საზოგადოება

იუსტიცია: დავიწყეთ წარმოება ფარცხალაძის მოქალაქეობის დაკარგვაზე

20 სექტემბერი, 2023 • 1211
იუსტიცია: დავიწყეთ წარმოება ფარცხალაძის მოქალაქეობის დაკარგვაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.

უწყების თქმით, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა უმოკლეს ვადაში გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს:

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს“ ,— ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფირცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნას, რომელსაც მიღებისთანავე დააკმაყოფილებდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე კარგავს მოქალაქეობას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეც ხდება.

საბოლოო თანამდებობის პირი, ვისაც მისთვის ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნება შეუძლია, პრეზიდენტია – იგი კი უარყოფს, რომ ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე ინფორმაცია ჰქონდა.


ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

აშშ-ის მიერ სანქცირების ფონზე მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 8 აგვისტოს ბრძანებაში დღეს, 19 სექტემბერს შევიდა.

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

რამდენიმე ბანკმა დღეს განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი