ახალი ამბები

4 მუნიციპალიტეტში აღებული წყლის სინჯის უმრავლესობაში დარღვევა გამოვლინდა

9 თებერვალი, 2024 • 1866
4 მუნიციპალიტეტში აღებული წყლის სინჯის უმრავლესობაში დარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021-2023 წლებში ზესტაფონის, გარდაბნის, გურჯაანისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში წყალში გამოვლინდა მიკრობიოლოგიური, ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური ტიპის დარღვევები.

კერძოდ:

  • 2021 წელს აღებული 36 სინჯიდან დარღვევა გამოვლინდა 19-ში;
  • 2022 წელს — 8 სინჯიდან 8-ში;

სააგენტო აცხადებს, რომ დარღვევებიდან გამომდინარე, გაზარდა საკვლევი სინჯების რაოდენობა და 2023 წელს აიღო  77 სინჯი, საიდანაც დარღვევა დაფიქსირდა 46-ში.

„ნეტგაზეთმა“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა აუდიტის სამსახურის ანგარიშების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ზესტაფონის, გარდაბნის, გურჯაანისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, 2021-2022 წლებში, წყალმომარაგების იდენტური პრობლემები დაფიქსირდა — მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით, ხოლო მიწოდებული წყალი არ იფილტრება და მისი ხარისხი არ მოწმდება. გაუფილტრავი წყალი მიეწოდებათ ძირითადად იმ სოფლებსა და დასახლებებს, სადაც წყალმომარაგებას თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ები ახორციელებენ, ნაცვლად ლიცენზირებული კომპანიისა.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ზესტაფონის, გარდაბნის, გურჯაანისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში გაუფილტრავი წყალმომარაგების პრობლემა არც 2023 წელს მოგვარებულა.

„შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად მიცემული ვადის გასვლის შემდგომ, სააგენტო კვლავ ატარებს სახელმწიფო კონტროლს (ზედამხედველობას) და დარღვევის არსებობის შემთხვევაში, სასმელი წყლის მიმწოდებელი ბიზნესოპერატორი ჯარიმდება კანონმდებლობის შესაბამისად. „განსაკუთრებულ მდგომარეობად“ შეფასების შემთხვევაში, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას სასმელი წყლის დაბინძურების, მისი გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ“, — ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის წერილობით პასუხში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ზესტაფონის, გარდაბნის, გურჯაანისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასმელ წყალთან დაკავშირებული მოწამვლის შემთხვევაზე შეტყობინება არ მიუღია ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრიდან.

დარღვევებზე რეაგირების მიზნით, სააგენტომ წერილობით მიმართა სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს და გასცა რეკომენდაციები მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

ამ თემაზე ვრცლად:

“ტექნიკური წყალი” უსაფრთხო წყლის ნაცვლად — როგორ ხარჯავს გარდაბნის მერია ბიუჯეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი