ახალი ამბები

ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობის მცდელობაში

22 თებერვალი, 2024 • 1439
ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობის მცდელობაში

ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა ფოლად ომაროვი, რომელსაც ამერიკული მხარე აშშ-ის მოქალაქისა და ირანის ხელისუფლების კრიტიკოსის, მასიჰ ალინეჯადის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, იტყობინება „ამერიკის ხმა“.

ალინეჯადი, ირანის ხელისუფლების კრიტიკის გარდა, სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა ირანში ქალთა პროტესტების ვიდეოებს.

ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ომაროვი ამერიკულ მხარეს ოთხშაბათს, 21 თებერვალს გადაეცა. იგი 2023 წლის იანვარში დააკავეს, თუმცა ექსტრადიცია გაიწელა ომაროვის დაცვის მიერ სასამართლოში ჩივილის გამო. სასამართლოს ყველა ინსტანციამ უარი თქვა ექსტრადიციის შეჩერებაზე.

მკვლელობის მცდელობის გარდა, აშშ ომაროვს ფულის გათეთრებასაც ედავება.

ამერიკული მხარის ცნობით, ომაროვი ჩეხეთისა და სლოვენიის მცხოვრებელია. ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო წერს, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი