საზოგადოება

„იანვარში ვასრულებდი საპენსიო სესხს, მითხრეს, რომ კიდევ 2 წელი უნდა ვიხადო“ — პენსიონერთა პრეტენზია „ლიბერთის“მიმართ

6 მარტი, 2024 • 12816
„იანვარში ვასრულებდი საპენსიო სესხს, მითხრეს, რომ კიდევ 2 წელი უნდა ვიხადო“ — პენსიონერთა პრეტენზია „ლიბერთის“მიმართ

დღეს, 6 მარტს, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთი თურაზაშვილმა რამდენიმე პენსიონერის სახელით „ლიბერთი ბანკს“ პანდემიის დროს დაწესებული საშეღავათო პერიოდის გამო ვადაგაგრძელებული სესხების საწყის გრაფიკში დაბრუნების მოთხოვნით მიმართა.

პენსიონერები, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, აცხადებენ, რომ კოვიდპანდემიის დროს ბანკმა სამთვიანი საშეღავათო პერიოდი სესხზე ისე დაუმტკიცა, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ. მათივე თქმით, სწორედ ამის გამო საპენსიო სესხების გადახდა თავდაპირველ გრაფიკზე დაახლოებით ორ წელიწადზე მეტხანს უწევთ — შესაბამისად, ბანკისთვის იმაზე მეტი თანხის დაბრუნება უხდებათ სესხის მომსახურებისთვის, ვიდრე ეს თავდაპირველი გრაფიკით იყო გათვალისწინებული.

ნანა ერქომაიშვილი ერთ-ერთი პენსიონერია, რომელმაც სესხის 2 წლით გახანგრძლივების შესახებ ბანკში ბარათის გასაახლებლად მისულმა შემთხვევით გაიგო. ერქომაიშვილის თქმით, სესხად 1800 ლარი 2020 წელს აიღო და გადახდა 2024 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა. ქალი გვიყვება, რომ ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვე სესხის მომსახურებისთვის პენსიიდან 65 ლარს უკავებდნენ:

„წარმოიდგინეთ, ახლა ბარათის გასაახლებლად მივედი და მითხრეს, რომ 2026 წლამდე გადადებულია სესხის დასრულება. ასე მითხრეს, 2026 წლამდე მაინც ჩამოგეჭრებათო. რატომ-მეთქი, რომ ვიკითხე, პანდემიის დროს საშეღავათო პერიოდი გქონდათო. რომ ვიანგარიშე, 1800 ლარზე 6 ათას ლარამდე გამომდის დაბრუნდება. ნუთუ ვერ დავფარე ეს სესხი, რომ კიდევ გრძელდება?“ — ამბობს ნანა ერქომაიშვილი.

მსგავსი ისტორია აქვს მარინე მორბედაძესაც. მისი თქმით, იცოდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს პანდემიის დროს სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებდა, თუმცა აღნიშნულზე მისი პირდაპირი ინფორმირება არ მომხდარა და ეს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ყურმოკვრით ჰქონდა გაგონილი. შესაბამისად, მორბედაძე „ნეტგაზეთთან“ აღნიშნავს, რომ თავად საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე თანხმობა არ განუცხადებია და ეს არც ხელმოწერით დაუდასტურებია:

„პირადად რომ მივსულიყავი და ხელი მომეწერა თანხმობაზე, ასეთი რამ არ ყოფილა. 2024 წელს უნდა დამემთავრებინა სესხის გადახდა და 2026-მდეა გადაწეული. სხვა საქმისთვის ვიყავი მისული შარშან ოქტომბერში. სესხი 2017-ში თუ 2018-ში მაქვს აღებული. 1800 ლარი ვისესხე და 5 ათასზე მეტი ლარი მაქვს საერთო ჯამში გადახდილი“, — ამბობს მორბედაძე.

დალი მუჩიძემაც, სხვა პენსიონერების მსგავსად, 1800 ლარი ისესხა „ლიბერთი ბანკისგან“ 2020 წელს და, როგორც თავად ამბობს, სესხის გადახდა 2024 წელს უნდა დაესრულებინა. ქალი გვიყვება, რომ შეტყობინება 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესახებ ბანკისგან არ მიუღია და ახლა სესხის ძველ გრაფიკში დაბრუნებას ან მის განულებას ითხოვს.

2024 წლის 14 მარტს უნდა დაესრულებინა სესხის გადახდა თინა კეღოშვილსაც. პენსიონერი გვიყვება, რომ 2020 წლიდან მოყოლებული სესხის მომსახურებისთვის პენსიიდან მასაც 65 ლარი ეჭრებოდა და თავდაპირველი გრაფიკით,გადახდა 2024 წლის 14 მარტს უნდა დაესრულებინა, თუმცა იმის გამო, რომ მასაც პანდემიის დროს შემოღებული საშეღავათო პერიოდი შეეხო, სესხი 2025 წლამდე გაუგრძელდა:

„რომ ვკითხე, რატომ-მეთქი, პანდემიის დრო სამი თვე საშეღავათო პერიოდი გქონდათო. სამი თვე კარგი, მაგრამ დანარჩენი სად მიდის?! სამი თვის გამო ორი წლით გამიგრძელეს ისე, რომ არაფერზე ხელი არ მაქვს მოწერილი. 65 ლარს ვიხდი 4 წელია, არაფერი შემმცირებია. 30%-ში ავიღე სესხი და ამ დრომდე ასე მაქვს. ახლა რომ ვასრულებდი სესხის გადახდას, მაინც დავაზუსტე ბანკში და მაშინ გავიგე, რომ 2025 წლის დასაწყისამდე გაუხანგრძლივებიათ“ ,— ამბობს კეღოშვილი.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ქეთი თურაზაშვილი აცხადებს, გუნდის სხვა იურისტების ჩართულობით საპენსიო სესხებთან დაკავშირებული ნიუანსები შეისწავლეს და მოამზადეს განცხადების ნიმუში, რომელიც დღეს ათობით პენსიონერმა შეავსო და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში შეიტანეს. განცხადებით პენსიონერები საშეღავათო პერიოდის გამო ვადაგაგრძელებული სესხების თავდაპირველ გრაფიკში დაბრუნებას ითხოვენ:

„მეც და ჩემი გუნდის იურისტებიც ჩართული ვართ ამ პროცესში და ვსწავლობთ იმ ნიუანსებს, რა ნიუანსებითაც ატყუებს „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს და სწორედ ამაზე დაყრდნობით არაერთი წერილი მივწერეთ ეროვნულ ბანკს. მათ პასუხებზე დაყრდნობით ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები და სწორედ ამ რეკომენდაციების მიხედვით შევიმუშავეთ განცხადების ნიმუში, სადაც იურიდიულად ვითხოვთ სწორედ იმ უსამართლობის გამოსწორებას, რაც „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერების წინაშე ჩაიდინა.

იურიდიულად ისე არის გამართული ჩვენი წერილი, რომ მასზე უარი უკვე იწვევს სამართლებრივი დავის გაგრძელების საფუძველს, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ბანკი ვერ ეუბნება უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. ჩვენ უკვე 100-მდე განულებული სესხი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხი ბრუნდება იმ ჩარჩოში, რაც თავდაპირველად იყო“, — ამბობს თურაზაშვილი.

პარტიაში აცხადებენ, რომ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პენსიონერებს უწევთ იმ სამი თვის სასესხო მომსახურების ღირებულების დაფარვა, რაც საშეღავათო პერიოდში უნდა გადაეხადათ, შემდგომ კი სესხი საწყის მოცემულობას უბრუნდება, ანდა სრულად ნულდება. თუმცა  პარტიის წევრი მაკა ფრიდონაშვილი „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, რომ პრობლემურია ისეთ შემთხვევები, როცა პენსიონერებმა, პროცენტის დაწევის მოთხოვნის შემდეგ, ბანკთან ახალი სასესხო ხელშეკრულებები გააფორმეს ან/და სესხზე თანხა დაიმატეს:

„2023 წლიდან 26 პროცენტი განისაზღვრა ზედა ზღვრად. ამიტომ, ვისაც ჰქონდა მანამდე სესხი აღებული უფრო მაღალ პროცენტში, ეს პენსიონერები რომ მიდიან ბანკში პროცენტის დაწევის მოთხოვნით, ბანკი უფორმებს ახალ ხელშეკრულებას. ძველი ხელშეკრულება, რომლითაც ის მანამდე იხდიდა სესხს, უქმდება და ძველი სესხი ახალი პირობით გრძელდება.

პენსიონერი აწერს ხელს ახალ ხელშეკრულებაზე და ასეთ შემთხვევებში როდესაც ვითხოვთ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადავადებული სესხის ძველ გრაფიკში დაბრუნებას, ბანკი უარს იმ მიზეზით გვეუბნება, რომ ძველი ხელშეკრულება გაუქმებულია, შესაბამისად, ვერ დაგიკმაყოფილებთ ამ მოთხოვნასო“, — ამბობს ფრიდონიშვილი.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაინტერესდა, თუ როგორ აისახება მთავრობასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული ბოლო შეთანხმება იმ პენსიონერებზე, რომლებიც გაგრძელებული სესხის პრობლემაზე დავობენ. შეთანხმების მიხედვით, იმ პირებს, ვისაც საპენსიო სესხი 2023 წლამდე (ზედა ზღვრის 26%-მდე განსაზღვრამდე) აქვს ამგვარი საბანკო პროდუქტი აღებული უფრო მაღალ პროცენტში, სესხი არაუმეტეს 25.5%-ად უნდა განესაზღვროთ.

კერძოდ, „ლიბერთი ბანკს“ ვკითხეთ, ყველა პენსიონერს ავტომატურად შეეხებოდა ეს ცვლილება, თუ ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოუწევდა, თუმცა ბანკში გვითხრეს, რომ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე მეტს ამ ეტაპზე ვერ მოგვაწვდიდნენ.


საპენსიო სესხების მაღალ პროცენტში გაცემის პრაქტიკის გამო „ლიბერთი ბანკი“ წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. მათ შორის სახალხო დამცველიც მიუთითებდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებდა სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ „გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა“.

საპენსიო სესხები წლების განმავლობაში მართლაც სხვა სამომხმარებლო სესხებზე მაღალ პროცენტში გაიცემოდა და გაიცემა. სახალხო დამცველის თანახმად, 2022 წელს „საპროცენტო განაკვეთის დადგენილი რაოდენობის შედეგად (30.69%), ბანკისთვის უკან გადასახდელი თანხა, საბოლოოდ, სესხის სახით მიღებულ პირვანდელ თანხას დაახლოებით 75%-ით აღემატებოდა.

როგორც მოძრაობა „ხმის“ წევრი, ვაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც პენსიონერებისთვის გაცემული სესხების ხელშეკრულებები შეისწავლა, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, 2012-2013 წლებში ამგვარი სესხების საპროცენტო განაკვეთი 100-დან 200 პროცენტამდე იყო, 2014 წელს 53-დან 80 პროცენტამდე მერყეობდა, 2017 წელს კი 41-დან 50%-მდე შეადგენდა. 2018 წლიდან საპენსიო სესხის გაცემის პროცენტი 43.55%-მდე შემცირდა.

2022 წელს სახელმწიფომ სოციალური შემწეობის დარიგებაზე კომერციული ბანკებისთვის ხელახლა გამოაცხადა ტენდერი, სატენდერო პირობებით განისაზღვრა, რომ ბანკი, რომელიც კონკურსში გაიმარჯვებდა, ვალდებული იყო, საპენსიო სესხები რეფინანსირების განაკვეთი +15%- პროცენტიანი ზღვრით გაეცა, შესაბამისად, 2023 წლის იანვრიდან ამგვარი სესხების საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრად 26% განისაზღვრა (იმ პერიოდისთვის რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტს შეადგენდა, ამჟამად კი 10.5 პროცენტია). ტენდერში კვლავ „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა.

რა უნდა ვიცოდეთ საპენსიო სესხსა და ოვერდრაფტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი