საზოგადოება

ენმ-ის ბრიტანელი პიარკონსულტანტი ქვეყანაში არ შემოუშვეს – ხაბეიშვილი

13 ნოემბერი, 2023 • 1123
ენმ-ის ბრიტანელი პიარკონსულტანტი ქვეყანაში არ შემოუშვეს – ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის პიარკონსულტანტი ბენ მალეტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, საქართველოში არ შემოუშვეს.

ხაბეიშვილის თქმით, მალეტი ქვეყანაში მანამდეც იმყოფებოდა, თუმცა გამგზავრებიდან ორ დღეში, უკან დაბრუნებული, მესაზღვრეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღარ შემოუშვეს:

„ეს კაცი არ შემოუშვეს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე იყო საქართველოში, მაგრამ მაშინ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენთან იწყებდა მუშაობას. როდესაც აღმოაჩინეს თვალთვალის შედეგად, რომ ჩვენს ოფისებში დადიოდა, ჩვენთან ჰქონდა შეხვედრები და ჩვენთან მუშაობდა, ორი დღით წასულ ადამიანს აღარ უშვებენ“ ,— განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ბენ მალეტი ამერიკული საკონსულტაციო კომპანია TMG-ის საერთაშორისო კამპანიების მიმართულების დირექტორია. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, მალეტი წარსულში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების, ბორის ჯონსონისა და დეივიდ კემერონის მრჩეველი იყო.

ამასთან, როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზეა ნათქვამი, ბენ მალეტი ხელმძღვანელობდა არაერთ კამპანიას დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. ის ასევე უძღვებოდა ლონდონის კონსერვატიული პარტიის კანდიდატის კამპანიას ლონდონის მერის ბოლო არჩევნებზე

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი