საზოგადოება

რა რისკებს უქმნის ლუკაშენკოს ბრძანება საქართველოში მცხოვრებ ბელარუსელებს

8 სექტემბერი, 2023 • 1584
რა რისკებს უქმნის ლუკაშენკოს ბრძანება საქართველოში მცხოვრებ ბელარუსელებს

ბელარუსის დიქტატორის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალი ბრძანების თანახმად, საზღვარგარეთ მცხოვრები ბელარუსელები თავიანთი პასპორტების სამშობლოს გარეთ განახლებას ვეღარ შეძლებენ. მისი ეს ნაბიჯი გამოწვევაა ბელარუსიდან რეპრესიებს გაქცეული მრავალი მოქალაქისთვის, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნება, შესაძლოა, თავისუფლების ფასად დაუჯდეთ.

ლუკაშენკოს გადაწყვეტილებას აქტიურად განიხილავენ საქართველოში მყოფი ბელარუსელებიც, რომელთაგან არაერთი აქ 2020 წლის მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, მძლავრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე გამოიქცა.

“მიზანი იმათი დასჯაა, ვინც ლუკაშენკოს არ ეთანხმება”

აქამდე, საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელარუსელებს შეეძლოთ, პასპორტთან დაკავშირებული სერვისებით — იქნებოდა ეს პასპორტის აღება, არსებულის ვადის გახანგრძლივება თუ დაკარგულის აღდგენა — ბელარუსის საელჩოებსა და საკონსულოებში ესარგებლათ.

ლუკაშენკოს ახალი ბრძანება, რომელიც უკვე ძალაშია, მათ ამ შესაძლებლობას ართმევს: ბელარუსის მოქალაქე, რომელსაც პასპორტის აღება ან მისი მოქმედების ვადის გახანგრძლივება სურს, იმ ადგილას უნდა ჩავიდეს, სადაც სამშობლოს დატოვებამდე იყო რეგისტრირებული.

ამ გადაწყვეტილებამ მრავალი ბელარუსელი დილემის წინაშე დააყენა. სხვადასხვა მონაცემებით, ქვეყანა 200 000-დან 300 000-მდე მოქალაქემ დატოვა მასობრივი რეპრესიების ფონზე, რომლებიც 2020 წლის საპროტესტო აქციებს მოჰყვა.

პროტესტი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში. 16.08.20 ფოტო: EPA

იმ წელს ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებულად ისევ ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც ბელარუსს 29 წელია, მართავს. ოფიციალურ შედეგებს, რომლის ნამდვილობაც მრავალგზის დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, უპრეცედენტო ანტისამთავრობო დემონსტრაციები მოჰყვა. ხელისუფლებამ პროტესტს ძალადობით უპასუხა:

35 000 ადამიანი დააკავეს, ასობით — გაასამართლეს. პოლიცია დემონსტრანტებს სცემდა, უფლებადამცველები კი საპატიმროებში ასობით ადამიანის წამების შესახებ საუბრობდნენ. თითქმის ყველა ოპოზიციური ფიგურა ან დააპატიმრეს, ან დევნილობაშია.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ახალი გადაწყვეტილების მიზანი ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესებაა, თუმცა საზღვარგარეთ მცხოვრებ აქტივისტებს ამის არ სჯერათ.

“ამ ბრძანების მიზანია, დასაჯოს ადამიანები, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს არ ეთანხმებიან, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და საქმიანობენ… ვფიქრობ, ამ სასჯელის დაწესებით მათ გადაწყვიტეს ეჩვენებინათ, თუ ვინ არის აქ უფროსი”, — ამბობს ბელარუსელი აქტივისტი, სახელად მარია, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს.

რეპრესიები საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან 3 წლისთავზეც გრძელდება. შესაბამისად, ქვეყანაში პასპორტის ასაღებად დაბრუნება რისკის ქვეშ აყენებს მრავალ ბელარუსელს, რომელთაც პოლიტიკური დევნის თავიდან ასაცილებლად დატოვეს სამშობლო.

“ადამიანებს ყოველდღიურად აპატიმრებენ ბელარუსში. მათ შორის არიან ისინი, ვინც 2020 წლის მასშტაბურ დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ და რომლებიც კამერებზე არიან დაფიქსირებულნი.

უშიშროების სამსახური და სხვა ინსტიტუციები აგრძელებენ ამ ვიდეოების ანალიზს, აიდენტიფიცირებენ ამ ადამიანებს და განაგრძობენ მათ დაპატიმრებას”, — დასძენს თბილისში მცხოვრები კიდევ ერთი აქტივისტი, ვიქტორია.

ალექსანდრე ლუკაშენკო სიტყვით გამოდის. ფოტო: EPA-EFE/SERGEI GAPON/ POOL

ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ვიასნას” თანახმად, 2022-2023 წლებში, ბელარუსში დაბრუნებისას, სულ მცირე 58 ადამიანი დააკავეს. ხშირ შემთხვევაში, დაკავებები სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებს ან 2020 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდებოდა.

თუმცა, უფლებადამცველთა ცნობით, ადამიანებს აკავებენ მობილურ ტელეფონში შენახული ან სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოების გამოც, რომლებშიც ბელარუსის პროტესტის სიმბოლო — თეთრ-წითელ-თეთრი დროშა — ჩანს.

“თუ რუსულ ან ბელარუსულ ბანკებში გაქვს ანგარიში გახსნილი და ფული გადაურიცხე დამოუკიდებელ ბელარუსულ მედიას, რომელიმე უკრაინულ ინიციატივას ან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ისინი ხედავენ ამ ტრანზაქციებს და შესაძლოა, დასაპატიმრებელთა სიაში ჩაგსვან.

ასე რომ, ბელარუსში რომ ბრუნდები, არასდროს იცი, შენც ხარ თუ არა ამ სიაში, შენიშნეს თუ არა ფულის გადარიცხვა ან ამოგიცნეს თუ არა საპროტესტო აქციაზე გადაღებულ რომელიმე ფოტოზე”, — დასძენს ვიქტორია.

რა არჩევანი აქვთ ოპოზიციონერ ბელარუსელებს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც 2020 წლის არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი იყო, ბელარუსელებს მოუწოდებს, არ დაბრუნდნენ ქვეყანაში პასპორტის ასაღებად და არ დააყენონ თავიანთი უსაფრთხოება რისკის ქვეშ.

დევნილობაში მყოფმა ტიხანოვსკაიამ დამოუკიდებელ ბელარუსულ გამოცემას “ზერკალო” უთხრა, რომ კოლეგებთან ერთად კონსულტაციებს გადიან იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომლებშიც ბელარუსელები ცხოვრობენ. ის აპირებს, საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც დააყენოს.

ლუკაშენკოს ახალი ბრძანება საზღვარგარეთ მყოფ ბელარუსელებზე სხვადასხვა ხარისხით აისახება. საკითხი განსაკურებით პრობლემურია სწორედ იმ ადამიანთა შემთხვევაში, ვისაც რაიმე ფორმით რეჟიმის წინააღმდეგ პოლიტიკურად უაქტიურია ან ახლა აქტიურობს.

პასპორტის არქონა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს არაერთ დაბრკოლებას უქადის, მათ შორის, მოგზაურობის, ბინადრობის უფლების მოთხოვნის, მუშაობისა თუ საბანკო ანგარიშის გახსნის კუთხით.

ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ქვეყანაში დარჩენა 1 წლის მანძილზე უვიზოდ შეუძლიათ. ამის შემდეგ საქართველო უნდა დატოვონ, დაბრუნების შემდეგ კი კვლავ 1 წლის გატარება შეუძლიათ აქ.

საქართველოში მცხოვრები არაერთი ბელარუსელი თავის კანონიერ სტატუსს სწორედ ამ გზით ინარჩუნებდა. ისინი რომელიმე მეზობელ ქვეყანაში მცირე ხნით გადადიოდნენ, შემდეგ კი უკან ბრუნდებოდნენ. თუმცა, ლუკაშენკოს გადაწყვეტილება ამ პროცესს ართულებს: მას შემდეგ, რაც პასპორტებს ვადა გაუვა, ბელარუსელები არათუ სამოგზაურო მიზნებით, არამედ იმ პრაგმატული მიზნითაც ვეღარ გავლენ საქართველოდან, რომ აქ დარჩენის უფლება ხელახლა დაიკანონონ.

"წადი" — პლაკატი ლუკაშენკოს საწინააღმდეგო 2020 წლის აქციებიდან. ფოტო: EPA

“წადი” — პლაკატი ლუკაშენკოს საწინააღმდეგო 2020 წლის აქციებიდან. ფოტო: EPA

აქტივისტების თქმით, პრობლემა ექმნებათ იმ ბელარუსელებსაც, რომლებსაც ხშირად უწევთ მოგზაურობა: როცა პასპორტში ჩარტყმული ბეჭდები ყველა გვერდს გაავსებს, დოკუმენტს მაინც ვერ გამოიყენებენ, თუნდაც მას ვადა ჰქონდეს.

“[თითოეული მოგზაურობისას] ჯამში 4 ბეჭედს გირტყამენ პასპორტში. ანუ, ერთ მოგზაურობას ერთი გვერდი მიაქვს. ჩემს პასპორტს 10-წლიანი ვადაც რომ ჰქონდეს, მისი გვერდები 1 წელიწადში ამოიწურება და ვეღარაფერს გავაკეთებ”, — დასძენს მარია.

“ნეტგაზეთის” რესპონდენტები ფიქრობენ, რომ თავად და სხვა ბელარუსელები, რომლებიც პასპორტის განსაახლებლად თავიანთ ქვეყანაში ვერ დაბრუნდებიან, საქართველოს ნელ-ნელა დატოვებენ. მათი ხედვით, ალტერნატივა  ევროკავშირის ის ქვეყნებია, რომელთაც უფრო მოქნილი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვთ.

მარია და ვიქტორია გამოყოფენ პოლონეთსა და ლიეტუვას, რომელთა ხელისუფლებებთანაც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ორივე ქვეყანამ ლუკაშენკოს რეჟიმს გამოქცეული მრავალი მოქალაქე მიიღო და ორივე მათგანი დროებით სამოგზაურო დოკუმენტს გასცემს ბინადრობის უფლების მქონე იმ უცხოელისთვის, რომელიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ სარგებლობს თავისი ქვეყნის პასპორტით.

საქართველო უცხოელებს მსგავს სერვისს არ სთავაზობს.

ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ნათქვამი აქვს, რომ მისი გუნდი მუშაობს “ახალი ბელარუსის პასპორტზე” — ალტერნატიულ დოკუმენტზე, რომლის აღებაც ემიგრაციაში მყოფ ბელარუსელებს შეეძლებათ. თუმცა, დაუზუსტებელია როგორც დოკუმენტის გამოშვების ვადები, ისე საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი აღიარების პერსპექტივები და ვადები.

სვეტლანა ტიხანოვსკაია 

“ძალიან მინდა სახლში დაბრუნება”

საქართველოში მყოფ ბელარუსელებს სტაბილურობის გარანტიები არც აქამდე ჰქონდათ. ვიქტორია ახსენებს შემთხვევებს, როცა  ადამიანები, რომელთაც ქვეყანა გარკვეული ხნით დატოვეს, ქართველმა მესაზღვრეებმა უკან აღარ შემოუშვეს.

“არასდროს იცი, როდის გაგაბრუნებენ საზღვრიდან და აღარ შემოგიშვებენ”, — დასძენს ის.

მარია და ვიქტორია სკეპტიკურად უყურებენ როგორც საერთაშორისო დაცვის მექანიზმით სარგებლობის, ისე ბინადრობის უფლების მიღების პერსპექტივას საქართველოში. მათი თქმით, იცნობენ ბელარუსელებს, რომელთაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვეს, თუმცა სახელმწიფოსგან პასუხი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგაც არ მიუღიათ.

რაც შეეხება ბინადრობის უფლებას: “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” მიერ სახელმწიფო სერვისების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022-2023 წლებში ამ მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფოს 1925-მა ბელარუსელმა მიმართა. 61%-ს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს.

ბელარუსელების აქცია თბილისში. 14.08.2020 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ვიქტორიას თქმით, განაცხადების რაოდენობა დიდი არ არის, რადგან ბევრი ბელარუსელი ბინადრობის უფლების მოთხოვნისათვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს — არ სწავლობს ქართულ უნივერსიტეტში, არ ჰყავს ბინადრობის უფლების მქონე ოჯახის წევრი, არ ფლობს ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, არ არის ჩართული შესაბამისი ბრუნვის მქონე ბიზნესში და ა.შ.

სხვა ვითარებაა, მაგალითად, ბელარუსის მოსაზღვრე პოლონეთში, რომელსაც 2020 წლის შემდეგ ათობით ათასი ბელარუსელი მიაწყდა. პოლონეთის ხელისუფლებამ, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმს მწვავედ აკრიტიკებს, რეპრესიებს გამოქცეულ ბელარუსელებს სხვადასხვა ფორმით გაუმარტივა ქვეყანაში დარჩენა და საქმიანობა.

ლუკაშენკოს ახალი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, დამოუკიდებელი ბელარუსული მედია სხვადასხვა რჩევას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღონ ახალი პასპორტი. თუმცა, მთავარი კითხვა — როდის შეძლებენ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას — მრავალი მათგანისთვის პასუხგაუცემელი რჩება.

“მე ჩემს ქვეყანაში, ბელარუსში ცხოვრებაზე ვოცნებობ. ძალიან მინდა სახლში დაბრუნება. სიტუაცია ახლა იმდენად რთულია, ამაზე არ ვფიქრობ, თუმცა, როცა შესაძლებლობა იქნება, ამას გავაკეთებ. პირველივე თვითმფრინავით იქ წავალ”, — გვეუბნება მარია.

*რესპონდენტების უსაფეთხოებისთვის მათი სახელები შეცვლილია

მასალების გადაბეჭდვის წესი