ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ დასკვნაში ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ბლოკის წევრ ქვეყნებს, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა იქვე არის დათქმა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ცხრა პირობა, რათა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე- მოლაპარაკებების გახსნაზე.
ამ ცხრა პირობიდან ნაწილი ძველი, 2022 წელს მოცემული 12 რეკომენდაციიდანაა, არის ახალი პუნქტებიც. ევროკომისიამ აგრეთვე გამოაქვეყნა ანგარიში ამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზეც, რომლის თარგმანსაც ასევე გთავაზობთ.
რა უნდა გააკეთოს საქართველომ ახლა ევროკომისიის თანახმად
1. ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებს ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე [ახალი პუნქტი]
ერთ-ერთი დეზინფორმაციული ნარატივი, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც ავრცელებენ, ირწმუნება, თითქოს ევროკავშირის პოლიტიკური წრეების ნაწილს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურს.
ასევე ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველო „ტრადიციულ ღირებულებებს“ დაკარგავს.
2. დააახლოოს თავისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან [ახალი პუნქტი]
2023 წლის მონაცემით, ამ სფეროებში საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის პოლიტიკასთან მხოლოდ 43%-ს შეადგენს.
ეს შესაბამისობა გულისხმობს, რომ საქართველო საგარეო თუ უსაფრთხოების სფეროში იმავე პოლიტიკას ატარებს, რასაც ევროკავშირი, რაც გამოიხატება ევროკავშირის მიერ მიღებული დოკუმენტებისა თუ რეზოლუციების გაზიარებაში.
საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა ბლოკში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა.
3. დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციასთან უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხებზე
პუნქტი პოლარიზაციის დაძლევაზე 2022 წლის 12 რეკომენდაციაშიც იყო.
4. უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს, და შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა, არჩევნებამდე საკმაოდ ადრე.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
5. გააუმჯობესოს საკვანძო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, მათ შორის ცესკოში, ეროვნულ ბანკსა და კომუნიკაციების კომისიაში
ცესკოს 2024 წლის არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი უწყებაა.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ შეცვალა მიდგომა დასავლეთის დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით. კერძოდ, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ფინანსური სანქციები ვერ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, ვინაიდან ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება. ეროვნულმა ბანკმა მიდგომა აშშ-ის მიერ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ შეცვალა.
რაც შეეხება კომუნიკაციების კომისიას, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 27 ოქტომბერს აცხადებდა: „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მოვისმინეთ მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს მარეგულირებლის (კომუნიკაციების კომისიის) დამოუკიდებლობას“.
6. ჩაატაროს ყოვლისმომცველი რეფორმა სასამართლოში, პროკურატურაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
მსგავსი პუნქტი 2022 წლის 12 რეკომენდაციაშიც იყო.
7. უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ უწყებებთან დაკავშირებით
მსგავსი პუნქტი 2022 წლის 12 რეკომენდაციაშიც იყო.
8. გააუმჯობესოს ამჟამინდელი სამოქმედო გეგმა და დანერგოს მულტისექტორული, სისტემური მიდგომა დეოლიგარქიზაციის მხრივ, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად – გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შემდეგ, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება
სწორედ ამ, 12 რეკომენდაციიდან გადმოყოლილი პუნქტის მიმართულებით ელიან განსაკუთრებულ პროგრესს ბრიუსელში, ამბობს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველმა პარტიამ უკრაინის კანონის მაგალითზე კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ითვალისწინებდა ოლიგარქების რეესტრის შექმნას. მაშინ მმართველ გუნდში თქვეს, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება.
ვენეციის კომისიის შუალედური მოსაზრების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეფასებისთვის ისევ ვენეციის კომისიაში გააგზავნა. ვენეციის კომისიამ საბოლოო მოსაზრება 12 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.
სექტემბერში „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო, მაგრამ დოკუმენტის შინაარსი უცნობია.
9. გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ამბიციური სტრატეგიის დანერგვით; უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება; დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ მუქარის შემთხვევაში და ძალადობაში დამნაშავენი, მათ შორის ორგანიზატორები, პასუხისგებაში მისცეს. კონსულტაციები გაიაროს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საშუალება მისცეს მათ ჩართვას საკანონმდებლო პროცესებში, უზრუნველყოს მათი თავისუფალი მუშაობა.
მსგავსი პუნქტი 2022 წლის 12 რეკომენდაციაშიც იყო.
როგორ შესრულდა 12 რეკომენდაცია ევროკომისიის ანგარიშის თანახმად
ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ 12 პუნქტიდან სრულად შეასრულა სამი. დანარჩენ პუნქტებზე ევროკომისია მეტ-ნაკლებ პროგრესს აღნიშნავს და საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ მომდევნო პერიოდში.
1. პოლარიზაციის დაძლევა
ევროკომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დაასრულა ბოიკოტი, რამდენიმე კანონი მიიღეს მრავალპარტიული მხარდამჭერით. პარლამენტში რეგულარულად ტარდება მინისტრის საათი. პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ევროკავშირთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მიმართ გრძელდება მკაცრი რიტორიკა.
ევროკომისიის განცხადებით, უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა, კომპრომისი და ინკლუზიური კონსულტაციები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით იმ რეფორმებზე, რომლებიც ეხება ევროკავშირის დღის წესრიგს. ყველა მხარემ და დაინტერესებულმა პირმა უნდა მიიღოს მონაწილეობა კონსენსუსში საქართველოს ევროპული გზისკენ, მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის ნების შესაბამისად.
2. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათი დამოუკიდებლობის, დემოკრატიული ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება
დასკვნაში აღნიშნულია, რომ გაიზარდა პარლამენტის ზედამხედველობითი ფუნქციები და მოიმატა საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა მოსმენების რაოდენობამ. დასკვნის თანახმადვე, ოპოზიციას საშუალება უნდა მიეცეს, შექმნას საგამოძიებო კომისიები და მონაწილეობა მიიღოს უშიშროების ორგანოების ზედამხედველობაში.
ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში შეტანილი ცვლილებები, დოკუმენტის თანახმად, კითხვებს აჩენს უწყების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ხოლო 2021-ში ფარული ჩანაწერების, „კრებსების“ საქმე, ჯერაც არაა ეფექტიანად გამოძიებული, აღნიშნულია ანგარიშში.
„საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უშიშროების ორგანოების“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე ქვეთავის თანახმად, კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ შეიცვალა, ოდირისა და ვენეციის კომისიის ზოგი რეკომენდაციის შესაბამისად და ზოგი ოპოზიციონერის მხარდამჭერით.
„საქართველომ უნდა შეასრულოს ოდირისა და ვენეციის კომისიის უმთავრესი რეკომენდაციები არჩევნებთან, ამომრჩეველთა დაშინებასთან და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემდეგი არჩევნების ჩატარებამდე.
3. მიიღოს და დანერგოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია
ევროკომისია აღნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას და საერთო სასამართლოებზე კანონში ვენეციის რეკომენდაციების გათვალისწინებას. თუმცა ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ კანონში არაა გათვალისწინებული კომისიის ძირეული რეკომენდაციები.
„კვლავაც საჭიროა, ჩატარდეს ეფექტიანი რეფორმა სასამართლო სისტემაში, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობისთვის. უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები გენერალური პროკურორის დანიშვნაზე“.
4. ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება
ამ მიმართულებით ევროკომისია აღნიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და მისი ხელმძღვანელის დანიშვნას, თუმცა მოუწოდებს თბილისს, დაუბრუნდეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელს. ამავე სექციაში აღნიშნულია, რომ პარლამენტმა გააძლიერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და მონაცემთა დაცვის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებები.
„ოდირის რეკომენდაციები [მაშინდელი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას] გათავისუფლებაზე გასათვალისწინებელია“, – აღნიშნულია ანგარიშში.
5. დეოლიგარქიზაცია
კანონს დეოლიგარქიზაციაზე, რომელიც ითვალისწინებდა პერსონალურ მიდგომას, პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი და მთავრობამ მიიღო შეცვლილი სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით, რისი საფუძველიცაა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სისტემურ მიდგომაზე. ცვლილებების დადებით მხარედაა მიჩნეული გაწერილი დროის მონაკვეთები გეგმის შესასრულებლად.
„საქართველომ უნდა განაგრძოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განვითარება და გაუმჯობესება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა საკვანძო სფეროში ადეკვატური მუშაობა, ეფექტური ზომებით და ნათელი ინსტიტუციური გადანაწილებით. უნდა ამოქმედდეს კოორდინირებისა და მონიტორინგის ინკლუზიური მექანიზმიც, საჭიროებისამებრ გეგმის შესაფასებლად“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება
დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ მიიღო 2023-24 წლების სამოქმედო გეგმა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის, გააძლიერა თანამშრომლობა ევროპულთან და წევრ ქვეყნებთან.
„პარლამენტმა კონსულტაცია გაიარა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გააგზავნა შესაბამის ორგანოებში 76 რეკომენდაცია ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან, ტრეფიკინგთან, ფულის გათეთრებასთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებთან ბრძოლაზე“.
ევროკომისიის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
7. პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება
ევროკომისია აღნიშნავს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას და მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებას, ევროკავშირის დირექტივის უმთავრესი პრინციპების თანახმად.
„საქართველომ უნდა განაგრძოს მუშაობა მედიარეგულატორის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად… და გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ მუქარების საქმეები“, – ამბობენ ევროკომისიაში.
8. მოწყვლადი ჯგუფების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება
ევროკომისია საუბრობს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის მიღებაზე, ხოლო სამოქმედო გეგმა, მათი ცნობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებით მზადდება.
ამასთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წელს აქტივისტებს მოუხდათ პრაიდ-ფესტივალის გაუქმება, „ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ მათი ჩაშლის“ გამო. გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 5 ოქტომბერს მიღებული იყო ცვლილებები შეკრების შესახებ კანონში და ცვლილებებით შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოება და სახალხო დამცველი.
„საქართველომ უნდა გააღრმაოს გამოძიება 2021 წლის პრაიდის დროს ძალადობის წამქეზებლების წინააღმდეგ“, – ხაზგასმულია ანგარიშში.
9. გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ
ეს პუნქტი ევროკომისიამ, ისევე როგორც ივნისის შუალედურ ანგარიშში, სრულიად შესრულებულად მიიჩნია.
10. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ევროკომისია აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მიიწვიეს 12 რეკომენდაციაზე სამუშაოდ. აგრეთვე აღნიშნულია, რომ პარლამენტსა და საქართველოს ეროვნული პლატფორმას – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
ანგარიშში გახმიანებულია მოწოდება მთავრობისადმი, თავი შეიკავოს ისეთი ზომებისგან, რომლებიც ხელს შეუშლის სამოქალაქო ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღებათა პროცესში.
11. საქართველოს სასამართლოების მიერ განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს [„სტრასბურგის“] გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება
ეს პუნქტი ევროკომისიამ, ისევე როგორც ივნისის შუალედურ ანგარიშში, სრულიად შესრულებულად მიიჩნია.
12. ახალი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ დანიშვნა
ეს პუნქტი ევროკომისიამ, ისევე როგორც ივნისის შუალედურ ანგარიშში, სრულიად შესრულებულად მიიჩნია.
რა იქნება შემდეგ?
ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, გადაწყვეტილება სტატუსის საკითხზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, ამავე წლის დეკემბერში. ევროპული საბჭო პოლიტიკური ორგანოა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედიან. ანუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი EU-ს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.
კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა, თუმცა, ეს, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია.
საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ 2022 წლის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. იმავე წლის ზაფხულში მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ – ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია სტატუსის მისაღებად. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ საქართველომ როგორც 2022 წელს, ასევე ახლაც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ის უსამართლობის გამო ვერ მიიღო.