საზოგადოება

ვინ (არ) დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო ოპოზიციიდან

1 სექტემბერი, 2023 •
ვინ (არ) დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო ოპოზიციიდან

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს, თუმცა მმართელ გუნდს ამისათვის საჭირო 100 ხმა პარლამენტში არ აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უმრავლესობის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის ხმებიც სჭირდება.

ნეტგაზეთი გთავაზობთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციებს.

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათი საპარლამენტო ფრაქციის წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.

მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია ოპოზიციონერი, რომელიც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს,  რადგან ეს არის საბოტაჟი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის  მისაღებად.

„ვსაუბრობთ პრეზიდენტზე, რომელიც განუწყვეტლივ მოუწოდებდა „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომელსაც არაერთხელ ღიად დაუფიქსირებია უკრაინის მხარდაჭერა, დაუგმია რუსეთის აგრესია უკრაინაში და ღიად ულაპარაკია ხელისუფლების ანტიევროპულ ნაბიჯებზე. ამიტომაც ეს სხვა არაფერია, თუ არა კანდიდატის სტატუსის და ჩვენი ევროატლანტიკური კურსის საბოტაჟი. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლების ყველა ქმედებას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.

მეორე, ეს არის მცდელობა, რომ მთავარი პრობლემებიდან გადავიტანოთ ყურადღება ამაზე.  ვგულისხმობ იგივე შოვის ტრაგედიას, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს და ხელისუფლების პასუხისმგებლობაც იკვეთება; სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს… საქართველოს მოქალაქეებს ახლა არ აინტერესებთა ეს კინკლაობა, რომელიც იმპიჩმენტის საკითხზე დაიწყება“, — განუცხადა ანი წითლიძემ ნეტგაზეთს.

მისი თქმით, თუკი  ვინმე ოპოზიციიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ის ამით პოლიტიკურ კარიერას დაისამარებს.

„ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ოპოზიციის 12 წარმომადგენელი იყიდონ. ყველანაირი ალბათობა შეიძლება დაუშვა, მაგრამ ხომ არ არის საუბარი 1-2-3 ოპოზიციონერზე. ვინც ამაზე წავა, ყველა ადამიანმა იცის, რომ ისამარებს საკუთარ პოლიტიკურ კარიერასაც და ავტორიტეტსაც. ამიტომ მე ვერ წარმომიდგენია, რომ მათ 12 ოპოზიციონერის ხმა მოაგროვონ [სავარაუდოდ, სწორედ ამდენი ხმა აკლდება უმრავლესობას პრეზიდნეტის იმპიჩმენტისთვის]“, — ამბობს ანი წითლიძემ.

„საქართველოსთვის“

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არც მათი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი დაუჭერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო გაარღმავებს და კანდადატის სტატუსის მიღებას ხელს შეუშლია.

„ეს არის ერთგვარი შურისძიება იმ პოლიტიკური ნაბიჯების გამო, რასაც პრეზიდენტი დგამს. დღეს ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ მარტო პრეზიდენტი კი არ იყოს წარმოდგენელი ევროპის დედაქალაქებში, არამედ თვითონაც ოპოზიციასთან ერთად საერთო დელეგაციაში იყოს და ითხოვდეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს იყოს ერთგვარი გამაერთიანებელი ფაქტორი და პოლარიზაციის დასრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავთ ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც პირდაპირი ფორმით დაკავებულია ამ პროცესის საბოტაჟით“, – აცხადებს ბერდია სიჭინავა.

ბერდია სიჭინავას თქმით, როდესაც მმართველი პარტიის თავმდჯომარე პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანას მართავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც „საერთოდ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ყოველი მათი მოქმედება ანტიკონსტიტუციურია“.

„რაც შეეხება ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს, რასაც „ქართული ოცნება“ იშველიებს, საჭიროა საკითხის მიმართ სიღრმისეული მიდგომა, რადგან საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ფარგლებში როგორც კონსტიტუციური ინსტიტუცია, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხდეს ევროკავშირსა და ნატოში. შესაბამისად, შინაარსობრივი მიდგომის თვალსაზრისით და არა ფორმალისტურის, პრეზიდენტს კონსტიტუცია დარღვეული არ აქვს, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს“, – ამბობს ბერდია სიჭინავა.

ამასთან ბერდია სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მოგროვდეს და ამ პროცესში „ქართული ოცნების“ „მაშველი რგოლი“ „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდეს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ როცა „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ხმების მობილიზება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არიან ხოლმე მაშველი რგოლები და შესაბამისიდ გამორიცხული [ახლაც] არ არის. მით უფრო იმ ფონზე, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მოტივაცია პრეზიდნეტის წინააღმდეგ  და სთხოვს მას, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის და ძალიან თეორიულადაც არ გამოიყურება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვნახეთ, როგორ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები „ოცნების“ ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით“, – აცხადებს ბერდია სიჭინავა.

„გირჩი“

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემას არც „გირჩის“ წევრები აპირებენ.  „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, იმპიჩმენტის საკითხი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებისთვის „სავაჭროდ“ გამოიყენონ.

„ზოგადად, ეს არის „ქოცების“ თამაში, რომელშიც ჩვენ ნამდვილად არ მივიღებთ მონაწილეობას. თუ ლოგიკურად იხსნება, ან პირადი წყენები და ბოღმაა ამის მიზეზი, ან  ერთ-ერთი ახსნაა, რომ „ქოცებს“ უნდათ მიშას გამოშვება და სურთ, ეს გააკეთონ „ნაცების“ და სალომეს ხელით. ამ კონფიგურაციაში 13 ხმის მოსყიდვა კი არ სჭირდებათ, „ნაცების“ ხმები სჭირდებათ. „ნაცებს“ უჩნდებათ პრეზიდენტთან ვაჭრობის რესურსი და თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ამ ვაჭრობაში შევიდნენ და დაემუქრნონ იმპიჩმენტის მხარდაჭერით მიშას გამოშვების სანაცვლოდ. მაშინ შეიძლება, „ქოცებს“ ნებისმიერი შედეგი აწყობდეთ – თუ მიშა დარჩება[პატიმრობაში] და ბოლომდე გაუძლებენ, იტყვიან, რომ ჩვენ ვცადეთ და ეს იყოო, მაგრამ თუ მიშა შეიწყალა და გამოვა, წინასაარჩევნოდ ახალი ბუა ეყოლებათ. რაც მთავარია, ყველაფერი „ნაცების“ და სალომეს ხელით გაკეთდება და პრეზიდენტს თავისუფლად მიაწებებენ „ნაცობას“, — განუცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ნეტგაზეთს.

„რეფორმების ჯგუფი“ 

პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს საპარლამანეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“. როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთთა ამბობს, იმპიჩმენტის პროცესის მთავარი  მიზანი ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებაა.

ხათუნა სამნიძის თქმით, კონსტიტუციას, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ არღვევს თავისი ანტიდასავლური განცხადებებითა და ქმედებებით.

„ახლა იმპიჩმენტის დაწყება, როდესაც მათი მხრიდან წინასწარვეა გაცხადებული, რომ საკმარისი ხმები არ აქვთ, ისინი თვლიან, რომ ამ პროცედურით საკუთარი მიზნის მიღწევაში გამოიყენებენ ამ პროცესს – ანტიდასავლური რიტორიკის გასაძლიერებლად, ოპოზიციის წინააღმდეგ განცხადებებისთვის, არაერთგზის იმეორებენ, რომ პრეზიდენტი „რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერია“. ასევე ცდილობენ, რომ ოპოზიცია ერთ ყულაბაში მოათავსონ და ისევ გააღრმავონ პოლარიზება.

პრეზიდენტი იყო და არის ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პოლიტიკური პირი, რომელიც ხმამაღლა იცავდა ჩვენს ევროპულ არჩევანს. ეს ჩვენ გვახსოვს განსაკუთრებით ომის დაწყების პერიოდიდან, როცა „ქართული ოცნება“ დაიმალა და შეშინებული იყო, როცა პრეზიდენტი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა და იცავდა ჩვენს ევროპულ არჩევანს არამხოლოდ განცხადებებით, კონკრეტული საქმით. ამიტომ ევროპისთვის თვალნათელი იქნება, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც იცავს ევროპულ არჩევანს, მის წინააღმდეგ მიდის „ქართული ოცნება“, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიდის კონსტიტუციის წინააღმდეგ“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

„ევროოპტიმისტები“

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს. როგორც „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთთან ამბობს, იმპიჩმენტის პროცესის წამოწყების მიზანი წინასაარჩევნოდ პოლარიზებული გარემოს შექმნაა.

მისი თქმით,  „ქართულ ოცნებას“ ასეთი თემების წამოწევა სჭირდება, რათა სხვა არაფერზე იყოს ყურადღება და საინფორმაციო ველი გაყოფილი.

„ირაკლი კობახიძემ ზუსტად იცის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ამ ხმების მოგროვები, რადგან ოპოზიციიდან ხმას არავინ მისცემს და „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთადაც არ აქვთ 100 ხმა. ჩემი აზრით რამდენიმე მიზეზი აქვს: ანტიდასვლური კამპანიის გაძლიერება, წინასაარჩევნოდ ასეთი თემების შემოგდება და დღის წესრიგის შექმნა, რაზეც საზოგადოება ყურადღება გადავა რამდენიმე თვე და პრაქტიკულად სტატუსი ჩავარდება. რადგან როდესაც იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებ, რომელსაც სწორი პოზიცია აქვს უკრაინასა და დასავლეთთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს სტატუსის არმიღების საფრთხეს აძლიერებს“, — უთხრა ხატია დეკანოიძემ ნეტგაზეთს.

„ლელო“

პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არც „ლელო“ უჭერს. „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით,  არაკონსტიტუციური თავად „ქართული ოცნების“ მოქმედებაა, მათ შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშესაწყობი ტურნეს გამო.

როგორც ნაცვლიშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი იმ ტიპის მოქმედებაა, როცა ამ პროცედურის წამოწყებით შედეგად საკუთარ პოლიტიკურ იმპიჩმენტს მიიღებს.

„აღარავისთვის არ არის დაფარული და საჭოჭმანო, რომ „ქართული ოცნება“ ასრულებს რუსულ დავალებას. ეს არის ხელისუფლება ქართული გვარებით, მაგრამ რუსული მოტივებით და მიზნებით საქართველოში. ამ რუსული მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა არის, რომ როგორმე საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის რუსეთის ამოცანა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელით ცდილობს, რომ ყველანაირად ხელი შეუშალოს. ეს არის ცხადზე უცხადესი დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს საქართველოს ევროინტეგრაცია და ამისთვის ყველა ბერკეტზე, მათ შორის, უზარმაზარ თვითდაზიანებაზეც თანახმაა. მთავარია, რომ რუსეთთან არ მიიყენონ თვითდაზიანება“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილი ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას შეეხება, მხოლოდ პრეზიდენტსა და მთავრობას არ აკისრებს პასუხისმგებლობას და ეს მუხლი პარლამენტის წევრებზეც ვრცელდება. მისი თქმით, თუ საპარლამენტო ოპოზიციიდან ვინმე გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, თავად გახდება 78-ე მუხლის დამრღვევი.

„ეს არ არის ფორმალური დავა სიმართლის გასარკვევად ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის. ეს საკითხი არ დაიყვანება „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის. ეს არის ქვეყნის საგარეო კურსის საკითხი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დავალება. თუ ვინმეს ოპოზიციაში სურს, რომ ღიად გადაბარგდეს „ქართულ ოცნებაში“, რა თქმა უნდა, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა, ამის გაფორმების არ ექნება. ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე ასე გაწირავს საკუთარ თავს და რეპუტაციას, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან ეს ხმის მიცემა სამართლებრივი შედეგის მომტანიც იქნება“, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„მოქალაქეები“

პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არც „მოქალაქეების“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი დაუჭერს.

„მე არ ვაპირებ მხარი დავუჭირო… ზოგადად სამარცხვინო მგონია მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტთან ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება და ნაცვლად იმისა, რომ დაალაგონ ურთიერთობა, ცდილობენ უფრო გამწვავებას…. ეს ცუდია ქვეყნის შიდა პროცესებისთვის და ეს ძალიან ცუდად ჩანს საერთაშორისო ასპარეზზე“, – აცხადებს „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი

პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერას არც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ აპირებს. აღნიშული ჯგუფის წევრები ნატო და როსტომ ჩხეიძეები არიან. ეს დეპუტატები პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდნენ, თუმცა რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად „ოცნების“ კანდიდატების არჩევას. მათი ხმის გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნებოდა.

როგორც ნატო ჩხეიძემ ნეტგაზეთს უთხრა, ევროპაში გამგზავრება კონსტიტუციის დარღვევად არ უნდა მიიჩნეოდეს.

„რამდენიმე დღის წინ ბატონო მდინარაძემ კი თქვა, რომ უაზრობაა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაო, რადგან ხმები არ გვყოფნისო, მაგრამ მას შემდეგ, ეტყობა, რაღაც აზრი შეიძინა მათთვის ამ უაზრო პროცესმა და მაინც აპირებენ დაიწყონ. თუმცა ძალიან საინტერესოა სარჩელში რას მიუთითებენ, რადგან ერთია რაზე საუბრობ მიკროფონიდან და მეორე, იურიდიულად ამას როგორ შეადგენ.

ევროპაში გამგზავრება კონსტიტუციის დარღვევად არ უნდა მიიჩნეოდეს. ამიტომ წასაკითხი იქნება ის სარჩელი, თუ რას მიუთითებენ. სხვა მხრივ კი ნამდვილად უაზრო იქნება თუ ასე გაგრძელდება, რადგან შედეგი არ ექნება. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი მხარს არ დაუჭერს.

მე არ მგონია, რომ 100 ხმის მოგროვების იმედი ჰქონდეთ. მე უფრო მგონია, რომ ეს სხვა მწვავე თემების გადაფარვის მცდელობაა. მეორე ისაა, რომ ეს მათი პოლიტიკური მსვლელობის შესაფერისი ნაბიჯია“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნატო ჩხეიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატები

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას უადგილოსა და მიუღებელს უწოდებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე. ნატო და როსტომ ჩხეიძეების მსგავსად, პარლამენტში ისიც ენმ-ის სიით შევიდა, თუმცა მხარი დაუჭირა „ოცნების“ კანდიდატების იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევას.

„რასაკვირველია, მხარს არ დავუჭერ მხარს [იმპიჩმენტს], რადგან ეს არის აბსოლუტურად უადგილო და მიუღებელი ამბავი. ეს დაკავშირებულია ქალბატონი პრეზიდენტის ბოლოდროინდელ აქტივობებთან, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს გაუწიოს ის წარმომადგენლობითობა, რომელიც მას მიეხმარება კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნიკა მაჭუტაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაიაც.

„ნებისმიერი მსჯელობა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე არის მავნელობა და „ქართული ოცნების“  მესიჯის გაძლიერება. სინამდვილეში „ქართულმა ოცნებამ“ და ირაკლი ღარიბაშვილმა, უნდა განმარტონ რატომ არ მისცეს თანხმობა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის გადამწყვეტ, უმნიშვნელოვანეს დროს, წარმოედგინა საქართველოს ინტერესები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმპიჩმენტის პროცედურების განხილვის ნაცვლად, ამაზე კონცენტრირება უფრო მნიშვნელოვანია“, – აცხადებს თამარ კორძაია.

„ევროპელი სოციალისტები“

საპარლამენტო ოპოზიციის რიგებიდან ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს ღიად უჭერს „ევროპელი სოციალისტები“ არიან. მათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება დაგვიანებულადაც კი მიაჩნიათ.

„საქართველოს პრეზიდენტს ბევრჯერ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია. ეს გამოიხატება სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფაში. მიგვაჩნია, რომ ეს დაგვიანებულიც არის. პირველივე შემთხვევის დროს, როცა მაგან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ იმპიჩმენტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი გუნდი მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ „იმედთან“.


„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი