საზოგადოება

საქართველოს ზოგ ქალაქში ჩიქობავასა და ხასაიას მხარდამჭერი აქციებია დაგეგმილი

28 იანვარი, 2024 • 935
საქართველოს ზოგ ქალაქში ჩიქობავასა და ხასაიას მხარდამჭერი აქციებია დაგეგმილი

თბილისში, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული აქტივისტების — გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას — მხარდამჭერი აქციებია დაგეგმილი დღეს, 28 იანვარს, ზუგდიდსა და ქუთასიში. შესაძლოა, აქციას სხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანებიც შეუერთდნენ.

აქცია ზუგდიდში 15:00 საათზე, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან (კედიას 5) უნდა გაიმართოს.

„ვიკრიბებით მათ მხარდასაჭერად. გიორგის და კაკოს ბევრი იცნობს ჩვენს ქალაქში, როგორც გულისხმიერ, ნიჭიერ და სამართლიან მოქალაქეებს. კაკო ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია და საქართველოს ისტორიას ასწავლის. გიორგი ილიას უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია და მუშაობს ქართველი ემიგრანტების თემაზე.

ისინი ციხეში არ უნდა დარჩნენ! გამოსახლებები უნდა შეჩერდეს! შემოგვიერთდით! შევუერთოთ ზუგდიდის ხმა საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს!“, — ნათქვამია ზუგდიდის აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

15:00-ზეა დაგეგმილი აქცია ქუთაისშიც, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.

სხვა ქალაქებში დაგეგმილ აქციებზე ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.


23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. მოძრაობა „ხმის“ წევრები — გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავა — სწორედ ამ დროს დააკავეს. პოლიცია მათ აღსრულების პოლიციის ავტომობილის შუშების დაზიანებას ედავება.

პროკურატურამ ხასაიას და ჩიქობავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობას.

25 იანვარს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა 2000-2000- ლარიანი გირაოს შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი