„ოცნების ხელისუფლება“ – ამ და მსგავსი ტერმინების გამოყენების გამო ტელეკომპანია „ფორმულა“ შესაძლოა დაჯარიმდეს ან ლიცენზია შეუჩერდეს.
ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ხვალ, 17 ივლისს, იმსჯელებს.
ბოლო ოთხ თვეში ეს იქნება მესამე შემთხვევა, როცა კომუნიკაციების კომისია მის მიერ ჩატარებული პერიოდული მედიამონიტორინგის საფუძველზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლის დარღვევას განიხილავს, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება.
„მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა ამჯერად „ფორმულას“ ეთერში 15 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად დაამონიტორინგა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ – მე-5 პუნქტი დაარღვია.
ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მიმართ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქების მაგალითებით დასაბუთებისას დეპარტამენტი მოხსენებით ბარათში უთითებს, რომ „ფორმულა“ სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“, „რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“, – ნათქვამია „ფორმულას“ განცხადებაში.
რატომ ემუქრება „ფორმულას“ ლიცენზიის შეჩერება?
მიმდინარე წლის აპრილში კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და მასთან ერთად ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის მიზეზით წერილობით გააფრთხილა. მაშინ კომისია ამტკიცებდა, რომ მათი მონიტორინგის შედეგად, თებერვალი-მარტის პერიოდში, კანონის დარღვევის 20 ფაქტი გამოვლინდა, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას – კერძოდ, ახალი ამბების პირადი მოსაზრების/დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას. ამასთან, კომკომი ამბობდა, რომ დაფიქსირდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევაც, სადაც წარმოდგენილი იყო ერთი მხარის პოზიცია.
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ 2500 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებელი მას მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევას ედავებოდა. კონკრეტულად, კომისიაში ირწმუნებოდნენ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებს ტელევიზიის ჟურნალისტები და წამყვანები „პირადი დამოკიდებულების საფუძველზე“ აშუქებდნენ.
ვინაიდან „ფორმულა“ 2 თვის წინ კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო უკვე დააჯარიმა 2500 ლარით, ახლა შემდეგი სანქცია შესაძლოა ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერება იყოს.
ამას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კანონის ამ ჩანაწერის თანახმად:
„მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად“.
შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები 2025 წლის 1 აპრილს ამოქმედდა. 2025 წლის 1 ივნისამდე მაუწყებლების მიმართ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავდა, თუმცა კანონით გათვალისწინებულ სანქციებს არ იყენებდა.
არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წელს შესულ ცვლილებებს და საქართველოს ხელისუფლებას მისი გადახედვის ან გაუქმებისკენ მოუწოდებს.
