საზოგადოება

„ოცნებამ“ მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი დაიქირავა

13 დეკემბერი, 2023 •
„ოცნებამ“ მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი დაიქირავა

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდისთვის სტრატეგიული მრჩევლები აიყვანა – მოშე კლუგჰაფტი და მირი მიქაელი, კომპანია ACT NEWS-ის დამფუძნებლები.

„ოცნების“ განცხადების თანახმად, კლუგჰაფტი „არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელ მსოფლიოში“ და მუშაობის გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარეებთან. სწორედ „კლუგჰაფტი მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება მირი მიქაელს, „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ბოლო 17 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც ჟურნალისტი ისრაელის წამყვან ტელეარხებზე“. კორესპონდენტად მუშაობისას ინტერვიუ ჩამოართვა მსოფლიოს ბევრ ლიდერს, მათ შორის ბორის ჯონსონს და ანგელა მერკელს“.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“, – ციტირებს „ოცნება“ კლუგჰაფტის განცხადებას.

ვინ არის მოშე კლუგჰაფტი

“აგრესიული და კრეატიული” – ასე აფასებს უცხოური მედია პოლიტტექნოლოგ მოშე კლუგჰაფტის საქმიანობას, რომელიც საქართველოში ერთხელ უკვე მოიწვიეს 2018 წლის არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად. ის ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც გამოჩნდა.

მოშე კლუგჰაფტი ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურიდან მუშაობდა, რა დროსაც თბილისში ენმ-ის საწინააღმდეგო ბანერები, საარჩევნო კლიპები და სლოგანი „პრინციპული არჩევანი“ გამოჩნდა. როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ორივე კანდიდატის წინააღმდეგ არაერთი ყალბი ამბავი და პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალი გავრცელდა მედიითა თუ სოციალური ქსელებით.

როგორც კლუგჰაფტის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, პოლიტტექნოლოგის გუნდი თანამშრომლობდა რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში ხმების 46 პროცენტი მოიპოვა და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას არჩევნები 20- პროცენტიანი სხვაობით მოუგო.

კლუგჰაფტი ასევე მუშაობდა ავსტრიის ყოფილ კანცლერთან, კრისტიან კერნთან, და აწარმოებდა კამპანიას ისრაელშიც.

პროვოკაცია, როგორც წარმატების რეცეპტი – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Diepresse, რომელშიც კლუგჰაფტის შესახებაა საუბარი ავსტრიის 2017 წლის არჩევნების კონტექსტში.

პიარტექნოლოგის საქმიანობამ ყურადღება მიიქცია ისრაელშიც: როგორც The Times of Israel წერს, კლუგჰაფტი 2015-2016 წლებში “გამჟღავნების” კამპანიის უკან იდგა, რომლის ფარგლებშიც ისრაელის მემარცხენე აქტივისტებს, ორგანიზაციებს  და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირებს, მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, უცხოეთიდან მართულ ჯაშუშებად აფასებდნენ.

2019 წელს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, უკრაინელმა ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კლუგჰაფტი თანამშრომლობდა იმხანად მოქმედ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთანაც, რომელიც მეორე ვადით არჩევისთვის იბრძოდა. როგორც პოროშენკოს, ისე პოლიტტექნოლოგის წარმომადგენლებმა ეს ცნობები უარყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი