ახალი ამბები

როგორ გეგმავს “ლელო” საქართველოს განვითარებას – “მარშალის გეგმა”

5 სექტემბერი, 2020 • 1957
როგორ გეგმავს “ლელო” საქართველოს განვითარებას – “მარშალის გეგმა”

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, პარტიის “მარშალის გეგმის” – საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის” პრეზენტაცია გამართა. ეს გეგმა საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციაზე “ლელოს” იდეებსა და დაპირებებს მოიცავს.

გეგმის პრეზენტაცია მამუკა ხაზარაძემ დღეს, 5 სექტემბერს გამართა და მას ესწრებოდნენ დიპლომატები, ელჩები, ქართველი ექსპერტები, ჟურნალისტები, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

“ლელოს” სტრატეგიული დოკუმენტის მთავარი მესიჯებია:

  1. ძლიერი საშუალო ფენა. 600 000 ადამიანი 3 000 ლარზე მეტი თვიური შემოსავალით და 200 000 ახალი სამუშაო ადგილი;
  2. გლეხი ძლიერ ფერმერად და არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში;
  3. არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე ;
  4. გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას და ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება;
  5. სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს კერძო სადაზღვეო კომპანიის ჩართულობით;
  6. მეტი ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან.

პრეზენტაციაზე ასევე განხილული იყო „ლელოს“ მოდელი 3.2.1, რომელიც გულისხმობს 3 მილიარდიან საგარანტიო ფონდს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, 1 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიებისთვის.

მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა საქართველოში საფონდო ბირჟის დაფუძნების მნიშვნელობაზეც, რის შედეგადაც სახელმწიფო ლიცენზირებული კომპანიების აქციების 20%-ის განთავსება საფონდო ბირჟაზე სავალდებულო იქნება. როგორც “ლელოს” ლიდერმა თქვა, სახელმწიფო  საწარმოების პრივატიზება მოხდება საფონდო ბირჟის  მეშვეობით და თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, გახდეს  საწარმოების თანამფლობელი. გარდა ამისა, „ლელოს“ თავმჯდომარემ  საერთაშორიო არბიტრაჟის დაფუძნებაზეც ისაუბრა.

“ლელოს” განცხასდებით, საქართველოში ყოველი  მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. პარტიის განცხადებით, ეს არის დღეს საქართველოს რეალობა, რის  შეცვლასაც  “ლელო”საკუთარი გეგმით აპირებს და პრეზენტაციის მსვლელობისას ხაზარაძემ პარტიის მისიაზე ისაუბრა, თუ სად არის დღეს ქვეყანა და სად უნდა იყოს.

“ლელოს” განცხადებით, მათი მიზანია ძლიერი საშუალო ფენის შექმნა, 4 წელიწადში ანაკლიის პორტის, რკინიგზის მოდერნიზებისა და სხვა მეგაპროექტების დასრულება, სარწყავი და სასმელი წყლით ყველა სოფლის უზრუნველყოფა, ინტერნეტიზაცია და ა.შ.

ხაზარაძის თქმით, შემოიღებს სავალდებულო სახლემწიფო დაზღვევას კერძო კომპანიების ჩართულობით, დაინერგება დისტანციური სწავლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების შვილებისთვის. მისივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდება ქალებისა და კაცების შრომის თანაბარი ანაზღაურებაზეც.

მისივე დაპირების მიხედვით, ახალგაზრდებისთვის გარანტირებული უნდა იყოს ანაზღაურებადი სტაჟირება 6 თვით სწავლის დასრულებისთანავე, ასევე “პირველი სახლი” – 100 მილიონი ლარი ყოველწლიურად ახალგაზრდა ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის. ასევე, ახალგაზრდებისთვის უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 50%-იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებსა, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში.

მამუკა ხაზარაძისვე თქმით, “ლელოს” მიზანია საქართველოს სწრაფი ინტეგრირება NATO-სა და ევროკავშირში. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, “ლელო” გაატარებს ემიგრანტების დაბრუნების და ემიგრაციაში იძულებით წამსვლელთა რიცხვის შემცირების პოლიტიკას, შექმნის წარმატებულ ემიგრანტთა – მეცნიერთა და ბიზნესმენთა – მუდმივმოქმედ საბჭოს. ემიგრაციიდან დაბრუნებულთათვის შეიქმნება სპეციალური პროგრამები და დაწესდება შეღავათები.

მასალების გადაბეჭდვის წესი