საზოგადოება

რა უნდა გავითვალისწინოთ საბანკო სესხის აღებისას

7 მარტი, 2024 • 2586
რა უნდა გავითვალისწინოთ საბანკო სესხის აღებისას

„ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“, „პირგასამტეხლო და წინსწრების საკომისიო“ — ეს იმ ტერმინების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სასესხო ხელშეკრულების გაფორმებისას აუცილებლად წააწყდებით.

არაერთი ტერმინი, რომელსაც ბანკი სასესხო ხელშეკრულებაში იყენებს, მომხმარებლისთვის ხშირად ბუნდოვანი და გაუგებარია. არადა, სანამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, საჭიროა გვესმოდეს, რა სახის ვალდებულებებს გვაკისრებს ბანკი იმ თანხის სანაცვლოდ, რომელსაც სესხად გვაძლევს.

ეს სტატია სწორედ ამ ტერმინების გარკვევაში დაგეხმარებათ.

ყველა მნიშვნელოვანი ხარჯი, რომელიც თქვენი სესხის ღირებულებას განსაზღვრავს, ხშირად არის ხოლმე მითითებული სასესხო ხელშეკრულების დასაწყისში, თავფურცელში. შესაბამისად აუცილებელია მომხმარებელმა ხელშეკრულების გაფორმებამდე კარგად გადაიკითხოს დოკუმენტის აღნიშნული ნაწილი, რომელიც, როგორც წესი, სულ ორი გვერდისგან შედგება.

პირველ რიგში კი იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად იაფი ან/და ძვირია თქვენი სესხი, ყურადღება სესხის პროცენტზე უნდა გაამახვილოთ.

რა არის სესხის ეფექტური და ნომინალური საპროცენტო განაკვეთი?

სასესხო ხელშეკრულებაში პირველსავე გვერდზე საუბარია სესხის წლიურ (ნომინალურ) და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე.

აღნიშნული ეხება ყველა ტიპის სესხს, როგორც სამომხმარებლოს, ასევე იპოთეკურსაც.

საბანკო სექტორის ანალიტიკოსი დავით კლდიაშვილი გვირჩევს, რომ გადაწყვეტილება სესხის აღების თაობაზე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე დაკვირვებით მივიღოთ და არა ნომინალურზე — მათ შორის განსხვავება საკვანძოა.

ნომინალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთში, რომელსაც ბანკები ხშირად იყენებენ ხოლმე მარკეტინგული მიზნებით, არ არის შესული სესხის ყველა ხარჯი, რომლის გადახდაც მოგიწევთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქონების იპოთეკით დატვირთვის ხარჯი (იპოთეკური სესხის შემთხვევაში), ასევე, ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოები, ანგარიშის მომსახურების საფასური და სხვა. ამ ყველა ხარჯს, რომელსაც საბოლოო ჯამში კლიენტი იხდის, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აერთიანებს. კლდიაშვილი განმარტავს, რომ სწორედ ეფექტური საპროცენტო განაკვეთია ის რეალური მაჩვენებელი, რასაც მომხმარებელი სესხის მომსახურებაში იხდის.

„შეიძლება ადამიანს სესხი ჰქონდეს ნომინალურ 12 პროცენტში, მაგრამ ამ დამატებითი ხარჯებით გაცილებით ძვირი უჯდებოდეს. ამასთან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხის ვადაზეა დამოკიდებული. ერთი და იმავე ნომინალურ პროცენტში აღებული სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება სხვა იყოს ერთწლიან სესხზე და სხვა – ორწლიანზე.

ასე რომ, სესხის აღებისას ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ არა ნომინალურს, არამედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. ეფექტური გვიჩვენებს, რეალურად რამდენად ძვირი ან იაფია ჩვენი სესხი, რადგანაც მასში ყველა წინასწარ განჭვრეტადი ხარჯი არის შეტანილი“ ,— განმარტავს კლდიაშვილი.

შესაბამისად, თუ სესხის აღება გაქვთ გადაწყვეტილი და ამ საკითხზე კონსულტაციებს რამდენიმე ბანკთან გადიხართ, სჯობს ყოველთვის ჩაეკითხოთ, თუ რამდენი იქნება მათ მიერ შემოთავაზებული სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღოთ და არ იხელმძღვანელოთ ნომინალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, რომელიც, როგორც წესი, ეფექტურზე ნაკლებია ხოლმე, რამდენადაც მასში ყველა ხარჯი შეტანილი არ არის.

რა უნდა იცოდეთ სიცოცხლის და ქონების დაზღვევაზე?

სწორედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთშია შეტანილი სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ხარჯები, რომლებიც შესაძლოა თქვენს სესხს თან ახლდეს, თუმცა, როგორც კლდიაშვილი განმარტავს, ეს რისკების საკითხია და მხარეთა შორის მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.

საბანკო სფეროს ანალიტიკოსის თქმით, სიცოცხლის დაზღვევა ძირითადად ერთვის იმგვარ სესხებს, რომლებიც არ არის უზრუნველყოფილი, მაგალითად, ბინით:

„თუკი არაუზრუნველყოფილი სესხია, რისკი არსებობს, რომ მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში სასესხო ვალდებულება დარჩება შეუსრულებელი. ან არის მეორე ვარიანტი, თუკი სესხი უზრუნველყოფილია და მისი  მემკვიდრეები მიიღებენ ამ ქონებას — გაჰყვებათ ბანკის სესხიც.

ეს არის დაზღვევა პირველ რიგში ბანკისთვის, რათა სესხი არ იყოს გადაუხდელი. რაც შეეხება მომხმარებელს, სიცოცხლის დაზღვევით დაზღვეული რჩებიან მისი მემკვიდრეები. თუ დაზღვეულია სესხი, გამოდის, რომ დაზღვევა გადაიხდის, თუკი არ არის დაზღვეული სესხი სიცოცხლის დაზღვევით, გადაჰყვება [ბანკში ჩადებული ქონების] მემკვიდრეს“ ,— ამბობს დავით კლდიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ასეთივეა ქონების დაზღვევაც, რომელიც ძირითადად იპოთეკური სესხებისას გამოიყენება და გარანტიის სახით არსებული ქონების დაზიანებას აზღვევს. თუმცა კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში მსესხებელი და გამსესხებელი შეიძლება შეთანხმდნენ და  ბანკმა აღნიშნული რისკი საკუთარ თავზე აიღოს.

რას ნიშნავს ფიქსირებული და ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი?

გარდა ამისა უნდა იცოდეთ, რომ თქვენი სესხი შეიძლება იყოს ინდექსირებული, ფიქსირებული ან შერეული.  ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს ისეთ განაკვეთს, როდესაც სესხის პროცენტი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის ბანკის მარჟა, რომელსაც თავად აწესებს, ხოლო მეორე -საჯარო ინდექსი, რომელზე გავლენაც ბანკს არ აქვს.

კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ იპოთეკური სესხები საქართველოში ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული (ან TIBR-ის ინდექსზე), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება რეფინანსირებაზე მიბმული სამომხმარებლო სესხი გაიცეს, ან იპოთეკური, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზე არაა დამოკიდებული.

მაგალითისთვის, ინდექსირებული სესხის აღების მომენტში რეფინანსირების განაკვეთი 9% იყო, ბანკის მარჟა კი, 4% — თქვენი სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 13% იქნება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება ან გაიზრდება, იმავე პროცენტით შეიცვლება თქვენი ნომინალური საპროცენტო განაკვეთიც. უფრო მარტივად, თუ რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე ჩამოვა, თქვენი ინდექსირებული სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 12% გახდება — თუ 10-მდე გაიზრდება, 14%.

შერეული მოდელის დროს მომხმარებლებს რამდენიმე წელი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების მიუხედავად, სესხის ღირებულება იმ ვადაში არ შეიცვლება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად. მაგალითისთვის, თუ ხუთწლიანი სესხი გაქვთ, საიდანაც ორი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია, დანარჩენი კი- ინდექსირებული, ორი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის არც კლება და არც მატება თქვენზე არ აისახება, ამ ვადის გასვლის შემდეგ რამდენიც იქნება რეფინანსირების განაკვეთი, დაემატება ბანკის მიერ დაწესებული პროცენტი და ეს იქნება თქვენი სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი.

სრულად ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში კი რეფინანსირების ან TIBR-ის განაკვეთის ცვლილება თქვენს სესხზე გავლენას ვერ მოახდენს.

საბოლოო ჯამში, აღნიშნული მსესხებელსა და გამსესხებელს შორის მოლაპარაკების საგანია და, როგორც წესი, მოქმედებს პროცენტზე, რომელშიც სესხს გთავაზობენ.

რა არის პირგასამტეხლო და წინსწრებით დაფარვის საკომისიო?

კიდევ ორი ტერმინი, რაც უნდა იცოდეთ სესხის აღებამდე, პირგასამტეხლო და წინსწრებით დაფარვის საკომისიოა.

დავით კლდიაშვილი განმარტავს, რომ პირგასამტეხლო თავისი შინაარსით ვალდებულების დარღვევასთან არის კავშირში და თუკი თქვენ გადააცილებთ სესხის გადახდის ვადას, გამსესხებელს აქვს უფლება დაგაკისროთ პირგასამტეხლო, რომლის ზედა ზღვარსაც კანონი არეგულირებს.

იმ შემთხვევაში კი, თუ იმედი გაქვთ, რომ სესხის ვადაზე ადრე დაფარვას შეძლებთ, ან გარკვეულ თანხას გადაინახავთ პერიოდულად სესხის ძირის შესამცირებლად, ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, თუ რამდენ პროცენტს დაგიწერენ წინსწრებით დაფარვის საკომისიოს გრაფაში. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ათწლიანი სესხი და სამი წლის შემდეგ გადაწყვეტთ სესხის გადაფარვას, გამსესხებელს აქვს უფლება წინსწრებით დაფარვის საკომისიო მოგთხოვოთ არაუმეტეს შეტანილი თანხის 2%-ისა. შესაბამისად, თქვენს ინტერესშია, რომ წინსწრებით დაფარვის საკომისიო რაც შეიძლება დაბალი ან საერთოდ 0-ის ტოლი იყოს, რაც ბანკთან მოლაპარაკების საგანია.

აღნიშნული ეხება როგორც სესხის სრულად დაფარვას, ასევე ნაწილობრივ გადაფარვასაც.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: სესხის ვადა შევამცირო თუ ყოველთვიური შენატანი? | საბანკო რჩევა

საბანკო სესხის აღებისას შეიძლება შემოგთავაზონ ლიმიტი, რის ფარგლებშიც წინსწრებით დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებთ (ეს შეიძლება იყოს ყოველთვიური გადასახადის ორმაგი, ოთხმაგი, და ა.შ. ოდენობა), ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რა ვადა გაქვთ დარჩენილი სესხის დასრულებამდე.

რა არის კრედიტის მოცულობა და გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა?

საბოლოო ჯამში, სტატიაში დასახელებული ეს საკითხები განაპირობებს, თუ რამდენი იქნება მთლიანი თანხის ოდენობა, რომელსაც სესხში გადაიხდით.

„კლიენტის მიერ გადახდილი მთლიანი თანხის ოდენობის“ გასწვრივ მითითებული თანხა ის მოცულობაა, რაც მსესხებელმა გამსესხებელს სესხის გრაფიკის შესაბამისად გადახდის შემთხვევაში უნდა დაუბრუნოს. მასში შესულია როგორც კრედიტის მოცულობა — ანუ დარჩენილი ძირი თანხა, ასევე პროცენტი და სხვა საკომისიოები (მათ შორის, ჯანმრთელობის ან/და ქონების დაზღვევის გადასახადი და ა.შ.).

მასალების გადაბეჭდვის წესი