ახალი ამბები

„ლელომ“ „რუსეთის გავლენების დასასრულებლად“ 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

20 ნოემბერი, 2023 • 1315
„ლელომ“ „რუსეთის გავლენების დასასრულებლად“ 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

პარტია „ლელომ“ მოამზადა 9-პუნქტიანი გეგმა — „საქართველოს დაცვის აქტი“. პარტიის ცნობით, გეგმის მიზანი საქართველოში რუსეთის გავლენების დასრულებაა.

„საქართველოს დაცვის აქტი“ მოიცავს 9 მთავარ ნაბიჯს, რომელიც დღეს, 20 ნოემბერს, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაზემ წარადგინა.

„ლელოს“ მიერ წარმოდგენილი „საქართველოს დაცვის აქტი“ შემდეგი პუნქტებისგან შედგება:

   1.ევროკავშირის საქნციებთან სრულად შეერთება

სავიზო რეგულაციის დაწესება რუსეთის  მოქალაქეებისთვის. საქართველო ერთადერთი ოკუპირებული ქვეყანაა მსოფლიოში,  სადაც ოკუპანტები პრაქტიკულად იგივე უფლებებით სარგებლობენ, რითაც ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ღია იყოს ტურისტებისთვის და არა ოკუპანტებისთვის.

   2. დასაქმების ბაზრის დაცვა

დღეს საქართველოში უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ რუსების შემოსევაა, რომლებმა ქართველები ჩვენსავე ქვეყანაში შემოსავლიან სამსახურებში ჩაანაცვლეს. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტის“ მეორე პუნქტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემას.

   3.მიწის გაყიდვის შეზღუდვა

არაფერი ისე არ გამოხატავს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც ჩვენი მიწა.  მიწა ჩვენი ხალხის საკუთრებაა და არა ოკუპანტის. დაუშვებელია, ოკუპანტს უფლება ჰქონდეს, შემოვიდეს და თავისუფლად იყიდოს ჩვენი მიწები. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტის“ მესამე პუნქტი მათთვის მიწის გაყიდვის სრულ აკრძალვას ეხება.

   4. რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა

„საქართველოს დაცვის აქტი“ აკრძალავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლას. ასეთი კანონმდებლობა უკვე მოქმედებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში.

    5. რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა 

ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი ფული არ უნდა აღმოჩნდეს რუსების ჯიბეში. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტი“ რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს უკრძალავს ტენდერებში მონაწილეობას. დროა შეწყდეს „ქართული ოცნების“ მიერ რუსების გამდიდრება. „ლელოს“ უნდა, რომ საქართველოს ფული ქართველების ჯიბეში მიდიოდეს.

   6. რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება

ჩვენ გვსურს ყველა მუნიციპალიტეტში დავაწესოთ „საოკუპაციო მოსაკრებელი“.  ეს იქნება მოსაკრებელი, რომლის გადახდაც რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ რუსულ ბიზნესს მოუწევს, მოსაკრებლიდან შემოსული თანხები კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხმარდება.

   7. ფრენების აკრძალვა

ჩვენ ვითხოვთ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას, რადგან ეს ფრენები ემსახურება რუსეთის მოქალაქეების კომფორტს და არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან.

 8. რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა

აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების უკონტროლო მაუწყებლობა საქართველოში.

 9. რუსული ფონდების აკრძალვა

აიკრძალოს რუსული ფონდების საქმიანობა საქართველოში, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან.

საქართველოს დაცვის აქტი“ სწორედ იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ემსახურება „ლელო“ საქართველოს და როგორ უნდა დასრულდეს სამარცხვინო და საშიში პრორუსული ხელისუფლება! კმარა პუტინის ჯიბის მთავრობა! დროა მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება!“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „საქართველოს დაცვის აქტს“  „ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად 21 ნოემებრს შეიტანს. მისი თქმით, 9-პუნქტიანი გეგმა უზრუნველყოფს საქართველოს ინტერესების და მოქალაქეების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას ქვეყანაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი