ახალი ამბები

ბიურომ მხარი არ დაუჭირა „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს დაცვის აქტს“

27 ნოემბერი, 2023 • 848
ბიურომ  მხარი არ დაუჭირა „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს დაცვის აქტს“

პარლამენტის ბიურომ მხარი არ დაუჭირა პარტია „ლელოს“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს დაცვის აქტს“.

პარტიის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი საქართველოში რუსეთის გავლენების შემცირებას შეეხება.

როგორც ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, „ლელოს“ მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტში შესაბამისი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არაა. მისი თქმით, რეზოლუციის პროექტი ასევე ეწინააღმდეგება საბიუჯეტო კოდექსში გათვალისწინებულ საბიუჯეტო სისტემის უნივერსალობის პრინციპს და ამიტომ მიზანშეწონილი არაა რეზოლუციის პროექტის შემდეგ ეტაპებზე განხილვა.

ამის პასუხადა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეს არა საბიუჯეტო ოფისის, არამედ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

„როგორმე პარლამენტის აპარატის თანამშრომელი უნდა არჩევდეს რეზოლუციას და კანონპროექტს ერთმანეთისგან, რადგან არაფერი საერთო ამ რეზოლუციას არ აქვს იმ საბიუჯეტო გათვლებთან, რომლებზეც თქვენ საუბრობდით. ამის დასტურად, რომ ეს არ არის პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის თქვენ მიერ, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. „საქართველოს დაცვის აქტის“ მთელი არსი არის ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების, ქართული მიწის უკონტროლო მიყიდვის მათზე და მათ მიერ ბიზნესების ასევე უკონტროლო წარმოების საკითხები და ის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დაგროვდა და გეშინიათ, რომ ეს დისკუსია არ გაიხსნას პარლამენტში, ეს მტკიცებულებები არ გახდეს საჯარო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბიურო იქნება პოლიტიკურად პასუხისმგებელი იმაზე, რომ მმართველი გუნდი არ იცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და აგრძელებს ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის კომფორტული რეჟიმის შექმნას.

ანა ნაცვლიშვილს უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და განაცხადა, რომ „ლელოს“ მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი „ხარვეზიანია“.

პირდაპირ რეზოლუციის ტექსტში არის გათვალისწინებული ყველაფრის აკრძალვა და სანქციების შემოღება. განმარტებით ბარათში ყველგან გიწერიათ, რომ ამას გავლენა არ ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. ჩვეულებრივი მათემატიკური საკითხია, რომ თუკი იქნება ეკონომიკური ხასიათის გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები, ამას გავლენა ექნება. საბიუჯეტო ოფისის დასკვნა სწორედ ამას შეეხება, რომ მნიშვნელოვანია დაითვალოს, რა გავლენა ექნება ამას ბიუჯეტზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი