საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს საზოგადოებას წარუდგინა გეგმა, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომელიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან.
პრეზიდენტის თქმით, „ქართული ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის:
„შევადგინე და წარმოგიდგენთ ამ ქართულ ქარტიას. მას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულების და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა რომლისთვისაც საჭიროა სხვანაირი ერთობა პარლამენტი არჩევნები და მთავრობა“ — ამბობს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილის თქმით, სხვანაირი ერთობა — გულისხმობს ერთობას ერთიანობის გარეშე. ზურაბიშვილის თქმით, ერთობა იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ თანხმობა — ამ ქარტიის ირგვლივ და არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს:
„პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა როგორი იქნება და სტრატეგია როგორი იქნება ეს მე არ მეხება,“ — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა არ იძლევა შესაძლებლობას რომ პარტიებმა სარჩევნო კომპანია ტრადიციულად აწარმოონ და ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამები შესთავაზონ. მისი თქმით, ამ არჩევნებზე ხალხმა უნდა აირჩიოს არა ვის ირჩევს, არამედ — რას ირჩევს:
„რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას გვინდა თუ არა ევროპა და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, ამ ქარტიას და ე.ი ევროპულ მომავალს ვაძლევთ ხმას,“ — ამბობს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ პარლამენტის მთავარი მიზანი ამ ევროპული გეგმის შესრულება უნდა იყოს, რომელიც „ქართული ქარტიით“ ნაკისრ ვალდებულებებს მოიცავს რის შემდეგაც ახალ და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები:
„ეს მოკლე ვადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკებს და მათ შორის რომელიმე პარტიას რომ არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება“ — აღნიშნავს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „სხვანაირი მთავრობაც“ სრულიად ახალი მოდელს გულისხმობს, რომელშიც მთავრობა არ იქნება დაკომპლექტებული პოლიტიკური პარტიებისგან, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებით. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნულზე კონსულტაციები პრეზიდენტთან უნდა გაიმართოს:
„ეს არის გზა რომელიც არის მშვიდობიანი და უაღრესად ევროპული. განსხვავებულ აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანში და არა რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავალია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ დავიცვა ეს გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების გზა. ამავე დროს ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეთეებამდე რასაც დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა გვთავაზობს. ეს ნიშნავს რომ ვუბრუნდებით ჩვენს კონსტიტუციით გაცხადებულ საგარეო კურსს,“ — ამბობს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა და ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტის განცხადებით, ნაბიჯები ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ქარტიის“ პუნქტები ასე გმაოიყურება:
- გაუქმდება ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონები.მათ შორის, რუსული კანონი, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები, მოსმენების კანონი, ოფშორის კანონი და სხვა. ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამნისტია.
- მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა მის მიმართ. სასამართლოსგათავისუფლება კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების დაუსაბუთებელი ქონების შემოწმების გზით. პრეზიდენტის თქმით, ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია.ამასთან, ზურაბიშვილი ამბობს, რომ შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს. პრეზიდენტის თქმით, შემოწმება შეეხება ასევე ყველა ახალ მოსამართლეს.ზურაბიშვილის გეგმის მიხედვით, სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას. ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, სრულფასოვნად ამოქმედდება საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს პოლიტიკური გავლენები. გარდა ამისა, „ქარტიის“ მიხედვით, მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება.ამასთან, პრეზიდენტი ამბობს, რომ გაძლიერდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატი და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც. ზურაბიშვილის გეგმა ასევე მოიცავს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმას.
„ქართული ქარტიის“ მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება. კერძოდ, ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საბჭოს ჩამოერთმევა დისციპლინური სამართალწარმოების უფლება რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია. ამასთან, მას ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არცევის უფლება და იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება.
პრეზიდენტის თქმით, უზენაესის მოსამართლეების შერჩევის წესიც შეიცვლება. მისი თქმით, საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს სიას და სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს რომელიც აირჩევს მათ. საბჭოს წევრებს კი აეკრძალებათ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება და ორჯერ არჩევის შესაძლებლობა. პრეზიდენტის თქმით, საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.
- სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი კვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით. საპროკურორო საბჭო კი გაძლიერდება.
- პრეზიდენტის თქმით, სუსი და შსს ძალაუფლების დეკონსტრუქციის მიზნით ძირეულ რეფორმას გაივლიან და თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისგან.
- სალომე ზურაბიშვილის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახური გაძლიერდება და მიენიჭება რეალური დამოუკიდებლობა, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავთა ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
- ანტიკორუფციული სააგენტო გამოიყოფა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მიენიჭება რეალურ ბერკეტები. მას ექნება კორუფციულ საქმეებზე გამოძიების უფლებამოსილება. მის ხელმძღვანელებს აირჩევს პარლამენტი და მის წინაშე იქნება ვალდებული.
- ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება დამოუკიდებლობა საბჭოს წევრების გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით. გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ერთპიროვნული ბრძანება რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
- მარეგულირებელი ორგანოები გათავისუფლდება პოლიტიკური გავლენებისგან.
- საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება, რომელიც აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის.დაიხვეწება თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი. დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა. გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი და დიასპორას მიეცემა არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
„ჩვენ ამ ქარტიაზე ხელის მომწერნი რომლებიც მივიღებთ მანდატს ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას შევასრულოთ ამ ქარტიაში ჩაწერილი პირობები პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში“ — წერია პრეზიდენტის მიერ შედგენილ დოკუმენტში.