საზოგადოება

რა ვიცით „ოცნებისა“ და ენმ-ის ძველ და ახალ პოლიტტექნოლოგებზე

17 დეკემბერი, 2023 • 1628
რა ვიცით „ოცნებისა“ და ენმ-ის ძველ და ახალ პოლიტტექნოლოგებზე

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს ორი უმსხვილესი პარტია – მმართველი „ქართული ოცნება“ და მთავარი ოპოზიციური ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ მიმართავენ უცხოელი პოლიტტექნოლოგებისა და კონსულტანტების მომსახურებას.

პირველად „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ საჯაროდ დაქირავებული უცხოელი პოლიტტექნოლოგები 2018-ში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰყავდათ – მოშე კლუგჰაფტი „ოცნებას“ და ვიტალი შკლიაროვი „ნაციონალურ მოძრაობას“.

ამჯერად, „ოცნების“ სტრატეგიული მრჩეველი კვლავ კლუგჰაფტია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ბრიტანელი ბენ მალეტი დაიქირავა.

„ნეტგაზეთმა“ მათზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეკრიბა.

მოშე კლუგჰაფტი

კლუგჰაფტისა და მისი კარიერის შესახებ „ნეტგაზეთი“ აქამდეც არაერთხელ წერდა. მას პოლიტიკური კამპანიის წარმოების საკმაო გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს

თავად კლუგჰაფტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად:

  • მუშაობდა რუმინეთში, 2016 წელს, გამარჯვებულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში

როგორც The Jerusalem Post წერს, კლუგჰაფტის ამ პოზიციაზე შერჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენების უნარი იყო.

როგორც გამოცემა წერს, კამპანიის ფარგლებში კლუგჰაფტმა პარტიის იმიჯი შეცვალა და აქცენტი ახალგაზრდებსა და პატრიოტულ გზავნილებზე გააკეთა.

პიარის სპეციალისტი კამპანიის ფარგლებში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის კამპანიაში ისეთ მესიჯებს იყენებდა, რომელიც როგორც წესი, მემარჯვენე პარტიების მიერ გამოიყენება ხოლმე. სლოგანად კი „გაბედე, გჯეროდეს რუმინეთის“ შეარჩია.

თუმცა, როგორც The Jerusalem Post წერს, კამპანიის ფარგლებში ნეგატიური რეკლამებიც გამოიყენებოდა. მათ შორის მომზადდა რგოლები, რომლებშიც აცხადებდნენ, რომ სხვა პარტიების წარმომადგენლებს ქვეყნის მომავლის არ სჯეროდათ.

სხვა ვიდეორგოლებში უფროსი ასაკის მოქალაქეები ახალგაზრდებს ქვეყნის მომავლისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ. მომზადდა რეკლამა, როგორ ცდილობს რუმინეთის მოქალაქე ბიუროკრატიასთან გამკლავებას მართვის მოწმობის მისაღებად და მოქალაქეების რეაქცია, რომლებსაც ბუკლეტები დაურიგეს, რომელშიც თითქოს მოქმედი ხელისუფლების მიღწევებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, თუმცა შიგნით არაფერი ეწერა.

მოშე კლუგჰაფტი საქართველოში მუშაობისას, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად.

  • მუშაობდა ავსტრიაში, 2017 წელს, კვლავ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში

კლუგჰაფტი ქვეყნის ყოფილი კანცლერის, კრისტიან კერნის მრჩეველი იყო. კერნის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.

როგორც  „გარდიანი“ წერს, ავსტრიის წინასაარჩევნო გარემო ბრალდებების და სკანდალების ფონზე მიმდინარეობდა. კრისტიან კერნს და მის პარტიას ვებგვერდების შექმნასა და დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ, რომლებზეც ქსენოფობიური და ანტისემიტური კონსპირაციული თეორიები ვრცელდებოდა, რათა მთავარი ოპონენტი და ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერების დისკრედიტაცია მომხდარიყო.

სკანდალი, რომელმაც ავსტრიის პოლიტიკური სივრცე მოიცვა, კენჭისყრის დღემდე ორი კვირით ადრე დაიწო და სულ მცირე ორ ფეისბუკ გვერდს ეხებოდა. ორივე გვერდი კერნის მთავარი კონკურენტის, სებასტიან კურცის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ერთ-ერთ ასეთ გვერდს „სიმართლე სებასტიან კურცის შესახებ“ ერქვა და 16 000 მიმდევარი ჰყავდა. ამ გვერდზე კი ფოტომანიპულაციები და ვიდეო კლიპები ვრცელდებოდა, სადაც თითქოსდა ჩანდა, რომ კურცი ფარულად ქმნიდა საფუძველს ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოებიდან მიგრანტთა ახალი ტალღის შემოსაყვანად.

კიდევ ერთ საიტზე კი, რომელიც შენიღბული იყო ისე, თითქოს მას „ავსტრიის სახალხო პარტიის“ მხარდამჭერები მართავდნენ, წინააღმდეგობრივი შინაარსის მასალა ვრცელდებოდა. გვერდი გამოირჩეოდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმით და იტალიიდან ავსტრიის საზღვარზე ათასობით მიგრანტის შემოსვლით აშინებდა ხალხს.

კლუგჰაფტის სახელს უკავშირდება პოპულარული წინასაარჩევნო ვიდეო რგოლიც, რომელშიც კრისტიან კერნი პიცის დისტრიბუტორის ფორმაშია გამოწყობილი და მოქალაქეებთან შეკვეთა მიაქვს, მათ რეაქციებს კი ფარული კამერით იწერენ.

„პროვოკაცია, როგორც წარმატების რეცეპტი“ – ამ სათაურით შეაფასა ავსტრიულმა Die Presse-მ კლუგჰაფტის მოღვაწეობა.

  • საქმიანობდა ისრაელში

თავად კლუგჰაფტის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, სხვადასხვა დროს იგი იყო შიმონ პერესის [ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი] ბოლო კამპანიის მენეჯერი, ასევე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა მაღალჩინოსნების მრჩეველი. კლუგჰაფტი იმასაც აღნიშნავს, რომ 2012 წელს „ებრაელთა სახლის პარტიის“ კამპანიას უხელმძღვანელა და არჩევნებამდე ორი თვით ადრე არსებული 2%-იანი რეიტინგი ქნესეთში [პარლამენტში] 12 მანდატად აქცია.

თუმცა, კლუგჰაფტის საიტზე არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ 2018 წლის მარტში ისრაელის მემარცხენე მწვანეთა პარტიის ახალარჩეულმა ლიდერმა, თამარა ზანდბერგმა კლუგჰაფტთან თანამშრომლობის გამო ბოდიში მოიხადა. მან მწუხარება გამოთქვა, რომ რომ იმ პირს მიმართა კონსულტაციისთვის, რომელიც წარსულში ისრაელის მემარცხენე პარტიების, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კამპანიით გამოირჩეოდა.

როგორც The Times of Israel წერს, კლუგჰაფტი 2015-2016 წლებში “გამჟღავნების” კამპანიის უკან იდგა, რომლის ფარგლებშიც მემარცხენე აქტივისტებს, ორგანიზაციებს  და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირებს მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, უცხოეთიდან მართულ ჯაშუშებად აფასებდნენ.

  • მუშაობდა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში

როგორც ზემოთაა აღნიშნული, კლუგჰაფტი 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილის კამპანიაშიც მუშაობდა. ზურაბიშვილისა და მმართველი პარტიის აგიტაცია ოპონენტის, კერძოდ კი გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა.

ამ კამპანიში კლუგჰაფტის წვლილი „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საინტერესოდ“ შეაფასა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში სულ ოდნავ გაუსწრო გრიგოლ ვაშაძეს, ბანერებზე ზურაბიშვილის ფოტოს „ოცნების“ ლიდერებით ჩანაცვლების იდეა სწორედ კლუგჰაფტს ეკუთვნოდა.

სალომე ზურაბიშვილის კამპანიის ბანერი, თუმცა, ირაკლი კობახიძის გამოსახულებით.

„მათ საინტერესო რჩევები ჰქონდათ, რაც დაგვეხმარა ჩვენ შესაბამისი შედეგის მიღწევაში. ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, რომ ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ და ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. შესაბამისად, დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„2018 წელს კლუგჰაფტი იყო სალომე ზურაბიშვილის სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი და გაუძღვა 60%-40%-იან გამარჯვებას ენმ-ის კანდიდატის წინააღმდეგ“, – ასე ხასიათდება კლუგჰაფტის მოღვაწეობა საქართველოში მისივე საიტზე.

  • არის საკმაოდ რეიტინგული სერიალის სცენარისტი

კლუგჰაფტის საიტზე სხვა ცნობებიცაა მისი პოლიტიკური [და არა მარტო] კარიერის შესახებაც. კერძოდ, ნათქვამია, რომ იგი მუშაობდა გერმანიის საგარეო უწყების მაღალჩინოსნებთან. ასევე, კოსოვოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან და დამოუკიდებელ პოლიტიკოსთან მილანში. გარდა ამისა, ნათქვამია მის მუშაობაზე სხვა ქვეყნებში. Israel National News ამ ქვეყნებს შორის საბერძნეთს ასახელებს. ამ შემთხვევებში დეტალური ინფორმაცია მოცემული არაა.

პოლიტტექნოლოგის გვერდზე იმასაც ვკითხულობთ, რომ იგი ისრაელური სერიალის, „ჩრდილოვანი მთავრობის“ სცენარისტია და მუსიკოსიც, რომელსაც სიმღერები არაერთი წამყვანი ისრაელელი არტისტისთვის დაუწერია.

ბენ მალეტი

კლუგჰაფტთან შედარებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ კონსულტანტზე საჯაროდ ცნობები ნაკლებად მოიპოვება. საქართველოში მისი სახელი 13 ნოემბერს გახდა ცნობილი, როცა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს.

ბენ მალეტი ბრიტანელი პოლიტოლოგია, რომელიც კონსერვატიული პარტიის ლიდერებთან, კერძოდ კი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, დეივიდ კემერონთან მუშაობდა.

მალეტი ამჟამად „მესინა გრუპის“ საერთაშორისო კამპანიების დირექტორია. ეს ამერიკული კომპანიაა, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯიმ მესინა – ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ობამას 2012 წლის კამპანიის მონაწილე. ობამას გარდა, იგი მუშაობდა სხვა ლიდერებთანაც – დეივიდ კემერონთან, მატეო რენცისთან, ტერეზა მეისთან და სხვა. „მესინა გრუპი“ ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მუშაობს, თუმცა ბევრი დეტალი საჯაროდ ცნობილი არაა.

ჯიმ მესინა ბარაკ ობამასთან ერთად.

რაც შეეხება თავად მალეტს, „მესინა გრუპის“ საიტზე მის პროფილში ვკითხულობთ, რომ იგი, კემერონისა და ჯონსონის გარდა, მუშაობდა ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან ზაკ გოლდსმიტთან და „არაერთ ამერიკელ, ევროპელ და ბრიტანელ პოლიტიკოსთან“. კონკრეტულად ვისთან, ცნობილი არაა.

იქვეა აღნიშნული, რომ მალეტის ბოლო გამოცდილება მოიცავს კომუნიკაციების სტრატეგიისა და კვლევის საკითხებში მრჩევლობას ესპანეთის ყოფილი პრემიერისთვის, მარიანო რახოისთვის და კენიის პრეზიდენტისთვის, უჰურუ კენიატასთვის. იგი ასევე ყოფილა 2021 წელს, ლონდონის მერის არჩევნებზე კონსერვატორთა კამპანიის ხელმძღვანელი. მაშინ მათმა მერობის კანდიდატმა, შონ ბეილიმ მარცხი განიცადა მეორე ტურში.

ბენ მალეტი 2020-ში, კორონავირუსის შეზღუდვების მიუხედავად გამართულ წვეულებაზე. მალეტი არის სულ ქვემოდან, მარჯვნივ, ჰალსტუხში.

მალეტზე ყველაზე მეტი საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია 2020-ის სკანდალს უკავშირდება. მაშინ, კორონავირუსის გამო გამოცხადებული ლოკდაუნის პირობებში, მალეტი, პრემიერ ბორის ჯონსონის თანაშემწე, მონაწილეობდა წვეულებაში, მიუხედავად მასობრივი ღონისძიებების აკრძალვისა.

ჯონსონმა, გადადგომისას, მალეტი ბრიტანეთის იმპერიის ორდენითაც დააჯილდოვა.

წვეულებაში მონაწილეობის გამო, პეტიციაც კი შეიქმნა, რომელიც ითხოვს, მალეტს ეს ჯილდო ჩამოერთვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი