ახალი ამბები

“ტექნიკური წყალი” უსაფრთხო წყლის ნაცვლად — როგორ ხარჯავს გარდაბნის მერია ბიუჯეტს

11 თებერვალი, 2021 • 2362
“ტექნიკური წყალი” უსაფრთხო წყლის ნაცვლად — როგორ ხარჯავს გარდაბნის მერია ბიუჯეტს

მიუხედავად იმისა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტი მილიონებს ხარჯავს მოსახლეობის წყლით უზრუნველსაყოფად, ადგილობრივებს წყალი მაინც არასტაბილურად მიეწოდებათ, ხარისხი არ მოწმდება და სოფლების ნაწილი იღებს ტექნიკურ წყალს. ეს ნიშნავს, რომ არ არის დადასტურებული სასმელი წყლის უსაფრთხოება და უვნებლობა. ამის შესახებ საუბარია სახელმწიუფო აუდიტის ანგარიშში, სადაც 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საქმიანობაა შეფასებული.

გარდაბნის მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ აუდიტის ანგარიშს არ ეთანხმებიან, თუმცა ამ ეტაპზე უარს ამბობენ დეტალური განმარტებისგან. უწყებაში ნეტგაზეთს წერილობით უპასუხეს, რომ მერია არგუმენტირებულ პოზიციას” გაავრცელებს “შესაბამის ვადებში”.

“ტექნიკური წყალი” უსაფრთხო სასმელის ნაცვლად

აუდიტის ანგარიშის თანახმად, გარდაბანსა და 6 სოფელს სასმელი წყლით უზრუნველყოფს  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ხოლო 2 სოფელს- „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

დანარჩენი სოფლების მოსახლეობას წყალი მიეწოდება სხვადასხვა დროს მოწყობილი წყლის სისტემებით, რომელთა გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ − „გარდაბანსერვისი“. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულ სისტემებზე გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, წყალი არ იწმინდება და მოსახლეობას მიეწოდება ტექნიკური წყალი. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, წყალი ლაბორატორიულად მოწმდება მხოლოდ ახალი ჭაბურღილის ან ახალი სათავე ნაგებობის მოწყობის დროს, ერთჯერადად.

“სხვა შემთხვევებში კი მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი არ ხორციელდება. შესაბამისად, არ არის დადასტურებული სასმელი წყლის უსაფრთხოება და უვნებლობა”, — ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში ასევე მოხვდა ახალსოფლის, ნორიოსა და მარტყოფის წყალმომარაგების ქსელის სამუშაოების პროექტიც. 2016 წელს სახელმწიფომ გარდაბნის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა სოფლების — ახალსოფლის, ნორიოსა და მარტყოფის — წყალმომარაგების ქსელის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია.

ამ პროექტის საფუძველზე, 2017 წლის მაისში მუნიციპალიტეტმა, გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება გაუფორმა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამუშაოების შესასყიდად. პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარი იყო, ხოლო სამუშაოების დასრულების თარიღად 2017 წლის 29 დეკემბერი განისაზღვრა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის სამუშაოები „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქვეკონტრაქტორმა − შპს „კომფორტმშენ XXI”-მა შეასრულა. აუდიტის სამსახურის ცნობითვე, დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობის პროცესში შემსრულებელი კომპანიის მიერ გამოვლინდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის მიწოდებას. ამ მიზეზების გამო კი სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა და გადავადდა სამჯერ − 2018 წლის 31 მაისამდე, თუმცა ამ ვადაშიც ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება. ამ ეტაპისთვის შესრულებული იყო დაახლოებით 4.6 მილიონი ლარის სამუშაო, რაც მერიამ აანაზღაურა.

საბოლოოდ, მიმწოდებლის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტმა 2018 წლის პირველ ივნისს შეწყვიტა ხელშეკრულება იმ გარემოებით, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც დაადასტურა საზედამხედველო საექსპერტო კომპანიამ „ოპტიმალ გრუპ+“-მა.

სამუშაოების გასაგრძელებლად, 2019 წლის 8 თებერვალს მუნიციპალიტეტმა ახალი ხელშეკრულება გაუფორმა გამარტივებული შესყიდვის გზით, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას”. ხელშეკრულებით, მუნიციპალიტეტს კომპანიისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაეხადა. ამ ეტაპზეც სამუშაოებს ასრულებდა ქვეკონტრაქტორი – შპს „კომფორტმშენ XXI“. სამუშაოების დასრულების ვადად ამჯერად 2019 წლის 8 დეკემბერი განისაზღვრა.

“2019 წლის 6 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 30 ივნისამდე. წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ  „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ამ პერიოდშიც ვერ უზრუნველყო ელექტროენერგიის მიწოდება. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოების გაგრძელება გადაწყვეტილი იყო იმავე კომპანიის მიერ, შემსრულებელს საკმარისი ვადა ჰქონდა, წინასწარ მოეგვარებინა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზები. საბოლოოდ, მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა 2020 წლის 30 ივნისს.”

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამით დასრულდა წყალმომარაგების სამუშაოების პირველი ეტაპი. მეორე ეტაპის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს.

“მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების სამუშაოები გრძელდებოდა 2 წლისა და 6 თვის განმავლობაში და დაიხარჯა 7 932 600 ლარი, მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების საკითხი კვლავ მოუგვარებელია”, – წერია შესაბამისობის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. ამასთანავე, უმრავლეს შემთხვევაში მიეწოდება ტექნიკური წყალი.

“პრობლემა სისტემურია, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია. მუნიციპალიტეტმა წყალმომარაგების სამუშაოები აწარმოა უხარისხო პროექტით. შედეგად, 2017 წლის მაისში დაწყებული წყალმომარაგების სამუშაოები, ნაცვლად 2017 წლის დეკემბრისა, გაჭიანურდა და საბოლოოდ 2020 წლის ივნისში დასრულდა”, – აცხადებს აუდიტის სამსახური.

როგორ დახარჯა 393 ტონა საწვავი გარდაბნის მერიამ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშში ასევე მოხვდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილებიც. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 84-ით აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ოდენობას.

საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 23 სამორიგეო და 69 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანით, ხოლო 2019 წელს − 19 სამორიგეო და 76 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით. აუდიტის სამსახურის ცნობითვე, 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ დაიხარჯა 800 ათას ლარზე მეტი ღირებულების 393 ტონა საწვავი.

“აუდიტის ჯგუფის მიერ მერიიდან გამოთხოვილ იქნა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები [სისტემის მეშვეობით საწვავი გამოიყენება მხოლოდ ავტორიზებულ ავტომანქანებზე და მინიმუმამდეა დაყვანილი არამიზნობრივი ხარჯვის რისკები], რომელთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. 2018-2019 წლებში სულ გამოვლინდა 191 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 3.1 ტონა საწვავი”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

სწარო: აუდიტის სამსახური

აუდიტმა მოიკვლია, რომ 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ 5 ტონამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში. ასევე გამოვლინდა, რომ 500 ლიტრამდე საწვავი დახარჯულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე. გარდა ამისა, 6 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაში.

გარდაბნის მერიამ ნეტგაზეთთან არც ამ საკითხის განმარტება ისურვა. უწყების წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ ისინი ამას მოგვიანებით გააკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი