საზოგადოება

„წყალი არ იფილტრება“ — როგორია რეგიონების წყალმომარაგება?

25 იანვარი, 2024 • 1039
„წყალი არ იფილტრება“ — როგორია რეგიონების წყალმომარაგება?

„მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება“, — ამ ჩანაწერს ნახავთ საქართველოს არაერთი მუნიციპალიტეტის შესახებ აუდიტის ანგარიშებში.

გაუფილტრავი წყალი მიეწოდებათ ძირითადად იმ სოფლებსა და დასახლებებს, სადაც წყალმომარაგებას თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ები ახორციელებენ, ნაცვლად ლიცენზირებული კომპანიისა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა 5 მუნიციპალიტეტის (ყაზბეგის, ზესტაფონის, გარდაბნის, გურჯაანისა და დმანისის) 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. ანგარიშები ცხადყოფს, რომ ყველა შემოწმებულ მუნიციპალიტეტში, გარდა ყაზბეგისა, წყალმომარაგების პრობლემები იდენტურია — მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით, ხოლო მიწოდებული წყალი არ იფილტრება და მისი ხარისხი არ მოწმდება.

მაგალითად, ზესტაფონის, დაბა შორაპნისა და 3 სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. აუდიტის დასკვნით, თვითმმართველი ერთეული ვერ უზრუნველყოფს დანარჩენი 55 სოფლის 14 159 ოჯახის გამართულ წყალმომარაგებას. კერძოდ, მოსახლეობა წყალს იღებს ჭებიდან/წყაროებიდან, ჭაბურღილებიდან და მოუწესრიგებელი სათავე ნაგებობებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია სხვადასხვა პროფილის იურიდიული პირები, წყალმომარაგების ქსელის მოვლა-პატრონობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი კერძო სამართლის სუბიექტი, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი ლიცენზია. ცალკეული ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ წყალი არ არის სასმელად ვარგისი.

„მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემა, ასევე ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით, არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის შესახებ. პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ აქვს გატარებული“, — ნათქვამია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აუდიტის ანგარიშში.

იდენტურ ჩანაწერს ვხვდებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ანგარიშშიც. ქალაქ გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის 18 სოფელში სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, ხოლო 20 სოფელში მცხოვრები 9 283 ოჯახის წყალმომარაგებას ემსახურება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ − გარდაბანსერვისი, რომელიც არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. აღნიშნულ 20 სოფელში მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით, ხოლო დანარჩენი 5 სოფლის 5 428 ოჯახისთვის წყლის სისტემები არ არის მოწყობილი (სარგებლობენ ბუნებრივი წყაროებით). 2021-2022 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით სულ გაწეულია 1 159 800 ლარის ხარჯი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში წყლის უსაფრთხოების პრობლემაზე საუბარი იყო სახელმწიფო აუდიტის 2018-2019 ანგარიშშიც — მიუხედავად იმისა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტი მილიონებს ხარჯავს მოსახლეობის წყლით უზრუნველსაყოფად, ადგილობრივებს წყალი მაინც არასტაბილურად მიეწოდებათ, ხარისხი არ მოწმდება და სოფლების ნაწილი იღებს ტექნიკურ წყალს.

“ტექნიკური წყალი” უსაფრთხო წყლის ნაცვლად — როგორ ხარჯავს გარდაბნის მერია ბიუჯეტს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, ხოლო წყლის გადასახადის ადმინისტრირება ხორციელდებოდა კანონმდებლობის შეუსაბამოდ, გარდა ქალაქ გურჯაანისა, სადაც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ოპერირებს. დანარჩენი 30 სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგება ფუნქციურად ევალება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალურ სერვისს, რომელსაც არ აქვს საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია. აუდიტის თანახმად, ამ მიზნით მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის.

კერძოდ, 30 სოფელში მცხოვრები 19 059 ოჯახიდან 17 454 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით. მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულში განიცდის წყლის დეფიციტს.

„მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს სასმელი წყლის სრულ ლაბორატორიულ კვლევას. ააიპ-ს არ გააჩნია მიკრობიოლოგიური და ქიმიური გამოკვლევებისთვის საჭირო ლაბორატორია, საფილტრი მოწყობილობები და
სხვა საჭირო ტექნიკა. სათავე ნაგებობები/რეზერვუარები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი წყლის გაწმენდის საშუალებებით“, — ნათქვამია ანგარიშში.

„პრობლემა გამოსწორდება. ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ ყველგან იყოს 24-საათიანი წყალმომარაგება, რომელი საუკუნეა?“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი.

აუდიტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები არ არიან გამრიცხველიანებული და მარეგულირებელ კომისიას ზღვრული ტარიფების ოდენობა მუნიციპალიტეტისთვის არ დაუდგენია, „გურჯაანის მუნიციპალური სერვისი“ მაინც კრეფდა წყლის გადასახადს მოსახლეობისგან და იურიდიული პირებისგან. გიორგი მაჭავარიანი ამბობს, რომ წარსულში გადასახადების აკრეფის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ახლა მიმდინარეობს სამუშაოები 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად. პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულდეს, სოფლების წყალმომარაგებასაც მუნიციპალური ააიპ-იდან ლიცენზირებული გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გადაიბარებს.

„ჭაბურღილებიდან წამოსული წყალი ითვლება ტექნიკურად. ახლა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს სოფლებში 24-საათიანი წყალმომარაგების ქსელის მონტაჟს, თავისი სათავე ნაგებობებით, ჭაბურღილებით, დამქლორავებით და ყველაფრით. გამოცხადებული აქვთ ტენდერი და სამუშაოებს სხვადასხვა შპს-ები ახორციელებენ. შესაბამისად, ლიცენზირებული კომპანია ჩაიბარებს წყალმომარაგებას სოფლებშიც და მუნიციპალურ სერვისს არანაირი შეხება არ ექნება“, — აცხადებს გურჯაანის მერი.

წყლის სისტემებს არალიცენზირებული პირი ემსახურება დმანისის მუნიციპალიტეტშიც. მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით, მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.

მუნიციპალიტეტის 58 დასახლებული პუნქტიდან, დმანისსა და 12 სოფელში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, დანარჩენ 45 სოფელში წყლის სისტემების მომსახურება დებულებით ევალება ა(ა)იპ დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურს, რომელსაც არ აქვს საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია. აუდიტის თანახმად, ამ მიზნით მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის.

„45 სოფელში მცხოვრები 3279 ოჯახიდან 1307 ოჯახს წყალი მიეწოდება მუდმივად, 717 ოჯახს − გრაფიკით, ხოლო 1255 ოჯახი სარგებლობს საუბნო წყაროებით. წყლის სისტემები არ არის აღჭურვილი გამწმენდი და წყლის დაქლორვის საშუალებებით. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით არ შემოწმებულა. 2021-2022 წლებში შემოწმდა მხოლოდ საბავშვო ბაღების წყლის ხარისხი და ნაწილში გამოვლინდა ნორმიდან გადახრის ფაქტები“, — ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასმელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო, უვნებელი და აკმაყოფილებდეს ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს. სასმელი წყლის მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი, მიღებული მონაცემების აღრიცხვა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი