ახალი ამბები

როგორ (ვერ) იცავენ ბავშვთა პერსონალურ მონაცემებს და ხელშეუხებლობას – ანგარიში

28 ნოემბერი, 2023 • 1068
როგორ (ვერ) იცავენ ბავშვთა პერსონალურ მონაცემებს და ხელშეუხებლობას – ანგარიში

“ფრაგმენტული, არასისტემური და არაკოორდინირებული” – ასე აფასებს “კანონის უზენაესობის ცენტრი” სახელმწიფო უწყებების მუშაობას ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე.

ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა, გაანალიზებულია როგორც პრევენციული მექანიზმები, ისე რეაგირება ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

“ერთ-ერთ გაკვეთილზე მასწავლებელმა თითქმის ყველა კლასელს გადაგვიღო ფოტო და ატვირთა facebook-ზე იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად “ვშრომობდით” საგაკვეთილო პროცესის დროს”, – უთხრა 14 წლის მოსწავლემ მკვლევარს და აღნიშნა, რომ ფოტოს გადაღება და გამოქვეყნება მასწავლებელს არც მათთან და არც მათ მშობლებთან არ შეუთანხმებია.

კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ გამოკითხა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლები ხშირად იღებენ ფოტოებს სასკოლო აქტივობების დროს და მათი ნებართვის გარეშე იტვირთება სოციალურ ქსელებში. არის შემთხვევები, როცა სხვადასხვა ჯგუფური აქტივობების დროს გადაღებულ ფოტო/ვიდეოებს თავად არასრულწლოვნები ათავსებენ სოციალურ ქსელში ისე, რომ ყველა მოქმედ პირს არ უთანხმდებიან. გამოკითხული არასრულწლოვნების თქმით, ეს ხშირად უქმნით პრობლემებს.

აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები ყველაზე მტკივნეულად განიცდიან მათი აკადემიური მოსწრებისა თუ ყოფაქცევის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ, თუნდაც საკუთარ კლასელებთან განხილვას.

“ერთ-ერთი მოსწავლე მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე ასე შეაფასა: საკონტროლოში ჩანდა, რომ არ გაქვს ზოგადი განათლება”, – ამბობს 17 წლის მოსწავლე საჯარო სკოლიდან.

“ჩემს კლასში ერთი ახალი ბავშვი გადმოვიდა მიმდინარე წელს. ახლად გადმოსულ ბავშვს ჩვენმა მასწავლებელმა უთხრა, რომ მთელი სკოლა ჭორაობდა მის დაბალ ნიშნებზე. ბავშვი გაწითლდა, არ ესიამოვნა და შეიქმნა ძალიან ცუდი სიტუაცია”, – ჰყვება 13 წლის მოსწავლე კერძო სკოლიდან.

“კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორი, ლონდა თოლორაია, რომელიც იქამდე, 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ინსპექტორი იყო, ამბობს, რომ საგანმანათლებლო სისტემაში ბავშვთა უფლებების შესახებ ყველაზე ინფორმირებული არიან  მანდატურები. თუმცა აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა ინფორმირება შემოიფარგლება სკოლებში ძირითადად კიბერბულინგის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებით. თოლორაიას თქმით, კვლევისას გამოკითხულ არასრულწლოვნებს ამ საკითხებზე ინფორმაცია მეტწილად მშობლებისგან აქვთ და არა მასწავლებლებისგან.

სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხები ძირითადად ისეთ საგნებში ისწავლება, როგორიცაა “მოქალაქეობა” და “მე და საზოგადოება”.  თუმცა ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ცოდნაც ფრაგმენტული და ზოგადია. კვლევაში მონაწილე მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგები ან სხვა ტიპის გადასამზადებელი აქტივობები მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მასწავლებელთა ნაწილს ძალიან დაბალი მგრძნობელობა აქვს ბავშვთა პირადი ცხოვრების საკითხების მიმართ.

სტატისტიკა

“კანონის უზენაესობის ცენტრმა” ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები არა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეებში, ასევე ჯანდაცვის, სოციალურ, სპორტულ, კომერციულ და სხვა სფეროებში შეისწავლა. გარდა ამისა, ორგანიზაციამ შეისწავლა საკანონმდებლო ბაზა და კანონდარღვევის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირების პრაქტიკა.

მაგალითად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაბალია პროკურატურის მიერ ამ ტიპის დანაშაულებზე არასრულწლოვნებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი: 23%- 2023 წელს და 10% -2022 წელს;

2022-2023 წლებში პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების მსხვერპლი გახდა 52 არასრულწლოვანი. დანაშაულთა უმრავლესობა – 72% – აღმოსავლეთ საქართველოში მოხდა, ძირითადად, თბილისში. დასავლეთ საქართველოში მაღალი მაჩვენებლებია აჭარაში – 16% და იმერეთში – 8%.

2021-2023 წლებში საერთო სასამართლოებმა არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფაქტებზე 12 განაჩენი გამოიტანეს. მათგან 10 საქმე სისხლის სამართლის დანაშაული იყო. კონკრეტულად, 157 პრიმა მუხლი – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

აღმოჩნდა, რომ შემცირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მიმართვიანობაც. 2021-2023 წლებში ამ სამსახურმა არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების 76 შემთხვევა შეისწავლა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია არის საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პირველი დოკუმენტი, რომელშიც ცალკე მიზნად არის განსაზღვრული ბავშვთა პერსონალური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება. თუმცა ანგარიშში გაკრიტიკებულია სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი და აღნიშნულია, რომ განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების ჯერ კიდე არ გადადგმულა.

რაც შეეხება პარლამენტს, “კანონის უზენაესობის ცენტრის” შეფასებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს როლი მხოლოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მოსმენით შემოიფარგლა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებელი უწყებები ამ მიმართულებით დეტალურ სტატისტიკას არ აწარმოებენ. ის მონაცემები კი, რაც ხელმისაწვდომია, ხშირად არაზუსტია.

ანგარიშის პრეზენტაციისას ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტების მომზადება არასამთავრობო სექტორს სულ უფრო და უფრო უჭირს სახელმწიფო უწყებების პოლიტიკის გამო – მათგან საჯარო ინფორმაციის მიღება გართულებულია, ზოგჯერ კი- შეუძლებელიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი