ახალი ამბები

სურსათის და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12%-ია

20 თებერვალი, 2024 • 492
სურსათის და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12%-ია

2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში 624 შეუსაბამობა გამოვლინდა და დარღვევების მაჩვენებელმა 12% შეადგინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2022 წელს დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო.

„კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებელზე. დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე აღებულ 30 ნიმუშში, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ბავშვთა კვების 180 ნიმუშში; კალიუმის შემცველობა არ დაფიქსირებულა ქათმის ხორცის 30 ნიმუშში და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდა ყველის 30 ნიმუშში“, — ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგებში.

რაც შეეხება დარღვევებს, ლისტერიაზე აღებული 195 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა ერთ ნიმუშში; სალმონელაზე აღებული 600-ზე მეტი ნიმუშიდან გამოვლინდა 5 დარღვევა. საღებავების შემცველობაზე აღებული 109 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა კეტჩუპის, აჯიკისა და სუნელ-სანელებლის 6 ნიმუშში.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2024 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები იზრდება. წლიური მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილია 6000 ნიმუშის/სინჯის აღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად.

ამ თემაზე:

“ტექნიკური წყალი” უსაფრთხო წყლის ნაცვლად — როგორ ხარჯავს გარდაბნის მერია ბიუჯეტს

“ტექნიკური წყალი” უსაფრთხო წყლის ნაცვლად — როგორ ხარჯავს გარდაბნის მერია ბიუჯეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი