მოშე კლუგჰაფტი და ვიტალი შკლიაროვი – ვინ არიან “ოცნებისა” და ვაშაძის პოლიტტექნოლოგები

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებული და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება. როგორც “სამართლიანი არჩევნები” საკუთარ ანგარიშში წერს, საარჩევნო გარემო პირველ ტურთან შედარებით კიდევ უფრო მეტად პოლარიზებული და ნეგატიური გახდა მეორე ტურში.

წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას როგორც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ასევე “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უცხოელი პოლიტტექნოლოგების მომსახურებით სარგებლობენ.

ზურაბიშვილს კონსულტაციას ისრაელის მოქალაქე მოშე კლუგჰაფტი უწევს, ვაშაძის კამპანიას კი აშშ-ს მოქალაქე (წარმოშობით ბელარუსიდან) ვიტალი შკლიაროვი ხელმძღვანელობს.  ორივე მათგანი სხვადასხვა დროს არაერთ ქვეყანაში გამართულ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.

შკლიაროვი ვაშაძის კამპანიაში პირველივე ტურიდან მონაწილეობს. ეს ის დროა, როდესაც მმართველი გუნდი ოპოზიციას ადანაშაულებდა აგრესიულ, ოპონენტის დისკრედიტაციაზე ორიენტირებულ კამპანიაში, იგულისხმება საარჩევნო კლიპები ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ექსცესები მის საარჩევნო შეხვედრებზე.

მოშე კლუგჰაფტი ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურიდან მუშაობს, რა დროსაც თბილისში ენმ-ს საწინააღმდეგო ბანერები, საარჩევნო კლიპები და სლოგანი “პრინციპული არჩევანი” გამოჩნდა. როგორც პირველ ასევე მეორე ტურში ორივე კანდიდატის წინააღმდეგ არაერთი ყალბი ამბავი და პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალი გავრცელდა მედიითა თუ სოციალური ქსელებით.

ნეტგაზეთი მედიაში ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ ცნობებს მოშე კლუგჰაფტისა და ვიტალი შკლიაროვის შესახებ.

მოშე კლუგჰაფტი

“აგრესიული და კრეატიული” – ასე აფასებს უცხოური მედია პოლიტ-ტექნოლოგის, მოშე კლუგჰაფტის საქმიანობას, რომელიც საქართველოში სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად მოიწვიეს.

როგორც კლუგჰაფტის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, პოლიტტექნოლოგის გუნდი თანამშრომლობდა რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში ხმების 46 პროცენტი მოიპოვა და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას არჩევნები 20 პროცენტიანი სხვაობით მოუგო. კლუგჰაფტი ასევე მუშაობდა ავსტრიის ყოფილ კანცლერთან კრისტიან კერნთან, და აწარმოებდა კამპანიას ისრაელშიც.

2016 წლის არჩევნები რუმინეთში

რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს გაიმართა. გამარჯვებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის კამპანიის მენეჯერი სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო.

როგორც The Jerusalem Post წერს, კლუგჰაფტის ამ პოზიციაზე შერჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის სოციალური ქსელების ეფექტურად გმაოყენების უნარი იყო.

როგორც გამოცემა წერს, კამპანიის ფარგლებში კლუგჰაფტმა პარტიის იმიჯი შეცვალა და აქცენტი ახალგაზრდებსა და პატრიოტულ მესიჯებზე გააკეთა.

ამავე პუბლიკაციის მიხედვით, პიარის სპეციალისტი კამპანიის ფარგლებში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის კამპანიაში ისეთ მესიჯებს იყენებდა, რომელიც როგორც წესი, მემარჯვენე პარტიების მიერ გამოიყენება. სლოგანად კი “გაბედე, გჯეროდეს რუმინეთის” შეარჩია.

კლუგჰაფტის გუნდი მოუწოდებდა ახალგაზრდებს მათთვის პატარა ვიდეოები გაეგზავნათ, სადაც იტყოდნენ, რომ მათ სჯერათ რუმინეთის.

ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ახალგაზრდები აცხადებენ, რომ სჯერათ რუმინეთის, ამ დროს კი სიცრუის დეტექტორზე გადიან შემოწმებას.

თუმცა, როგორც The Jerusalem Post წერს, კამპანიის ფარგლებში ნეგატიური რეკლამებიც გამოიყენებოდა. მათ შორის მომზადდა რგოლები, რომლებშიც აცხადებდნენ, რომ სხვა პარტიების წარმომადგენლებს ქვეყნის მომავლის არ სჯეროდათ.

სხვა კრეატიულ ვიდეორგოლებში უფროსი ასაკის მოაქალაქეები ახალგაზრდებს ქვეყნის მომავლისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ. მომზადდა რეკლამა, როგორ ცდილობს რუმინეთის მოქალაქე ბიუროკრატიასთან გამკლავებას მართვის მოწმობის მისაღებად და მოქალაქეების რეაქცია, რომლებსაც ბუკლეტები დაურიგეს, რომელშიც თითქოს მოქმედი ხელისუფლების მიღწევებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, თუმცა შიგნით არაფერი ეწერა.

2017 წლის არჩევნები ავსტრიაში

პროვოკაცია, როგორც წარმატების რეცეპტი – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Diepresse, რომელშიც კლუგჰაფტის შესახებაა საუბარი.

არჩევნები ავსტრიაში 2017 წელს გაიმართა. კლუგჰაფტი ქვეყნის ყოფილი კანცლერის, კრისტიან კერნის მრჩეველი იყო. კერნის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.

კერნის კამპანიას პოლიტიკური სტრატეგიების სპეციალისტი ტალ სილბერშტეინი ხელმძღვანელობდა, რომლის გუნდშიც, როგორც Haaretz წერს, მოშე კლუგჰაფტიც შედიოდა. ეს ამბავი კლუგჰაფტის ოფიციალურ საიტზეც დასტურდება.

სილბერშტეინს და მის გუნდს The Guardian-ის თქმით გაწულ მომსახურებაში 400 000 ევრო უნდა მიეღოთ.

თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, სილბერშტეინი დაითხოვეს, რადგან ისრაელში მის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ავსტრიული მედია სილბერშტეინის გუნდს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ისინი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებას ოფიციალურად დათხოვნის შემდეგაც აგრძელებდნენ.

როგორც  The Guardian წერს, ავსტრიის წინასაარჩევნო გარემო ბრალდებების და სკანდალების ფონზე მიმდინარეობდა. კრისტიან კერნს და მის პარტიას ვებ გვერდების შექმნასა და დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ, რომლებზეც ქსენოფობიური და ანტისემიტური კონსპირაციული თეორიები ვრცელდებოდა, რათა მთავარი ოპონენტი და ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერების დისკრედიტაცია მომხდარიყო.

სკანდალი, რომელმაც ავსტრიის პოლიტიკური სივრცე მოიცვა, კენჭისყრის დღემდე ორი კვირით ადრე დაიწო და სულ მცირე ორ ფეისბუკ გვერდს ეხებოდა. ორივე გვერდი კერნის მთავარი კონკურენტის, სებასტიან კურცის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ერთ-ერთ ასეთ გვერდს “სიმართლე სებასტიან კურცის შესახებ” ერქვა და 16 000 მიმდევარი ჰყავდა. ამ გვერდზე კი ფოტომანიპულაციები და ვიდეო კლიპები ვრცელდებოდა, სადაც თითქოსდა ჩანდა, რომ კურცი ფარულად ქმნიდა საფუძველს ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოებიდან მიგრანტთა ახალი ტალღის შემოსაყვანად.

კიდევ ერთ საიტზე კი, რომელიც შენიღბული იყო ისე, თითქოს მას “ავსტრიის სახალხო პარტიის” მხარდამჭერები მართავდნენ, წინააღმდეგობრივი შინაარსის კონტენტი ვრცელდებოდა. გვერდი გამოირჩეოდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმით და იტალიიდან ავსტრიის საზღვაარზე ათასობით მიგრანტის შემოსვლით იმუქრებოდა.

კლუგჰაფტის სახელს უკავშირდება პოპულარული წინასაარჩევნო ვიდეო რგოლიც, რომელშიც კრისტიან კერნი პიცის დისტრიბუტორის ფორმაშია გმაოწყობილი და მოქალაქეებთან შეკვეთა მიაქვს, მათ რეაქციებს კი ფარული კამერით იწერენ.

კლუგჰაფტის საქმიანობა ისრაელში

2018 წლის მარტში ისრაელის მემარცხენე მწვანეთა პარტიის ახალარჩეულმა ლიდერმა, თამარა ზანდბერგმა კლუგჰაფტთან თანამშრომლობის გამო ბოდიში მოიხადა. როგორც Meretz-ის ლიდერმა საკუთარ განცხადებაში დაწერა, წუხს, რომ იმ პირს მიმართა კონსულტაციისთვის, რომელიც წარსულში ისრაელის მემარცხენე პარტიების, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინაარმდეგო, წინააღმდეგობრივი კამპანიით გამოირჩეოდა, ზანდბერგმა, რომელმაც 71 პროცენტიანი მარდაჭერა მოიპოვა, ეს გადაწყვეტილება შეცდომად შეაფასა.

როგორც The Jerusalem Post წერს, კლუგჰაფტი ისრაელის არაერთ მემარჯვენე პარტიის ლიდერს უწევდა კონსულტაციას და გეგმავდა კამპანიებს, რომლებიც “ახალი ისრაელის ფონდის” წინააღმდეგ იყო მიმართული. ფონდი ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში არსებულ მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელ ორგანიზაციას აერთიანებს.

როგორც The Times of Israel წერს, კლუგჰაფტი 2015-2016 წლებში “გამჟღავნების” კამპანიის უკან იდგა, რომლის ფარგლებშიც მემარცხენე აქტივისტებს, ორგანიზაციებს  და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირებს მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, უცხოეთიდან მართულ ჯაშუშებად აფასებდნენ.

ვიტალი შკლიაროვი

ვიტალი შკლიაროვი წარმოშობით ბელარუსი პოლიტტექნოლოგია. როგორც CNN წერს, შკლიაროვი ჩართული იყო ბარაკ ობამასა და ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო კამპანიებში.

შკლიაროვი, ბარაკ ობამას კამპანიაში, როდესაც ობამა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით იყრიდა კენჭს, მოხალისედ ჩაერთო. ბერნი სანდერსის კამპანიიაში კი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზის დროს ოფიციალურად მონაწ.

ამასთან, შკლიაროვი ჩართული იყო რუსეთში გამართულ  მუნიციპალურ არჩევნებში, როგორც დიმიტრი გუდკოვის კამპანიის ხელმძღვანელი და მუშაობდა ქსენია სობჩაკთან რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც.

საქართველოში ჩამოსვლა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გრიგოლ ვაშაძის კამპანიის დაგეგმვა შკლიაროვს, როგორც “რადიო თავისუფლებასთან” ინტერივუში თავად ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. პოლიტ-ტექნოლოგის თქმით, ის ერთ-ერთია “იმ მცირე რაოდენობის ექსპერტთა შორის, რომლებიც სპეციალიზებული არიან ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე” და გრიგოლ ვაშაძის კამპანიაში ჩართვაც ამიტომ შესთავაზეს.

შკლიაროვის საქმიანობა რუსეთში

გუდკოვის კოალიციამ, რომელიც რუსეთში მოღვაწე პუტინის მოწინააღმდეგე ,ოპოზიციურ, ლიბერალურ ძალებს აერთიანებდა, მოსკოვის ქალაქის საბჭოში 1 502-დან 250 მანდატის მოპოვება შეძლო. შკლიაროვი სწორედ გუდკოვისთვის მუშაობდა ამ არჩევნებში.

როგორც დიმიტრი გუდკოვმა “რადიო თავისუფლების” რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, ამ შედეგებით ოპოზიციამ პუტინის მიერ 17 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართულ სისტემაში მცირე წარმატებას მიაღწია:

“ამომრჩევლების თავში რევოლუცია მოხდა. ამით დადასტურდა, რომ ხალხს სერიოზული ცვლილებები სჭირდება” , – ამბობდა ის.

გუდკოვის კოალიცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს ინოვაციურ პლატფორმას იყენებდა, რომელსაც “პოლიტიკური უბერი” დაარქვეს.

პლატფორმა დაეხმარა  1 000-ზე მეტ კანდიდატს, რომელთა უმეტესობა პოლიტიკაში პირველად ჩაერთო, დოკუმენტების რეგისტრაციასა და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში. ასევე სააგიტაციო მასალის დიზაინის შექმნასა და მომზადებაში.

პლატფორმის გამოყენებით სუბიექტები შემოწირულობებს უფრო გამჭვირვალედ იღებდნენ, ქმნიდნენ გუნდს, ონლაინ სივრცეში აქვეყნებდნენ სიახლეებს და გეგმავდნენ კამპანიის ფარგლებში გასამართ შეხვედრებს.

როგორც NPR წერს, ვებსაიტი ასობით პოლიტიკოსის ვირტუალური შტაბი გახდა, რომელიც პრო-კრემლისტური კანდიდატების წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ.   

პლატფორმის შემქმნელებს სურდათ პოლიტიკაში ელიტიზმის აღმოფხვრა, ძვირადღირებული კამპანიით, ოფისებით, იურისტებით კონსულტანტებითა და სატელევიზიო რეკლამებით:

“ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პარადიგმა შეცვეცვალა და პოლიტიკა ხალხისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. “პოლიტიკური უბერი” საშუალებას აძლევს უბრალო ადამიანებს პარტიასთან აფილირებისა და ბევრი ფულის გარეშე პოლიტიკაში ჩაერთოს” – უთხრა ვიტალი შკლიაროვმა aljazeera-ს.

გუდკოვთან მიღწეული წარმატების შემდეგ კი რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარება ვიტალი შკლიაროვს კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა, ქსენია სობჩაკმა სთხოვა.

როგორც The New York Times წერს, სობჩაკის მიერ კამპანიის დაწყების თაობაზე განცხადების გაკეთებისთანავე რუსეთში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და ექსპერტებმა გამოთქვეს ეჭვები, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას კრემლის თხოვნით  იღებდა, რათა პროცესს მეტი ლეგიტიმაცია მინიჭებოდა.

ამას ისიც დაემთხვა, რომ კანდიდატებს შორის არ დაარეგისტრირეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. იმის გამო, რომ ის სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია ქონების მითვისების საქმეში და თითქოსდა ნასამართლეობა ხელს უშლიდა კანდიდატად რეგისტრაციაში. თავად ნავალნი ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებდა.  სობჩაკი კრემლთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

ამ თემაზე კითხვა სობჩაკის პოლიტიკურ მრჩეველს, ვიტალი შკლიაროვს НАСТОЯЩЕЕ ВРЕМЯ-ს ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ ჰკითხა სობჩაკს პოლიტტექნოლოგმა კამპანიის დასაფინანსებლად ფული სად იშოვა, რაზეც შკლიაროვი პასუხობს, რომ ეს არ უკითხავს, თუმცა სობჩაკს ჰკითხა იყო თუ არა მისი კამპანია დაკავშირებული კრემლთან:

მან [სობჩაკმა] თქვა, რომ – არა. მითხრა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და დიდი ხანია გეგმავდა პოლიტიკაში ჩართვას. ის წინა წლებში ყველა ოპოზიციური ლიდერის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, რომლებსაც პატივს სცემდა და რომლებიც კრემლის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ” – თქვა შკლიაროვმა.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა შკლიაროვს ჰკითხა: ერთი და იგივეა თუ არა მისთვის კრემლთან დაკავშირებული და კრემის მიერ ნებადართული კამპანია. როგორც ჟურნალისტმა განმარტა,  რუსეთში არც ისე მარტივია ნებისმიერი ადამიანისთვის მოინდომოს და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა,  მით უმეტეს, თუ ის ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს, სობჩაკი კი არ უარყოფდა, რომ პუტინთან პირადი კომუნიკაცია მართლაც ჰქონდა, თუმცა არ უთქვამს რა თემაზე – შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ მან პუტინისგან ნებართვა მიიღო. 

ამ კითხვას შკლიაროვმა ასე უპაუსხა:

“მე ამ საკითხში გაცნობიერებული არ ვარ. თუმცა, მთავარი ისაა როგორ ააგო მან თავისი კამპანია და რას ამბობს.  სამწუხაროდ, მედია ცდილობს ის რომელიმე კატეგორიას მიაკუთვნოს. მე ვფიქრობ, ეს რუსეთისთვის დიდი პრობლემაა. ყველას პირდაპირ ყოფენ თავისიანებად და სხვებად, კრემლის მომხრებაად და მის მოწინააღმდეგეებად, ნავალნისკენ და მის წინაარმდეგ.

საქმე ამაში არაა, ყველაფერი შავი და თეთრი არაა. მე ვფიქრობ, თავად ფაქტი, რომ ის მისი ჩართულობით დაეხმარება ახალგაზრდებს პოლიტიკის შესახებ გაიგონ, ისაუბრონ პოლიტიკაზე, კარგია. რაც მეტი ხალხი იქნება პოლიტიკაში ჩართული, მით უკეთესია” – ამბობს შკლიაროვი.

НАСТОЯЩЕЕ ВРЕМЯ ასევე დაინტერესდა რატომ განაცხადა სობჩაკმა, რომ ნავალნის დარეგისტრირების შემთხვევაში კანდიდატურას მოხსნის ულტიმატუმის წაყენების სანაცვლოდ, რომ კანდიდატურას იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ ნავალნის კანდიდატებს შორის არ დაარეგისტრირებენ:

“ეს ორი სხვადასხვა თემაა, ერთია რომ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა და საერთოდ არავინ იქნება ასარჩევი და არჩევნები ისევ ძველებურად გაიმართება და მეორეა, რომ თუ ნავალნის დაარეგისტრირებენ, ის მას დაუთმობს ადგილს. ვფიქრობ ეს სწორი და სამართლიანია” – ამბობს შკლიაროვი.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2018 წლის მარტში გაიმართა და ქსენია სობჩაკი ხმების 1,6 პროცენტით მეოთხე ადგილზე გავიდა. არჩევნები ვლადიმერ პუტინის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ხმების 76 პროცენტი მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.