ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ საპენსიო სესხსა და ოვერდრაფტზე

6 ნოემბერი, 2023 • 5200
რა უნდა ვიცოდეთ საპენსიო სესხსა და ოვერდრაფტზე

ლიბერთი ბანკი პენსიონერებზე გასცემს ორ საკრედიტო პროდუქტს – „საპენსიო სესხს“ და „საპენსიო ოვერდრაფტს“.

როგორც მოძრაობა “ხმაში” აცხადებენ, პენსიონერების უმეტესობისთვის უცნობია ამ ორ პროდუქტს შორის განსხვავება, ბანკი კი მომხმარებლებს ხელშეკრულების პირობებს სათანადოდ არ აცნობს.

შედეგად, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პენსიონერებს უწევთ ისეთი საბანკო პროდუქტით სარგებლობა, რომლისთვისაც სწორი და საკმარისი ინფორმაციის პირობებში, შესაძლოა, ნაკლები უპირატესობა მიენიჭებინათ.

მოძრაობა „ხმამ“ შეისწავლა „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერებზე გაცემული საპენსიო სესხისა და ოვერდრაფტის რამდენიმე ათეული ხელშეკრულება.

რა არის საპენსიო სესხი და როგორ იცვლებოდა მისი საპროცენტო განაკვეთი წლების განმავლობაში

2023 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ანგარიშის მიხედვით, „ლიბერთი ბანკს“ პენსიის ან სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელის გათვალისწინებით გაცემული აქვს 361 817 სესხი. ამგვარი სესხების მთლიანი ღირებულება 384 902 800 ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ სოციალური სარგოს მიმღებ თითოეულ პირს, საშუალოდ „ლიბერთი ბანკისგან“ სესხად 1 063 ლარი აქვს აღებული.

ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილ კვარტალურ ანგარიშში ბანკი ჩაშლილად აღარ უთითებს, რომელი პროდუქტით რამდენი ადამიანი სარგებლობს, თუმცა, ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებსა და სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს ორ პროდუქტს სთავაზობს — „საპენსიო სესხსა“ და „საპენსიო ოვერდრაფტს“.

საპენსიო სესხების მაღალ პროცენტში გაცემის პრაქტიკის გამო „ლიბერთი ბანკი“ წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. მათ შორის სახალხო დამცველიც მიუთითებდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებდა სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ „გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა“.

საპენსიო სესხები წლების განმავლობაში მართლაც სხვა სამომხმარებლო სესხებზე მაღალ პროცენტში გაიცემოდა და გაიცემა. სახალხო დამცველის თანახმად, 2022 წელს „საპროცენტო განაკვეთის დადგენილი რაოდენობის შედეგად (30.69%), ბანკისთვის უკან გადასახდელი თანხა, საბოლოოდ, სესხის სახით მიღებულ პირვანდელ თანხას დაახლოებით 75%-ით აღემატებოდა.

როგორც მოძრაობა „ხმის“ წევრი, ვაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც პენსიონერებისთვის გაცემული სესხების ხელშეკრულებები შეისწავლა, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, 2012-2013 წლებში ამგვარი სესხების საპროცენტო განაკვეთი 100-დან 200 პროცენტამდე იყო, 2014 წელს 53-დან 80 პროცენტამდე მერყეობდა, 2017 წელს კი 41-დან 50%-მდე შეადგენდა. 2018 წლიდან საპენსიო სესხის გაცემის პროცენტი 43.55%-მდე შემცირდა.

2022 წელს სახელმწიფომ სოციალური შემწეობის დარიგებაზე კომერციული ბანკებისთვის ხელახლა გამოაცხადა ტენდერი, სატენდერო პირობებით განისაზღვრა, რომ ბანკი, რომელიც კონკურსში გაიმარჯვებდა, ვალდებული იყო, საპენსიო სესხები რეფინანსირების განაკვეთი +15%- პროცენტიანი ზღვრით გაეცა, შესაბამისად, 2023 წლის იანვრიდან ამგვარი სესხების საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრად 26% განისაზღვრა (იმ პერიოდისთვის რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტს შეადგენდა, ამჟამად კი 10.5 პროცენტია). ტენდერში კვლავ „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა.

რა არის „საპენსიო ოვერდრაფტი“ და რით განსხვავდება ის საპენსიო სესხისგან

მოძრაობა „ხმის“ წევრი ვაკო ნაცვლიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შედარებით შემცირდა, „ლიბერთიმ“ პენსიის მიმღებთათვის ახალი პროდუქტი დაამატა — „საპენსიო ოვერდრაფტი“.

სესხისგან განსხვავებით, ოვერდრაფტის შემთხვევაში მომხმარებელი ყოველთვიურად გახარჯული თანხის მიხედვით პროცენტს იხდის, ძირ თანხას კი არაფერი აკლდება მანამ, სანამ სესხის ამღები ბანკში პირვანდელი მოცულობის თანხას არ დააბრუნებს.

„ლიბერთი ბანკის“ ქოლცენტრში, ნეტგაზეთის ინფორმაციით, მომხმარებელს ეუბნებიან, რომ საპენსიო სესხსა და ოვერდრაფტის გაცემისას განსხვავება საპროცენტო განაკვეთში არაა და იდენტურია. ორივე პროდუქტის შემთხვევაში, იდენტურია სესხის გაცემის მაქსიმალური ვადა (4 წელი) და თანხის ზედა ზღვარი (10 000 ლარი). განსხვავება შეიძლება იყოს ყოველთვიურ შენატანში. კერძოდ, რაკი სესხის შემთხვევაში ყოველთვიური შენატანიდან იფარება როგორც სესხის ძირი, ასევე პროცენტი, ოვერდრაფტის შემთხვევაში მხოლოდ პროცენტის დაფარვა ხდება, ამ უკანასკნელის დროს პენსიონერებს ყოველთვიურად ნაკლები თანხა შეიძლება ჩამოეჭრათ პენსიიდან, ვიდრე ეს სესხის შემთხვევაში მოხდებოდა. თუ პენსიონერს სესხის შემთხვევაში თვეში, მაგალითად, 60 ლარის შეტანა უწევს, ოვერდრაფტის დროს ყოველთვიური შენატანი შესაძლოა 30 ლარს შეადგენდეს, თუმცა განსხვავება ის არის, რომ სესხის გრაფიკის მიხედვით გადახდისას, კრედიტის ვადის ბოლოს მსესხებელს სესხის ძირიც დაფარული ექნება, ოვერდრაფტით სარგებლობისას კი ეს არ მოხდება, პირვანდელი ნასესხები თანხის მთლიანად დაბრუნება მოუწევს.

რას ედავებიან „ლიბერთი ბანკს“

მოძრაობა „ხმის“ განცხადებით, მოწოდების შემდეგ ერთ თვეში 194-მა პენსიონერმა მიმართა, საიდანაც 34 მათგანის სასესხო ხელშეკრულება შეისწავლეს. მათი თქმით, პენსიონერების უმრავლესობამ არ იცის, თუ რას მოაწერა ხელი.

მოძრაობაში აცხადებენ, რომ სესხის ასაღებად მისულ პენსიონერებს ხშირად საპენსიო ოვერდრაფტს აძლევენ. შედეგად, „ხმის“ განცხადებით, პენსიონერებს დღემდე ეგონათ, რომ ბანკში საპენსიო სესხი ჰქონდათ აღებული და თანხა, რომელსაც ბანკი ყოველთვიურად აჭრიდა, ფარავდა როგორც პროცენტს, ისე აღებული თანხის ძირს.

თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე პენსიონერების ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხები მხოლოდ ოვერდრაფტის პროცენტის გასტუმრებას ხმარდებოდა და აღებულ თანხას ერთი თეთრიც არ მოჰკლებია.

ამგვარ შემთხვევაზე უამბო ნეტგაზეთს ერთ-ერთი პენსიონერის შვილმა, რომელსაც თანხა ემიგრაციაში წასასვლელად აკლდებოდა და „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო სესხის ასაღებად მიმართეს. ზაზა (სახელი შეცვლილია რესპოდენტის თხოვნით) გვიყვება, რომ მისმა პენსიონერმა დედამ „ლიბერთი ბანკში“ ოვერდრაფტი 3 წლის წინ, 2020 წელს გამოიტანა, თუმცა ეგონა, რომ სესხს იღებდა.

ზაზას თქმით, მას შემდეგ, რაც დედამ კრედიტი აიღო, შვილის თხოვნით ბანკში კიდევ რამდენჯერმე მივიდა. ზაზას თქმით, ყოველ ჯერზე დედამისს „ლიბერთიში“ ეუბნებოდნენ, რომ კრედიტის დაფარვა გრაფიკის შესაბამისად ხდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ 2.5 წლის შემდეგაც გამოტანილი სესხის ძირს არაფერი მოჰკლებია, პირვანდელი თანხის მთლიანად შეტანა მოუწიათ:

„ორი წელი და 5 თვე ახდევინეს პროცენტები. შემდეგ მეც დავეჭვდი და ვუთხარი, მისულიყო ბანკში და გაერკვია, რაში იყო საქმე. ბანკში მისულს ჩხუბის შემდეგ უთხრეს, რომ თანხა, რაც გამოვიტანეთ, იმავე ოდენობით იყო დასაბრუნებელი. ხანდაზმულებს ციფრებში ურევენ გონებას, მოგეხსენებათ, როგორი სოციალური ფონია, ყველას უჭირს და ერთ სიტყვაში ატყუებენ და შემდგომ ხელს აწერინებენ. მერე თვითონ ამბობენ, ჩვენ ავუხსენით ყველაფერიო. რაც ჰქონდა გამოტანილი, მთლიანად დავაბრუნეთ ის თანხა“, — ამბობს ზაზა.

გარდა ამისა, მოძრაობა „ხმაში“ ხაზს უსვამენ, რომ პენსიონერებს საპენსიო ოვერდრაფტის ნაწილობრივ გადასაფარად ბანკში უწევთ მისვლა, რაც დამატებითი დამაბრკოლებელი გარემოებაა.

„ნეტგაზეთი“ საქართველოს ეროვნულ ბანკსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ ფიქსირდებოდა მათთან მიმართვები საპენსიო ოვერდრაფტებთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა მათ ვებგვერდზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაზე მიგვითითა, სადაც  სხვადასხვა საბანკო პროდუქტთან დაკავშირებით დაფიქსირებული პრეტენზიებია აღრიცხული. როგორც ეროვნულ ბანკში განგვიცხადეს, რომელ ბანკთან დაკავშირებით ფიქსირდება აღნიშნული პრეტენზიები, ამგვარ სტატისტიკას არ აწარმოებენ. აღნიშნულ პორტალზე მხოლოდ 2023 წელს ოვერდრაფტებთან დაკავშირებით 79 პრეტენზიაა შესული, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რამდენი მათგანი ეხება უშუალოდ „ლიბერთი ბანკს“.

„ნეტგაზეთმა“ „ლიბერთი ბანკს“ ოფიციალურად კითხვებით 2023 წლის ზაფხულში მიმართა. ბანკისგან გაგზავნილ კითხვებზე ამ დრომდე არც პასუხი მიგვიღია და არც საპასუხო კომენტარზე დაუკმაყოფილებიათ ჩვენი თხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი