სამართალი

ჩიქობავა და ხასაია შესაძლოა გაათავისუფლონ

30 იანვარი, 2024 •
ჩიქობავა და ხასაია შესაძლოა გაათავისუფლონ

აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების ფორმა შეიძლება გადაისინჯოს. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა.

სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში მზად არიან არასაპატიმრო ღონისძიება მოითხოვონ.

“ყველა ის გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას, კვლავ ძალაშია. გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი, არ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს, ასევე, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები აანაზღაურებენ მიყენებულ ზიანს, ასევე აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, ბრალდების მხარე მზად არის, რომ მათი მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით”, – განაცხადა ხინთიბიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

ჩიქობავა და ხასაია დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ – აღიარებენ მანქანის დაზიანების ფაქტს, მაგრამ უარყოფენ, რომ მას ჯგუფური ხასიათი ჰქონდა. პროკურატურას კი მათთვის ბრალი 187 მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ჯგუფურად.

ბრალდებულების ადვოკატი, გურამ იმნაძე აცხადებს, რომ ყველა დათქმა, რისი შესრულების შემდეგაც პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის პირობა დადო, ჩიქობავამ და ხასაიამ პირველივე სასამართლო სხდომაზე უკვე შეასრულეს – აღიარეს ფაქტი და მზაობა გამოთქვეს ზიანის ანაზღაურებაზეც.

“გიორგიმაც და აკაკიმაც აღიარეს ეს ქმედება და დააფიქსირეს მზაობა ზიანის ანაზღაურებაზე, ამიტომ, ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ კომუნიკაცია გვქონდეს პროკურატურასთან, აღსრულების სამსახურთანაც და იმედია, აპელაციისთვის მოესწრება, რომ მათ შორის პროკურატურის ეს პოზიციაც იყოს დაფიქსირებული”, – უთხრა იმნაძემ “ნეტგაზეთს”.

ადვოკატი ფიქრობს, რომ პროკურატურა მხოლოდ ფაქტის აღიარებას მოითხოვს და არა დამამძიმებელ გარემოებად მონიშნულ ჯგუფურად ჩადენის ბრალდებას. შესაბამისად, იმედოვნებს, რომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომაზე შეთანხმებას მიაღწევენ.

აღსანიშნავია, რომ ჩიქობავასა და ხასაიასთვის წარდგენილი ბრალი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამამძიმებელი გარემოების გარეშე, ანუ მხოლოდ ის ნაწილი, რასაც დაკავებულები აღიარებენ – ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.

დაცვის მხარე ბრალდებულების 2000-ლარიანი გირაოს და თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება ჯერ კიდევ პროკურორის ამ განცხადებამდე გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა მიმდინარე კვირას გაიმართება.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არ ნიშნავს მათ დამნაშავეებად ცნობას, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულები ციხეში ისხდებიან, სანამ სასამართლო პროცესები არ დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი