სამართალი

ჩიქობავა და ხასაია სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა

2 თებერვალი, 2024 •
ჩიქობავა და ხასაია სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა

აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

30 იანვარს საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ თუ ისინი ბრალს აღიარებდნენ და ზიანს აანაზღაურებდნენ, პატიმრობას სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით შეცვლიდნენ. რადგან აქტივისტებმა ჩადენილი ქმედება აღკვეთის სხდომაზე, საქალაქო სასამართლოშივე აღიარეს და ზიანის ანაზღაურების მზაობაც გამოთქვეს, დაცვის მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ სააპელაციო სასამართლოში შეთანხმება შედგებოდა.

აქტივისტების ინტერესების დამცველის, გურამ იმნაძის თქმით, პროკურატურის პოზიცია აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩადენილი ქმედების, არამედ წარდგენილი მუხლის სრულად აღიარება – მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეული, ჯგუფურად ჩადენის ბრალდება.

ჩიქობავა და ხასაია ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ – ადასტურებენ ავტომანქანის დაზიანებას, თუმცა უარყოფენ, რომ შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

“პროკურატურის პრინციპული პოზიცია იყო, რომ მათ შორის ჯგუფურობის ნაწილში ყოფილიყო აღიარებული, რაზეც ბრალდებულებს ასევე მკაფიო პოზიცია აქვთ, რომ მხოლოდ საკუთარ ქმედებაზე არიან პასუხისმგებელი და არ მოქმედებდნენ შეთანხმებულად”, – განაცხადა გურამ იმნაძემ.

იურისტი განმარტავს, რომ ქმედების ჯგუფურად ჩადენა არის ბრალის დამამძიმებელი გარემოება, რომელზე მსჯელობა არსებითი განხილვის ეტაპზე უფრო სწორია. შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ აღკვეთის ღონისძიების ეტაპზე ამაზე აქცენტირება არ უნდა მომხდარიყო.

დაცვის მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაჰბარებია, არ გასცნობიან დასაბუთების ნაწილს, შესაბამისად, ადვოკატი, ამ ეტაპზე, თავს იკავებს დამატებითი შეფასებებისგან.

აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ჯგუფურად. ბრალი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამამძიმებელი გარემოების გარეშე, ანუ მხოლოდ ის ნაწილი, რასაც დაკავებულები აღიარებენ – ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.

დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად კვირას, 4 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე მარში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი