიდან ერთ-ერთია “ძლიერი საქართველო” (საარჩევნო ნომერი #9). ის ოთხ პოლიტიკურ სუბიექტს აერთიანებს: პარტიები – “ლელო”, “მოქალაქეები” “ანა დოლიძე – ხალხისთვის”, ასევე, პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი”.
წინასაარჩევნოდ კოალიციას შეუერთდნენ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. პარტიის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს ასევე ყოფილი პოლიტიკოსი, დავით გამყრელიძე.
კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა აერთიანებს მასში შემავალი სუბიექტების მიერ აქამდე გახმიანებულ არაერთ ინიციატივასა თუ ხედვას. მათ შორისაა, “მარშალის გეგმა” და “საქართველოს დაცვის აქტი“. კოალიციაში აცხადებენ, რომ დაიცავენ პრეზიდენტის “ქართული ქარტიით” განსაზღვრულ პრინციპებსაც. გარდა ამისა, კოალიციის საარჩევნო პროგრამა მოიცავს კონკრეტულ დაპირებებსა და ხედვებს სხვადასხვა სფეროს რეფორმების შესახებ.
“ნეტგაზეთმა” მოკლედ შეაჯამა “ძლიერი საქართველოს” წინასაარჩევნო გზავნილები.
კოალიციის სამი ძირითადი დაპირება ასეთია:
- ევროპული მომავალი;
- 200 000 სამუშაო ადგილი, ღირსეული ხელფასით;
- 1000-ლარიანი პენსია;
1. ევროკავშირის წევრობა
“ძლიერი საქართველოს” მთავარი დაპირება და პრიორიტეტი ქვეყნის ევროინტეგრაციაა. მათი ყველა სხვა დაპირება ქვეყნის ევროპული გზის პერსპექტივიდან გამომდინარეობს. კოალიცია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს. ამისთვის ისინი აპირებენ, ზედმიწევნით შეასრულონ ის 9 პირობა, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის.
როგორ წარმოუდგენია “ძლიერ საქართველოს” ევროკავშირში უსწრაფესად გაწევრიანება? კოალიციაში ამის წინაპირობად მიიჩნევენ სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმასა და კორუფციის აღმოფხვრას. ამ საკითხებზე მუშაობას ისინი პრეზიდენტის “ქართული ქარტიის” პრინციპების შესაბამისად აპირებენ, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი თითქმის ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას.
საქართველოს დაცვის აქტი
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პარალელურად, იგეგმება მუშაობა “კრემლის გავლენების შესამცირებლად” საქართველოში. ამ გეგმის განხორციელებას კოალიცია “საქართველოს დაცვის აქტით”ფიქრობს. აქტი გულისხმობს 9 კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას რუსული “რბილი ძალის” შესამცირებლად. მათ შორისაა პირდაპირი ფრენების აკრძალვა, მიწის მიყიდვის აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებზე, რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა და ა.შ.
გასულ წელს აქტით განსაზღვრული დებულებები რეზოლუციის სახით წარედგინა პარლამენტს. ბიურომ მას მხარი არ დაუჭირა. “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებდნენ, რომ მას უარყოფით გავლენა ექნებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე.
“ჩვეულებრივი მათემატიკური საკითხია, რომ თუკი იქნება ეკონომიკური ხასიათის გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები, ამას გავლენა ექნება”, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მოგვიანებით ინიციატივა გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მან თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებზე შეერთება საქართველოს ეკონომიკის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს.
“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ეკონომისტი თაზო დათუნაშვილი ირწმუნება, რომ კომპლექსური მიდგომისა და სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებისგან ისე გათავისუფლება, რომ ამან მოქალაქეთა კეთილდღეობაზე არ იმოქმედოს.
“მაგ [“ქართული ოცნების”] ლოგიკის ჯაჭვს თუ გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ საქართველოს რუსეთის იქით გზა არ აქვს. თურმე, ქართული ეკონომიკა ვერ იარსებებს რუსეთის გარეშე. საქართველოს ეკონომიკა აპრიორი არ არის დამოკიდებული რუსეთზე, თუ მას არ გახდი დამოკიდებულს რუსეთზე. დღეს საქართველო სრულად დამოკიდებულია რუსეთის ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე, საწვავის თვალსაზრისით – უმრავლეს შემთხვევაში, ქართული ღვინის მთავარი ბაზარი რუსეთია, მარგანეცისთვისაც. კატასტროფაა ქართული ეკონომიკისთვის რუსეთზე ჩამოკიდება. “საქართველოს დაცვის აქტის” მიზანია ამ გავლენების შემცირება.
სტრატეგიული პროდუქტებით არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე. ის, რომ სხვა ბაზრებიდან შეიძლება ამ პროდუქტების მოძიება, ცალსახაა. ეკონომიკა ისეთი რთული პროცესია, სადაც დროებითი ეფექტები დიდ სურათს არ ცვლის. ჩვენი მიზანია ამ საკითხისადმი სისტემური მიდგომა. აქ საუბარი არ არის უსაფუძვლო და არასერიოზულ ქმედებებზე. გადასვლა [რუსეთის ბაზრიდან] თუ სწორად იქნება დაგეგმილი – და ჩვენ შეგვიძლია ეს სწორად დავგეგმოთ – არავითარ შემთხვევაში, არაფერი იქნება შემაფერხებელი. თუნდაც, დროებითი უარყოფითი ეფექტები. ახალი ბაზრების მოძიება შეიძლება აშინებდეს მხოლოდ იმ ბიზნესს, რომელიც მიჩვეულია რუსული ბაზრის კორუფციულ მიდგომებს”, – განმარტავს დათუნაშვილი.
2. 200 000 სამუშაო ადგილი და მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრა
“ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის გამო ქვეყანაში არის შესაძლებელზე 200 000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი. ამიტომ, გეგმის განხორციელება სწორი პოლიტიკით, მარტივად წარმოუდგენიათ.
“ეს არის ის სამუშაო ადგილები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით უნდა აღდგეს ამ ქვეყანაში. თუ თქვენ შეხედავთ ბოლო წლების პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ის ძირითადად მოდის აქ არსებული კომპანიების რეინვესტირებაზე. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ვითარდება სტრუქტურულად სწორად. ამის გამოა, რომ ჩვენ სამუშაო ადგილების დეფიციტი გვაქვს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თაზო დათუნაშვილმა.
მისი გათვლებით, 200 000 სამუშაო ადგილის შესაქმნელად დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა საჭირო, რისი გეგმაც კოალიციის ეკონომიკურ გუნდს აქვს. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის აღნიშნავენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მსგავს მეგაპროექტების ხელშეწყობას. მაგალითად, ლოჯისტიკური და ფინანსური ცენტრის აშენება ქუთაისში, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნა და განვითარება და ა.შ.
კოალიციის თანახმად, ახალი სამუშაო ადგილები თავისთავად გულისხმობს მათ ღირსეულ ანაზღაურებას – “ძლიერი საქართველო” აპირებს შეიმუშაოს მინიმალური ხელფასის რეფორმა, რომლის გამოთვლის მოდელსაც საზოგადოებას მოგვიანებით შესთავაზებენ. გარდა ამისა, “ძლიერი საქართველო” ყველა სტუდენტს უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ჰპირდება ანაზღაურებად სტაჟირების შესაძლებლობას საკუთარი პროფესიით.
თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება, ძლიერი კერძო სექტორი და სამუშაო ადგილების შექმნა ხელს შეუწყობს იმ ემიგრანტების დაბრუნებას ქვეყანაში, რომლებიც სწორედ სამუშაოს საძებნელად წავიდნენ უცხოეთში.
3. 1000-ლარიანი პენსია
“ძლიერი საქართველო” პენსიონერებს პენსიის 1000-ლარამდე ზრდას ჰპირდება. ეს ამ კოალიციის ყველაზე ხმაურიანი დაპირებაა, რომლის გამოც მათ კრიტიკა არაერთი ოპონენტისაგან დაიმსახურეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემებით, ასაკობრივ პენსიას ქვეყანაში 838 100 ადამიანი იღებს. სახელმწიფო ბიუჯეტის 2025 წლის პროექტით ქვეყანას პენსიაზე დაახლოებით 4.4 მილიარდის დახარჯვა უწევს. თუ პენსია 1000 ლარი გახდება, გამოდის, რომ მას გაორმაგება, ანუ თითქმის 9 მილიარდის დახარჯვა მოუწევს. ჩნდება კითხვა: რა სახსრებით?
კოალიციაში აცხადებენ, რომ ამას ბიუროკრატიის შემცირებით, კორუფციის აღმოფხვრით, აზარტული თამაშების სფეროს უფრო მეტად დაბეგვრით (ამჟამად 15%-ით იბეგრება), საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯების შემცირებით გამოთავისუფლებული ფულით აპირებენ.
თაზო დათუნაშვილის გათვლებით, პენსიის 1000 ლარამდე გასაზრდელად, წლიურად, დამატებით დაახლოებით 5 მილიარდია საჭირო. ამ თანხის ნაწილს, რომლითაც პენსიები პირველ ეტაპზე 300-400 ლარით გაიზრდება, ბიუროკრატიის შემცირებითა და აზარტული თამაშების ბიზნესის დაბეგვრით ვარაუდობს. მისი თქმით, ეს უკვე შესაძლებელი იქნება ხელისუფლების გადაბარებიდან 1 წლისთავზე. დაპირების ბოლომდე შესრულება – ანუ პენსიის 1000-ლარამდე ზრდა კი მაქსიმუმ 3 წლის ვადაში მოხდება.
“პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ ჩაგვბარდება ეკონომიკური ბლოკი და ავიღებთ მართვის პასუხისმგებლობას, დავიწყებთ მუშაობას პენსიების ზრდის საკითხზე. პირველი და მყისიერი ქმედებები შეიძლება იყოს ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება, რომელსაც არ უნდა დიდი სტრუქტურული ცვლილებები და რეფორმები, მარტივად მიღწევადია ეკონომიის გაკეთება პირველ საბიუჯეტო წელსვე. მეორე ასეთი მდგენელი არის სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება არის, რომ ის მოსაკრებელი, რაც აქვს დღეს საქართველოში სათამაშო ბიზნესს, რომელიც არის სადღაც 15%-ის ფარგლებში, გაიზარდოს 25%-მდე.
პირველი 300-400 ლარის მატება შესაძლებელია უკვე პირველივე წელს. ხოლო შემდეგ, უკვე ეტაპობრივად, ყოველწლიურად შეიძლება ამის გაკეთება და სამი წლისთავზე უკვე შესაძლებელი არის, რომ სრულფასოვნად 1000 ლარი იყოს პენსია. ამას გეუბნებით დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლების პირობებში. თუ ჩვენი პროგრამა დანარჩენ ნაწილში, რაც ეხება ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესგარემოს გაჯანსაღებას, მოვახერხეთ – და ეს მოხერხებადია – ბევრად უფრო სწრაფი ტემპებით შეიძლება იყოს ზრდა და მაქსიმუმ 2 წელიწადში ჩავეტიოთ”, – განმარტავს დათუნაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
თუმცა აქ არსებობს ერთი მაგრამ- “ძლიერი საქართველო” ხელისუფლებაში უდიდესი ალბათობით უმრავლესობით ვერ მოვა. არცერთი კვლევა, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩატარდა, კოალიციის გამარჯვებას არ პროგნოზირებს. საუკეთესო შემთხვევაში, მას სხვა პარტიებთან/კოალიციებთან ერთად მოუწევს სახელისუფლებო ძალაუფლების განაწილება. შესაბამისად, ნაკლებად რეალისტურია, “ძლიერ საქართველოს” კომპრომისების გარეშე, დამოუკიდებლად მიეცეს მისი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა.
ჩვენ დათუნაშვილს ვკითხეთ, რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ჩაბარდებათ ეკონომიკური ბლოკი და ხომ არ არსებობს რაიმე შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის სავარაუდო კოალიციური მთავრობის პირობებში სამთავრობო მანდატების გადანაწილების შესახებ. დათუნაშვილი მსგავს შეთანხმებას არ ადასტურებს, თუმცა ამატებს, რომ “ძლიერ საქართველოს” ჰყავს ეკონომისტთა ძლიერი გუნდი, რომელსაც კოალიციურ მთავრობაში ამ მიმართულების ჩაბარება თავისუფლად შეუძლია.
რაც შეეხება კითხვას, კოალიციური მთავრობის კონფიგურაციაში როგორ წარმოუდგენიათ, რომ სხვა პარტიებთან მოახერხებენ შეთანხმებას იმაზე, მათი პროგრამული საკითხები იყოს ასახული საერთო პროგრამაში, ის ამბობს:
“ნებისმიერ კონფიგურაციაში “ძლიერი საქართველო” დაიცავს თავის პროგრამას. ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა ის კი არ არის, რომ “ძლიერი საქართველო” აუცილებლად ხელისუფლებაში მოვიდეს, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ის რეფორმები, რომლის გამოც ამომრჩეველი ხმას მოგვცემს, დავიცვათ. არგუმენტებით დავუმტკიცოთ ყველას, ვისთან ერთადაც შეიძლება აღმოვჩნდეთ ჰიპოთეტურად კოალიციაში, რომ ის, რაც გვიწერია ჩვენ პროგრამაში, ეს არის ყველაზე სწორი. ამ ბუნებრივ ქცევას ველოდები სხვებისგანაც. კოალიცია, ხომ ეს არის?! ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმები, ჩვენ უნდა დავდოთ ჩვენი ვერსიები რაღაც საკითხების გადაჭრის და მერე ამაზე კონსენსუსს მივაღწიოთ”, – აცხადებს თაზო დათუნაშვილი.
ამ დაპირებებს შესრულებას “ძლიერი საქართველო” აპირებს “ილიას გზით, მარშალის გეგმით!” სწორედ ეს არის კოალიციის საარჩევნო პროგრამის სლოგანი.
ილიას გზა გულისხმობს საქართველოს განვითარების თანამედროვე, ევროპულ ხედვას, რომელიც დაფუძნებული იქნება ქვეყნის ფუნდამენტურ ფასეულობებზე. რაც შეეხება მარშალის გეგმას, ეს არის ხედვა იმისა, თუ როგორ წარმოუდგენია კოალიციას ეკონომიკის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით.
თაზო დათუნაშვილი განმარტავს, რომ კოალიციამ განაახლა “მარშალის გეგმა”, რომელიც პარტია “ლელომ” ჯერ კიდევ 4 წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წარადგინა. სწორედ ეს იქნება მათი საარჩევნო პროგრამის, “ილიას გზის” ეკონომიკური მიმართულება.
“ჩვენ საარჩვენო პროგრამას არ ვუდგებით პოპულისტურად და ერთი საარჩევნო ციკლისთვის. თავის დროზე, 4 წლის წინაც, ბევრ ეკონომისტთან და კერძო სექტორის ტოპ მენეჯერთან ვიმსჯელეთ, როგორი უნდა ყოფილიყო ეკონომიკური გეგმა. ის ძირითადი სტრუქტურული და სისტემური ცვლილებები და რეფორმები, რომლებიც ქართულ ეკონომიკას სჭირდება, სამწუხაროდ, 4 წლისთავზე, ამ გამოწვევების უმრავლესობა იგივეა. ბევრი გამოწვევა კიდევ უარეს მდგომარეობაშია დღეს. ამიტომ ვთვლით, რომ ის, რაც გვეწერა ამ გეგმაში, აუცილებლად უნდა გაგვემეორებინა, გაგვეუმჯობესებინა, სოციალური მდგენელი დაგვემატებინა და განახლებული წარმოგვედგინა ჩვენი ამომრჩევლისთვის”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
გარდა ამ საკითხებისა, “ძლიერი საქართველოს” “ილიას გზა” მოიცავს ხედვებს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარების, გარემოს დაცვის, საგარეო პოლიტიკისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმის, ადამიანისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის შესახებ. დოკუმენტის სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.