ახალი ამბებისაზოგადოება

25 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია დაანონსდა

21 ნოემბერი, 2023 • 1649
25 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია დაანონსდა

რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, სამუშაო დღის ბოლოს, რაჭის პროტესტის მონაწილეებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდა და უთხრა, რომ სამინისტროში “შეხვედრას აზრი არ აქვს”. მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” 25 ნოემბერს დიდ აქციას აანონსებს.

21 ნოემბერს, სამინისტროდან უარის მიღებამდე ექვსი საათით ადრე, “რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობის წევრებმა სამინისტროს პირადი ნომრები მიაწოდეს იმ იმედით, რომ მათზე საშვებს დაუშვებდნენ და შეხვედრა შედგებოდა სამინისტროში ტექნიკური დეტალების განსახილველად.

სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც გვარი არ დაასახელა,  აქტივისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა არ იქნება.  სამინისტროს თანამშრომელმა აქტივისტებს განუმარტა მიზეზი,  თუ რატომ არ შედგებოდა შეხვედრა, მისი თქმით, ეს იყო მოძრაობის წევრების გამოხმაურება მინისტრის ბრიფინგზე. 20 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიისთვის რაჭის ტყეების განსაკარგად 49-წლიანი ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცედურა, პროტესტს აზრი არ აქვს და მოძრაობა ქულებს იწერს.

ვრცლად ამ თემაზე:

“ქულების დაწერის მიზანი აქვთ” – მინისტრი რაჭის პროტესტზე

“მოდით, ახლა აგიხსნით. გუშინ თქვენ შემოგთავაზეთ რაჭის თემასთან დაკავშირებით შეხვედრა. პასუხი არ დაგვიბრუნდა. ამის შემდეგ მინისტრი მთავრობის სხდომაზე დეტალურად ხსნის ყველაფერს, რა პროცედურა მიდის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც მალე დასრულდება. თუმცა თქვენ მაგის მერე აკეთებთ ლაივს, სადაც ამბობთ, რომ სამინისტროს არ ვენდობით. ამბობთ, რომ ტყუილს ამბობს მინისტრი, არ ენდობით მინისტრს. ამიტომ აზრი არ აქვს შეხვედრას”, – ამბობს სამინისტროს თანამშრომელი აქტივისტებთან.

მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად”, შაბათს, 25 ნოემბერს, დიდ აქციას აანონსებს.

“შაბათს ჩავატარებთ დიდ აქციას. საათს დავაზუსტებთ და გეტყვით. მოგიწოდებთ, რომ გქონდეთ რეაგირება. მე აღარ ვიცი, რა უნდა ვთქვათ ისეთი, რომ ვიღაცას გულზე შეეხოს, აინთოს, მუხტი შეიძინოს და აქ მოსვლა გადაწყვიტოს. რა სიტყვები ჩაუყრიდა ამას საფუძველს, რომ ვიცოდეთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ მთლად ამდენი უნარებიც არ გვაქვს. არ ვიცი მე პირადად, მეტი რა უნდა ვისაუბროთ, რომ მეტი ადამიანი მოვიდეს, გააცნობიეროს, რომ ეს მისი პრობლემაა. პროტესტის უფლება წართმეული გვაქვს, დაგვცინიან, სულში გვაფურთხებენ პირდაპირი მნიშვნელობით. აფარებული ჰყავთ პოლიცია. ცელოფანს წამოიხურავ, ცემა-ტყეპით გემუქრება, ჩამოჯდები, მოდის და გეუბნება, ადექი, წადიო. კარვის გაშლაზე, გათბობაზე ლაპარაკი ზედმეტია”, – ამბობს გოლეთიანი სამინისტროდან შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ.

მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. მათი უკმაყოფილების მთავარი საფუძველი მოსახლეობისთვის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებაა. დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიით გადაცემული ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. 18 ნოემბრიდან პროტესტმა ამბროლაურიდან თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოინაცვლა. თბილისში პროტესტის ოთხი დღე მიიწურა და პროტესტის მონაწილეებს ამ დრომდე არ აძლევენ საშუალებას, სამინისტროს ეზოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ კარავი გაშალონ, სადაც ღამის გატარებასა და წვიმისთვის თავის შეფარებას შეძლებენ.

ამავე თემაზე:

დაკავებულთა ნაწილის ვინაობა და ადგილსამყოფელი უცნობია – რაჭის პროტესტის პირველი დღე თბილისში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი