საზოგადოება

დაკავებულთა ნაწილის ვინაობა და ადგილსამყოფელი უცნობია – რაჭის პროტესტის პირველი დღე თბილისში

19 ნოემბერი, 2023 • 3459
დაკავებულთა ნაწილის ვინაობა და ადგილსამყოფელი უცნობია – რაჭის პროტესტის პირველი დღე თბილისში

რაჭის ტყეების პროტესტის ამბროლაურიდან თბილისში გადმოტანის პირველივე დღეს 11 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ნაწილის ვინაობა, ადგილმდებარეობა და მდგომარეობა დაკავებიდან 10 საათის შემდეგაც უცნობი რჩება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესასვლელი. რაჭის პროტესტის პირველი დღე თბილისში © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

დაკავებულთა შორისაა ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. დაკავებულთა ნაწილი დიღმის, ნაწილი ვარკეთილის იზოლატორებშია. როგორც ასევე ცნობილი გახდა პროტესტის მონაწილეებისთვის, ერთი დაკავებული მცხეთაშია გადაყვანილი, ერთიც – რუსთავში. დაკავებულთა შორის ასევე არიან “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი საბა ქერქაძე, მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრები: გელა ქეთელაური, ნუგზარ გოდოლაძე,“მაუწყებლის” ჟურნალისტი რატი რატიანი.

პოლიცია პროტესტის მონაწილეებს ყველა მხრიდან გარს ერტყმის © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

დაკავებას წინ უძღოდა დაძაბულობა, რაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან სამინისტროს ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეთა არშეშვებას და კარვის გაშლის უფლების არმიცემას. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ დაუზიანა რაჭიდან ჩამოტანილი დიდი კარავი და მისი ნაწილები წაართვა. სამინისტროს ტერიტორიაზე შესვლის ის ალტერნატივა კი, რაც შესთავაზეს პროტესტის მონაწილეებს, ამ უკანასკნელთა შეფასებით, ვიწრო, ციცაბო, ტალახიანი შესაძრომია. როგორც მათდამი დამამცირებელ მოპყრობაზე, პროტესტის მონაწილეებმა შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვეს და ცენტრალური შესასვლელიდან გადაადგილების უფლება მოითხოვეს.

პოლიცია სამინისტროში შესასვლელთან პროტესტის მონაწილეებს აკონტროლებს © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

11 პირის დაკავების შემდეგ, როცა გამოირიცხა სამინისტროს ეზოში კარვის გაშლაც, შესასვლელთან ახლოს მცირე კარვის გაშლის უფლებაც შეხლა-შემოხლის ფონზე მოიპოვეს პროტესტის მონაწილე ქალებმა.

მარიტა მუსელიანი ცდილობს სამინისტროს შესასვლელთან ახლოს მცირე კარვის დადგმის უფლება მოიპოვოს © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

კარავი იმდენად მცირე ზომისაა, მასში ორი ადამიანი თუ მოთავსდება და იქ ღამის გათენებას მარიტა მუსელიანი და მაკა სულაძე აპირებენ.

მაკა სულაძე. რაჭის პროტესტის პირველი დღე თბილისში © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

“ეს კარავი ძალიან საშიში ნივთია ამ ქვეყანაში. ბოლო წლებია, სულ პროტესტში ვართ და რომ დავითვალე, ათჯერ დაგვირბიეს კარავი. ყოველთვის აბსურდული იყო ეს, მაგრამ დღეს საერთოდ უარგუმენტოდ დაგვარბიეს. უმიზეზოდ დააპატიმრეს ამდენი ადამიანი. პასუხს ველოდით ჩვენს პირობებზე და გამოვარდნენ უცებ. ედავებიან დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას. დაუმორჩილებლობა თუ ჭყლეტაა, ასე ქალებიც არ ვემორჩილებოდით მაშინ და შერჩევითად ეს ადამიანები რატომ წაიყვანეს? ის ხალხი, ვისაც განსაკუთრებული როლი აქვს პროტესტში. ნადირობა მიდის მათზე. ვარლამი პირველად დააკავეს. დღეს, როცა ყველაზე ნაკლები საფუძველი არსებობდა ამის. ალბათ იმედი ჰქონდათ, რომ დავიშლებოდით. ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნის პოლიცია”, – ეუბნება ნეტგაზეთს მარიტა მუსელიანი, პროტესტის მონაწილე და ვარლამ გოლეთიანის დედა.

მცირე კარავი, რომელშიც თბილისში პროტესტის პირველი ღამე ქალებმა უნდა გაატარონ © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

გოლეთიანის გათავისუფლებას 24 საათში, საგამონაკლისო შემთხვევაში, მაქსიმუმ 48 საათში ელიან. სასამართლო კი, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩაინიშნება.

“არც ხულიგნობას და არც დაუმორჩილებლობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. დაკავება დაუსაბუთებლად მოხდა. მისი ქმედებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. ველოდებით სასამართლოს, რომელიც სავარაუდოდ, ორშაბათს ჩაინიშნება”, – განაცხადა “უფლებები საქართველოს” წარმომადგენელმა, გოლეთიანის ინტერესების დამცველმა, იზოლატორში მასთან შეხვედრის შემდეგ.

მოძრაობაში ამბობენ, რომ პროტესტის აუცილებლად გაგრძელდება. მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ კვირას 12 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეიკრიბონ. მომდევნო ნაბიჯებიც შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ, საერთო გადაწყვეტილებით გადაიდგმება. 

“ძალიან მძიმეა ჩვენთვის. შეიძლება არანორმალურებადაც მოვეჩვენოთ ადამიანს, მაგრამ რომ გავიგეთ ამ 104 000 ჰექტრის გასხვისებაზე, ვერაფრით ვქენით ისე, რომ რეაქცია არ გვქონოდა. სხვანაირად არ გამოგვდის. რას მოიტანს ეს პროტესტი, ვნახავთ. მოგვიწევს ყველას დაძაბვა, გონებრივი შრომა და ხანდახან ასე ფიზიკურ სივრცეში გადმოსვლა”, – ამბობს მარიტა მუსელიანი ნეტგაზეთთან.

სამინისტროს ტერიტორიაზე მყოფ პოლიციელებს პროტესტისგან გისოსები ჰყოფს © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

რაჭის პროტესტმა თბილისში 18 ნოემბერს გადმოინაცვლა. მსვლელობა 12 საათზე ამბროლაურში დაიწყო და დასრულდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომლის ეზოშიც კარვის გაშლა იგეგმებოდა.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის პროტესტის პირველი დღე © მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”

კონტექსტი

მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. მათი უკმაყოფილების მთავარი საფუძველი მოსახლეობისთვის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებაა. დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიით გადაცემული ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.

პროტესტის მიმდინარეობისას არაერთი დაპირისპირება მოხდა მოძრაობის წევრებსა და ხელისუფლების, პოლიციის წარმომადგენლებს შორის.

პირველ ნოემბერს ამბროლაურში შედგა მრავალგზის მოთხოვნილი შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომელიც თითქმის 7 საათს გაგრძელდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სოციალური ქსელის მეშვეობით. ერთადერთი შეთანხმება, რასაც მაშინ მხარეებმა მიაღწიეს, ის იყო, რომ პროტესტი სამინისტროს წერილობით მიაწვდიდა მტკიცებულებებს ყველა იმ დარღვევის შესახებ, რის საფუძველზეც ისინი ლიცენზიას უკანონოდ თვლიან.

გაგზავნილ წერილზე სამინისტროს პასუხი პროტესტის მონაწილეებმა 16 ნოემბერს მიიღეს. ამას წინ უძღოდა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ 15 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიცენზიასა და მის მფლობელ კომპანიას ყიდდა. იმავე საღამოს გაავრცელა გარემოს ეროვნულმა საგენტომ განცხადება, რომ “სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით”.

“პროტესტის დაწყების დღიდან, მუდმივად ამუშავებენ ამ ნარატივს, რომ ლიცენზია გადაიხედება და თუ ინვესტორმა რაღაც პირობები დაარღვია, შეიძლება გაუქმდეს კიდეც. ასე ცდილობენ, რომ საზოგადოების პროტესტი გაანეიტრალონ. პარალელურად, ხიდაშელმა გადაყიდა ლიცენზია და გადის ამ საქმიდან გულმოსული და გაბუტული პოზიციით. სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს, საერთოდ შეეძლო თუ არა ამ ადამიანს ტყეების გადაყიდვა. საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს, რომ ეს დადგმული უთანხმოებაა და ჩვენთვის ნაცნობი სცენარია ნამოხვანიდან. ხიდაშელმა გაყიდა კომპანია, ასახელებს ვიღაც ესპანელებსა და ქართველებს, ვინც შემოვლენ. რომელი ჭკუათმყოფელი ინვესტორი შემოვა და ჩადებს ფულს ასეთ პროცესში, როცა პროტესტი მიმდინარეობს, საზოგადოებაში მღელვარებაა, თვითონ ხელისუფლებაც კი ხანდახან ლიცენზიის გაუქმებაზე საუბრობს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ლიცენზიაში ვიღაც ფულს იხდის? ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ჩვენი გადმონაცვლება თბილისში უსაფუძვლოდ წარმოაჩინონ”, – ასე აფასებს ვარლამ გოლეთიანი რაჭის ტყეების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

გოლეთიანის თქმით, სამინისტროსგან მიღებულ წერილში სახელმწიფო ამბობს, რომ ლიცენზიის გაცემის პროცესში მოსახლეობის ჩართვის ვალდებულება არ არსებობს.

“ლიცენზიას ხელისუფლება ყოველთვის იცავს და ამბობს, რომ ეს კარგი ლიცენზიაა, ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ჰგონიათ, რომ ლიცენზიის პრობლემა მხოლოდ ხიდაშელის პერსონაა, საზოგადოება მხოლოდ ამაზე რეაგირებს, რაკი ის რუსეთთან დაახლოებული პირია, ჩაანაცვლებენ მას სხვა პერსონით და ყველაფერი კარგად იქნება. არ უნდა შევყვეთ ამ თამაშში. ეს მათი მოედანია”, – ამბობს გოლეთიანი.

პროტესტის მონაწილეები იმეორებენ, რომ ლიცენზიის გაუქმების საფუძველი უკვე არსებობს მოსახლეობის გვერდის ავლით მიღებული გადაწყვეტილების გამო და ლიცენზია იმთავითვე უკანონოდ არის გაცემული.

“ნურავინ შევჭამთ, ბოდიში ამ სიტყვაზე, იმას, რომ ხიდაშელი მართლა კონფლიქტშია ხელისუფლებასთან, გარბის და თითქოს ლიცენზიაც გაუქმდება. ლიცენზია არ უქმდება. ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ვიღაც კერძო პირს ნახევარი საუკუნით გადასცენ რეგიონი, 105 000 ჰექტარი, ხალხთან შეთანხმების გარეშე”, – ამბობს გოლეთიანი.

ამბროლაურში პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, ვასილ გედევანიშვილის მტკიცებით, ეს ლიცენზია, როგორც ყველაზე ბოლოს გაცემული 15-მდე მსგავს ლიცენზიას შორის, ვალდებულებებით ყველაზე მეტად არის დატვირთული.

ფინანსურად მეტ ინვესტიციას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პოტენციალის მეტ განვითარებას, ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველების გამრავლებას და სხვა პირობებს გულისხმობს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღიარეს, რომ მოსახლეობის ჩართულობა და პროცესების გამჭვირვალობა სათანადოდ უზრუნველყოფილი არ იყო. თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ინფორმაცია აუქციონის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო და რეგისტრაციის დაწყებამდე “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა. პროტესტის მონაწილეები მსგავს ზომებს უბრალო ფორმალობად აფასებენ და მოსახლეობის რეალური ჩართულობისთვის ყველა პროცესის განულებას და მათთან კონსულტაციებით თავიდან დაწყებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი