ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ნატო ფინეთით და შვედეთით არ შეაჩერებს გაფართოებას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სხვა ქვეყნებსაც “ჩაითრევენ”.
მისი განცხადებით, „კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ იმატებს. ვაშინგტონი და მოკავშირეები განაგრძობენ ნატოს გაფართოებას. ვითარება მათთვის საკმაოდ კარგია“, – დასძენს ლუკაშენკო.
ბელარუსის დიქტატორის თქმითვე, გაფართოება შეეხება არა მარტო შვედეთს, – რომელსაც, წესით, მალე მიიღებენ ალიანსში, – არამედ სხვა ქვეყნებსაც.
„ალიანსში ჩაითრევენ ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, მოლდოვას, საქართველოს, სერბეთს. ეს ყველაფერი იქნება უკრაინის სცენარით“, – აცხადებს იგი.
რეალურად, ნატოში გაწევრიანების სურვილი საქართველომ თავად გამოთქვა და არა ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ. მეტიც, 20-წლიანი მცდელობის მიუხედავად, საქართველო ნატოში შესვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო ნატოსკენ სვლა. შევარდნაძემ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადიც კი შეიტანა. ალიანსთან შეერთების იდეა წლებია, საკმაოდ პოპულარულია საქართველოს მოქალაქეთა შორისაც, თუმცა თბილისმა ნატოში შესვლა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.