საზოგადოება

რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოცხადდა

28 ნოემბერი, 2023 • 1434
რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოცხადდა

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული სპეციალური ლიცენზია გაუქმდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 28 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწყო.

“სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები;  დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც  მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.  განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული ლიცენზია მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. უკმაყოფილების მთავარი საფუძველი მოსახლეობისთვის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღება გახდა. პროტესტის მონაწილეები ლიცენზიას  იმთავითვე უკანონოდ გაცემულად თვლიდნენ და სწორედ მოსახლეობისთვის გვერდის ავლის საფუძვლით ითხოვდნენ მის გაუქმებას.

18 ნოემბრიდან პროტესტმა ამბროლაურიდან თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოინაცვლა. პროტესტის მონაწილეებს 25 ნოემბრამდე არ აძლევდნენ საშუალებას, სამინისტროს ეზოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ კარავი გაეშალათ, სადაც ღამის გატარებასა და წვიმისთვის თავის შეფარებას შეძლებდნენ. აქტივისტებმა კარვის გაშლა პროტესტის მეშვიდე დღეს, 25 ნოემბერს გამართული აქციისას შეძლეს.

ამ თემაზე:

რა ელის რაჭის პროტესტს ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი