„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო დობორჯგინიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სახელზე წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის.
ნინო დობორჯგინიძის თქმით, ორივე მათგანს აკადემიური საზოგადოება ახასიათებს როგორც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთა უწყვეტად ყოფნა თავიანთ სფეროში, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათი სამეცნიერო კარიერის, ისე შესაბამისი დარგების განვითარებისთვის საქართველოში.
„გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრია. იგი არის ამავე უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. გიორგი ხასაია აღნიშნულ პროგრამაში შეირჩა განსაკუთრებული კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამო. მისი საკვლევი თემა გერმანიაში ქართველი მიგრანტების ყოველდღიურობას ეხება. ამ თემის საკვლევად მან მოიპოვა სპეციალური საგრანტო დაფინანსება გერმანიაში საველე კვლევის ჩასატარებლად, რასაც წარმატებით გაართვა თავი.
აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაში ჩართული აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მათ შორის გიორგის უშუალო ხელმძღვანელი, გერმანელი მეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფლორიან მიულფრიდი, გიორგის ახასიათებენ როგორც დარგის განვითარებისთვის იმედის მომცემ პერსპექტიულ ახალგაზრდა მეცნიერს, მკვლევარს, რომელიც გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და აკადემიური კეთილსინდისიერების გამორჩეული უნარით. გიორგი ხასაიამ წარმატებით შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები და თებერვლის შუა რიცხვებში ემზადებოდა თავისი დისერტაციის ერთ-ერთი პრობლემატიკის სამეცნიერო კოლოქვიუმზე წარსადგენად“, — აღნიშნავს „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორი.
წერილში დობორჯგინიძე მოსამართლეს მიმართავს და სთხოვს, საკითხის განხილვისას გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები და აცხადებს, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოება მზადაა, ითანამშრომლოს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.
გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. მოძრაობა „ხმის“ წევრები — გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავა — სწორედ ამ დროს დააკავეს. პოლიცია მათ აღსრულების პოლიციის ავტომობილის შუშების დაზიანებას ედავება.
პროკურატურამ ხასაიას და ჩიქობავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობას.
25 იანვარს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა 2000-2000- ლარიანი გირაოს შეფარდებას.
- მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ჩიქობავასა და ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ
- მანქანის დაზიანებაში ბრალდებულ ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს