ახალი ამბებისაზოგადოება

რა (არ) ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე

20 მაისი, 2017 • 29478
რა (არ) ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე

თუ Google-ში ან ნებისმიერ სხვა საძიებო სისტემაში ოთარ ფარცხალაძეს მოძებნით, მისი ვერც ერთი საჯარო კომენტარის ვიდეოს ან აუდიოს ვერ ნახავთ, რომელიც ამ უკანასკნელის მაღალ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს უკავშირდება. ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც 47 დღის განმავლობაში საქართველოს მთავარი პროკურორი იყო და რა აკავშირებს მას ბიძინა ივანიშილთან?

[red_box]ვინ არის ოთარ ფარცხალაძე[/red_box]

ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც 2013 წელს მთავარ პროკურატურაში ე.წ. ფინანსური პოლიციიდან მივიდა, მთავრი პროკურორის პოსტზე არჩილ კბილაშვილი შეცვალა.

მარჯვნიდან მეორე ოთარ ფარცხალაძე "ფინანსური პოლიციის" უფროსის რანგში 2013 წელს. მარცხნიდან მეორე ირაკლი შოთაძეა ამჟამინდელი მთავარი პროკურორი. შოთაძე პროკურატურაში მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარი პროკურორი ფარცხალაძე გახდა. მან შოთაძე პირველ მოადგილედ დანიშნა. მანამდე ფარცხალაძე და შოთაძე ერთად მუშაობდნენ ფინანსურ პოლიციაში.

მარჯვნიდან მეორე ოთარ ფარცხალაძე “ფინანსური პოლიციის” უფროსის რანგში 2013 წელს. მარცხნიდან მეორე ირაკლი შოთაძეა ამჟამინდელი მთავარი პროკურორი. შოთაძე პროკურატურაში მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარი პროკურორი ფარცხალაძე გახდა. მან შოთაძე პირველ მოადგილედ დანიშნა. მანამდე ფარცხალაძე და შოთაძე ერთად მუშაობდნენ ფინანსურ პოლიციაში.

“არც იმას უარვყოფ, რომ პროკურატურის გარდაქმნისა და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის დროსთან დაკავშირებით ჩემი და პრემიერის  მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს შეეხება დროს და არა პრინციპს. პრემიერი, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურა უნდა შევქმნათ, ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ. ვნახოთ, დრო აჩვენებს, რამდენად ვცდებოდი”, – ესაა ციტატა არჩილ კბილაშვილის გამოსამშვიდობებელი ღია წერილიდან 2013 წელს.

სწორედ კბილაშვილის შემდეგ დაინიშნა თანამდებობაზე ფარცხალაძე, რომელმაც პოსტზე მხოლოდ 47 დღე იმუშავა და არაერთ სკანდალშიც გაეხვა. ერთ-ერთი სკანდალი მის დიპლომს ეხებოდა, რომლის მიღებაც ამ უკანასკნელმა 19 წლის ასაკში შეძლო; გარდა ამისა, მთავარი პროკურორი ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა. სასჯელაღსრულების სამინისტრომ ეს ფაქტი არ დაადასტურა, ქვეყანამ ბრალდება არ გამოიძია, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოიტანა საქმეზე “მერაბიშვილი  საქართველოს წინააღმდეგ”.

სკანდალი, რის შემდეგაც ფარცხალაძე გადადგა, უკავშირდებოდა წარსულში მის ნასამართლეობას (გერმანიაში.) ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ენმ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში ქურდობის ბრალდებით იყო გასამართლებული, ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა.

გაჩნდა კითხვა:

როგორ აღმოჩნდა ოთარ ფარცხალაძე ასეთი მაღალი დონის თანამდებობაზე ისე, რომ მისი ბიოგრაფიით არავინ დაინტერესებულა?

იუსტიციის მინისტრი, რომელმაც ფარცხალაძის კანდიდატურა პრემიერს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარუდგინა, ამბობს, რომ მანამდე არ იცნობდა:

“სამწუხაროდ, მე ბატონ ოთარს მანამდე არ ვიცნობდი, ის წარვუდგინე პრემიერს, რომელიც აგრეთვე ჩემთან ერთად აღმოჩნდა იმ ძალიან უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე, რომელიც იყო ბატონი ფარცხალაძის წარსული ნასამართლეობა. როგორც შემდეგ გაირკვა, ის ნასამართლევად აღარ ითვლებოდა. არის თანამდებობები, სადაც – როცა გაქარწყლებული ან მოხსნილი გაქვს ნასამართლეობა – შეგიძლია იმუშაო, მაგრამ არა მთავარი პროკურორის ან პროკურორის თანამდებობაზე, სადაც შენ სჯი სხვებს და არ უნდა იყო წარსულში თავად დასჯილი. მორალური უფლება არ ჰქონდა, ამ თანამდებობაზე ემუშავა, მე ასე ვფიქრობ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა ზემოხსენებული სკანდალის გახმაურების შემდეგ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძის სიძის მეგობარია. ბერა ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

“მე ოთარს ვიცნობდი. ახლოს არა, მაგრამ ვიცნობდი და ძალიან კაცური და ვაჟკაცი კაცია”, – ეს უკვე ბიძინა ივანიშილის ციტატაა, რომელიც მიიჩნევს, რომ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომით  აბსოლუტურად ადეკვატურად მოიქცა.

“მე არ ვიცი, როგორ მოხდა, დანიშვნა რომ გამოეპარათ. ეს ქართული ხასიათია. ქართველები ელექტრონიკას ვყიდულობთ და პირდაპირ დენში ვრთავთ, არც ერთი ვკითხულობთ ინსტრუქციას. ზუსტად ასე მოხდა, ჩემი აზრით. არც მან მიაქცია ყურადღება, არც გუნდმა, რამეთუ მას მანამდე ჰქონდა მაღალ თანამდებობებზე ნამუშევარი და მანამდეც უნდა მიქცეოდა ყურადღება”, – განაცხადა ივანიშვილმა 2014 წელს.

ბიძინა ივანიშვილმა ოთარ ფარცხალაძის თაობაზე 2016 წელსაც ისაუბრა:

“ფარცხალაძე არ არის [ჩემი მეგობარი]. ხშირად ვერ ვხვდებით. ჩემი ბერა გახლავთ მაგის შვილიშვილის ნათლია, როგორც მე ვიცი”, – თქვა ექსპრემიერმა.

ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენი

ოთარ ფარცხალაძეს შევსებული აქვს ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ორი დეკლარაცია. ერთი – 2013 წელს (როგორც ფინანსური პოლიციის უფროსს) და მეორე-2014 წელს, როგორც ყოფილ მთავარ პროკურორს.

2013 წელს შევსებული დეკლარაციით, ფარცხალაძე თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, 76.28 კვ.მ ბინას ფლობდა. ფარცხალაძის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი 6 180 ლარი იყო.

2014 წელს შევსებული დეკლარაციით, მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა უკვე ფარცხალაძის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული, თავად ფარცხალაძე კი თბილისში ყიდულობს  150 კვ.მ ბინას ჯანაშიას ქუჩაზე. ამ დეკლარაციით იზრდება მისი ყოველთვიური შემოსავალიც და თვეში საშუალოდ 10 402 ლარს შეადგენს. ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე ბინა ფარცხალაძეს 140 000 დოლარი დაუჯდა. 100 000 დოლარი იპოთეკური სესხი პროგრეს ბანკისაგან აიღო.

მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ საჯარო სამსახური დატოვა, ბიზნესში გადაინაცვლა. 2015 – 2016 წლებში ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს რამდენიმე მიწის ნაკვეთი წავკისში, კომერციული ფართი და ბინა თბილისში, ასევე, ბაკურიანში.

2015-2017 წლებში ფარცხალაძისა და მისი მეუღლის მიერ შეძენილი და დარეგისტრირებული ქონება:

[checklist]

  • სასოფლო – სამეურნეო ნაკვეთი წავკისში 1001 კვ.მ
  • სასოფლო – სამეურნეო ნაკვეთი წავკისში 856 კვ.მ
  • სასოფლო – სამეურნეო ნაკვეთი წავკისში 1027 კვ.მ
  • კომერციული ფართი თბილისში (ფალიაშვილი/ბარნოვი) 336 კვ.მ
  • კომერციული ფართი თბილისში (ფალიაშვილი/ბარნოვი) 143.25 კვ.მ
  • საცხოვრებელი ფართი ბაკურიანში 25.28 კვ.მ
  • საცხოვრებელი ფართი ბაკურიანში 26.04 კვ.მ
  • ფართი თბილისში (კოსტავას 60) 90.69 კვ. მ
  • ფართი თბილისში (კოსტავას 60) 38 კვ.მ
  • ფართი მშენებარე კომპლექსში თბილისში (ყიფშიძის 9) 130.61 კვ.მ
  • ფართი მშენებარე კომპლექსში თბილისში (ყიფშიძის 9) 204.16 კვ.მ
  • ფართი მშენებარე კომპლექსში თბილისში (ყიფშიძის 9) 101.31 კვ.მ
  • ბინა მშენებარე კორპუსში თბილისში (ყაზბეგის გამზირი) 40.2 კვ.მ
  • ბინა თბილისში (ყაზბეგის გამზირი) 61.70 კვ.მ
  • ავტოსადგომი თბილისში (ყაზბეგის გამზირი, მშენებარე) 16.2 კვ.მ
  • ბინა ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე 44.12 კვ.მ
  • ავტოსადგომი თბილისში (ბარნოვზე, მშენებარე კომპლექსში) 15 კვ.მ

[/checklist]

 

ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ყურადღების არეალში მოექცა 2016 წელს, როდესაც ეს უკანასკნელი საპარტნიორო ფონდის საქმიანობით დაინტერესდა.

ფარცხალაძის მიერ დაფუძნებული შპს „როიალ დეველოფმენთი’’ საპატრნიორო ფონდის ერთ-ერთ პროექტის თანაინვესტორია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სამოქალქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა შენდება. მოგვიანებით ფარცხალაძე კომპანიას ჩამოშორდა, რაც TI-იმ საეჭვოდ მიიჩნია შემდეგი გარემოების გამო:

“აღსანიშნავია,რომ მესაკუთრეების და დირექტორების ბოლო ცვლილება  საეჭვოდ დაემთხვა კვლევაზე მუშაობის პერიოდს და ჩვენს მიერ ფონდისთვის დასმულ  შეკითხვებს ამ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგანაც 2016 წლის 29 ივნისამდე კომპანია „როიალ დეველოფმენთის” 40%-ის წილის მფლობელი და 1 1 აგვისტომდე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორიც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო…

… ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის დეკემბრამდე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა,  შემდეგ კი ბიზნესში გადაინაცვლა. იგი ასევე  ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია.  შედეგად, გვრჩება  შთაბეჭდილება,რომ კომპანია „როიალ დეველოფმენთი” სპეციალურად ამ პროექტის განხორციელებისთვის  შეიქმნა”, – ნათქვამია TI-ის კვლევაში.

კვლევის ავტორებს ფარცხალაძემ არა, მაგრამ საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, დავით საგანელიძემ უპასუხა.

“მოგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე იყო საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის გიგანტი კომპანია ელბიტ სისტემსის შვილობილი კომპანიისთვის ერთ-ერთი საოფისე ფართის გამქირავებელი კომპანიის, კერძოდ, „როიალ დეველოპმენტის ერთ-ერთი თანამფლობელი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა მას საპარტნიორო ფონდთან.

[blue_box]ლაშა თორდიას ეპიზოდი[/blue_box]

მიმდინარე წლის მაისში ოთარ ფარცხალაძე თავდასხმაში დაადანაშაულა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ, რასაც თავად ყოფილი მთავარი პროკურორი უარყოფს. თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხება. თორდიას თქმით, ამ ურთიერთობაში იკვეთება “კორუფციული თემები”.

აუდიტის სამსახურს კვლევა ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ეხება კომპანია ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტს.

ეს კომპანია 2006 წლის 17 ივლისსა დარეგისტრირებული. 2016 წლის თებერვლიდან ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის მფლობელი გახდა როიალ დეველოფმენთი, ხოლო 2016 წლის 29 ივნისიდან კომპანიის წილის 100%-ის მესაკუთრე ოთარ ფარცხალაძეა. თავის მხრივ ოთარ ფარცხალაძე როიალ დეველოპმენთის 40%-იანი წილის მფლობელი სწორედ 2016 წლის 29 ივნისამდე იყო.

ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი თბილისში მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობდა მიწის ნაკვეთს, სადაც საავტომობილო გზამ გაიარა ისე, რომ კომპანიას კომპენსაცია არ მიუღია. თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ კომპანია კომპენსაციას წლების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ის ძველმა მფლობელებმა, ისრაელმა ბიზნესმენებმა გაყიდეს და საქმეში ოთარ ფარცხალაძე ჩაერთო.

თბილისის საკრებულის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულება, სადაც აღნიშნულია, რომ ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტს მზიურის ტერიტორიაზე მდებარე 2302 კვ. მიწის ნაკვეთს ნუცუბიძეზე მიწის ორ ნაკვეთში უცვლიან, რომლიდანაც ერთი 5515 კვ.მ, ხოლო მეორე  1193 კვადრატული მეტრია.

ამონარიდი საკრებულოს განკარგულებიდან

ამონარიდი საკრებულოს განკარგულებიდან

2016 წლის აპრილში, როდესაც საკრებულომ შესაბამისი განკარგულება მიიღო, ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის წილის 100%-ის მფლობელი შპს როიალ დეველოფმენთი იყო, რომლის 40%-საც ფარცხალაძე ფლობდა. ამასათანავე, ამ პერიოდში როიალ დეველოფმენთის დირექტორი სწორედ ყოფილი მთავარი პროკურორი გახლდათ.

ის, რომ თბილისის მმართველმა გუნდმა ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტს მიწის ნაკვეთები სწორედ მაშინ გაუცვალა, როდესაც მის მფლობელობაში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანია შევიდა, ბევრ არაფერს ნიშნავს ფარცხალაძის ადვოკატებისთვის.

როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მათ ხელთ აქვთ ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის წინა მფლობელების 2014 წლის წერილი, რომელიც მათ თბილისის მერიას მისწერეს. მოსიაშვილის თქმით, წერილი ადასტურებს, რომ მერია წინა მფლობელებთან მიმართებაშიც მზად იყო ზარალის ანაზღაურებისათვის, უბრალოდ, მათ პირობები არ მოსწონდათ.

18556633_1678360205525408_3475024227486742326_o

18518320_1678360268858735_7336037182432772323_o

“გადაწყვეტილებები კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იყო მიზანმიმართული. რატომ გაუკეთეს ამას და სხვას არა. მას დაუკმაყოფილეს ყველაფერი და სხვა შემთხვევაში არ ხდება”, – ამბობს ლაშა თორდია. აუდიტის სამსახური კვლევას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი