საზოგადოება

Back to USSR

27 ივნისი, 2010 • 1477
Back to USSR

სკოლის დირექტორების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებით, საქართველომ  უარი თქვა სკოლების დეცენტრალიზაციის დაწყებულ რეფორმაზე. აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მაგალითი, რომელიც დიმიტრი შაშკინმა ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად მოიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება. არც აშშ-ში და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი სხვა ევროპული ქვეყნის სკოლებში დირექტორს სახელისუფლებო ორგანო არ ნიშნავს. ”ძალიან ცუდი იდეაა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ძალაუფლება მინისტრის ხელში გადადის. შესაძლებელია, რომ მან ისეთი ადამიანები დანიშნოს დირექტორებად, რომლებიც მას პოლიტიკურად ეთანხმებიან”- ამბობს ამერიკელი პროფესორი ოჯინ ტაკერი. 

დიმიტრი შაშკინმა სკოლის მართვაში ამ ცვლილებაზე “დიალოგი დავით პაიჭაძესთან” ისაუბრა. განათლების სპეციალისტების აზრით, შაშკინის მიერ განხილული ეს ცვლილება სისტემის უკიდურეს ცენტრალიზაციას გამოიწვევს და ის, რომ 3-4 წელიწადში ვერ მოხერხდა სკოლის მართვის სისტემის გამართვა, არ არის საკმარისი მიზეზი ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის.  თუ საერთაშორისო გამოცდილება არგუმენტად გამოდგება, დირექტორის დანიშვნის შაშკინის მოდელი არათუ “უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებში”, საბჭოთა კავშირშიც კი არ მოქმედებდა.

ვინ ნიშნავს დირექტორს “უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებში”?

შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, მოიყვანა მაგალითად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დავით პაიჭაძის გადაცემაში, როცა იმის დასაბუთებას ცდილობდა, რომ სკოლის დირექტორების დანიშვნა სამინისტროს მიერ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯი არ იქნებოდა. ნეტგაზეთმა ეს ინფორმაცია კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ოჯინ ტაკერთან გადაამოწმა. ტაკერი რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთ მსხვილ ოლქში 25 სკოლის დირექტორის სუპერინტენდენტი იყო. იგი მოკლე ვიზიტით საქართველოში იმყოფება.  ტაკერი ამბობს, რომ ამერიკაში ყოველ ოლქს თავისი სკოლების საბჭო ჰყავს, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აირჩიონ. საბჭო ერთად ირჩევს სკოლის სუპერინტენდენტს, რომელიც შემდგომში ამ სკოლების დირექტორების ზედამხედველი ხდება. სუპერინტენდენტი ოლქის სკოლების საბჭოს დირექტორების რამდენიმე კანდიდატურას წარუდგენს  და მასთან ერთად ოლქის სკოლების საბჭო ირჩევს, თუ რომელ კანდიდატურაზე შეაჩეროს ყურადღება. დირექტორების მუშაობას მათი სუპერინტენდენტი აკონტროლებს და ანგარიშს ოლქის სკოლის საბჭოს აბარებს. 

დირექტორს არც ინგლისში, სლოვაკეთში, ირლანდიაში, ახალი ზელანდიაში, დანიაში, შოტლანდიაში, ესპანეთში, ფინეთში, შვედეთში, ბელგიაში ნიშნავს მინისტრი, სამინისტროს მსგავსი სახელისუფლებლო ორგანო ან მისი წარმომადგენელი. სახელმწიფოს როლი, ზოგიერთ შემთვევაში, დელეგირებულია ადგილობრივ თვითმმართველობებზე. ქვეყნების დიდ ნაწილში დირექტორებს სამეურვეო საბჭოების მსგავსი ტიპის გაერთიანებები ირჩევენ. ასევე გვხვდება მოდელები, სადაც დირექტორს ირჩევს სამინისტროს და სკოლის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საბჭო ან კომისია.

სკოლის მართვის ქართული მოდელის სირთულეები: გაუთვალისწინებელი თუ მოსალოდნელი?

ქართულ მოდელში დირექტორებს მშობლებისა და მასწავლებლების მიერ არჩეული სამეურვეო საბჭოები ნიშნავენ და მათი საქმიანობის მეთვალყურეობაც, კანონით, საბჭოებს ეკისრებათ. ეს ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებული განათლების რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც სკოლების დეცენტრალიზაცია და დამოუკიდებლობა წარმოადგენდა. შედეგად  სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გაზრდილიყო.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გადაცემაში ,,დიალოგი დავით პაიჭაძესთან” განაცხადა, რომ ამ სისტემამ საქართველოში ვერ იმუშავა და შედეგად მივიღეთ ის, რომ სკოლებს ძლიერი და ეფექტური მმართველები არ ჰყავთ. ,,ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს იმის გამო, რომ სემეურვეო საბჭოების მუშაობაში საზოგადოება მასობრივად არ ჩაერთო, ეს რეალობაა”, – ამბობს შაშკინი.  გადაცემაში დიმიტრი შაშკინი განმარტავს, რომ განათლების სამინისტრო 2-3 წლის მანძილზე ცდილობდა, სამეურვეო საბჭოებში მოქალაქეთა ჩართულობა გაეძლიერებინა, რამაც შედეგები ვერ გამოიღო. შაშკინს არ დაუსახელებია, როგორ ცდილობდა სამინისტრო საბჭოების გაძლიერებას და რეფორმის რა ეტაპზე ჰქონდა მოლოდონი სახელმწიფოს, რომ სამეურვეო საბჭოები ეფექტური გახდებოდა.

განათლების სპეციალისტი ნათია ანდღულაძე, რომელიც რეფორმის ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევებს ხელმძღვანელობდა, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ 2007-2009 წლებში სამინისტრო სკოლების დეცენტრალიზაციის მიმდინარეობას და მის ცალკეულ ეტაპებს იკვლევდა და ადარებდა სხვა ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. «ჩვენს მიერ 2008-2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესში იყო სირთულეები. შედეგები შევადარეთ სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი შედეგები და მათი გამომწვევი მიზეზები ევროპის ქვეყნების მსგავსი იყო. მაგალითისთვის, ავსტრიაში, ჩეხეთში, დანიაში, ფინეთში, უნგრეთში, იაპონიაში, პოლონეთში, ინგლისში, სლოვაკეთში, ესპანეთში, სადაც სკოლის ეფექტურად მართვის ქვაკუთხედად მშობლის აქტიურობა ითვლება, დირექტორები ამბობდნენ, რომ მშობელი პასიურია და არაკომპეტენტური; მშობლები კი, თავის მხრივ, მასწავლებლებს და დირექტორებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი არ თმობენ პოზიციებს და მშობლებს მხოლოდ პირობით როლს ანიჭებენ. მაგრამ ამის გამო დეცენტრალიზაციაზე უარი არცერთ ქვეყანას არ უთქვამს”.

ნათია ანდღულაძის აზრით, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო მსგავსება ახალ ზელანდიასთან. ამ ქვეყანაში სკოლის მართვის მოდელი ქართულის იდენტურია. “2006 წელს ახალ ზელანდიაში და 2009 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგებს შორის მსგავსებამ ძალიან დაგვაფიქრა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალი ზელანდია, საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების რიცხვში შედის. აქ ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი 27 ათასი დოლარია და განათლებაზე სახელმწიფოს დანახარჯები ძალიან დიდია სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებითაც კი.  ახალი ზელანდიის კვლევის ანგარიშში ძირითად პრობლემად მოხსენიებულია სამეურვეო საბჭოს დაბალი კომპეტენცია, სირთულეები სოფლებში სამეურვეო საბჭოების წევრების რეკრუიტირებასთან დაკავშირებით, სამეურვეო საბჭოს არჩევისას დირექტორის ნეგატიური გავლენა, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის ურთიერთობის ხასიათი, როგორც სკოლის მართვის ეფექტურობაზე უარყოფით გავლენის მიზეზი, დირექტორის მიერ საბჭომდე ინფორმაციის მიწოდებაზე კონტროლი. რაც შეეხება დირექტორებს, აქ პრობლემებად დასახელდა არასაკმარისი პროფესიული ცოდნა გადაწყვეტილების მისაღებად და დირექტორების არჩევის  პროცესში არსებული ხარვეზები. ჩვენი კვლევის შედეგები იდენტური იყო.

მაშინ ახალმა ზელანდიამ ამ პრობლემებზე რეაგირება მოახდინა სამეურვეო საბჭოებისთვის ადგილობრივ ექსპერტებთან და მრჩევლებთან პროფესიული მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობის შეთავაზებით, საბჭოს ყველა წევრისთვის სავალდებულო ტრენინგების შემოღებით, პოტენციური წევრების არჩევნებამდე გადამზადებით, ტრენინგების არსებული სისტემის გაუმჯობესებით, სტანდარტებისა და მინიმალური მოთხოვნების შემუშავებით; ადგილზე, საბჭოს საჭიროებებზე მორგებული ტრეინინგებით;  დირექტორების გადამზადებით; ტრენინგების შედეგების აღიარებით, საბჭოს როლისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრით; მოსწავლეთა მიღწევებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით; დირექტორის დანიშვნის პროცედურაში ცვლილების შეტანით: დირექტორების შეფასებაში განათლების სფეროში პროფესიონალების ჩართვის და შეფასების სტანდარტებისა და პროტოკოლების შემოღებით”.

სამინისტროს მიერ დირექტორების დანიშვნა, როგორც გამოსავალი?

შაშკინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოსავალს დირექტორების დანიშვნის წესის შეცვლაში ხედავს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდება 2200 სკოლის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა. თუმცა, შაშკინი აცხადებს, რომ 2200-ვე დირექტორზე პასუხისმგებლობას სამინისტრო აიღებს. სამინისტრომ მუშაობა დაიწყო ,,განათლების შესახებ კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე. თუ ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა, სკოლებში დირექტორებს განათლების სამინისტრო დანიშნავს.

როგორც ნათია ანდღულაძე ამბობს, სამინისტროში შაშკინის მოსვლამდე სკოლის მართვის სისტემაში არსებული სირთულეების გადაჭრის სხვა ალტერნატივები იდგა დღის წესრიგში. “დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლა გულისხმობს უფლებების დელეგირებას. უფლებების გაზრდის პარალელურად მოხდა პასუხისმგებლობების გაზრდა. სკოლის თემში ამის გააზრებას, სწავლას და სწავლებას დრო და რესურსი სჭირდებოდა, რომელიც, ალბათ, იმ დროისთვის ქვეყანას არ ჰქონდა. ამიტომ პრობლემის გადაჭრის უფრო მარტივი მეთოდები განიხილებოდა. მათ შორის იყო რესურსცენტრების როლის გაზრდა სისტემის მართვაში. განათლების სფეროს ზოგიერთი სპეციალისტი ამერიკულ მოდელზეც საუბრობდა. ეს უკანასკნელი სამეურვეო საბჭოების გამსხვილებას ითვალისწინებს. ანუ, საბჭოს წევრობა არჩევითი რჩება, მაგრამ საბჭო არსებობს რაიონის და არა სკოლის დონეზე. დირექტორების სამინისტროს მიერ დანიშვნაზე ლაპარაკი, რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა. ზოგადად განათლების პოლიტიკის ჭრილიდან საკითხის განხილვას რომ თავი დავანებოთ, ეს არარაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა უბრალო პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე. რადგან სამინისტროსა და სკოლას შორის შუალედური გადაწყვეტილების მიმღები რგოლი არ არსებობს, სამინისტროს აპარატის ძალიან დიდი რესურსი ისედაც მიდის სკოლების მიკრო პრობლემების გადაჭრაზე. ზოგიერთ დეპარტამენტს და რესურსცენტრებს 15 საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა იმის გამო, რომ სკოლების დირექტორებს ელემენტარული გადაწყვეტილების მიღებას სამინისტროსთან შეთანხმება უნდათ. თუ დირექტორების დანიშვნა-მოხსნაზე სამინისტრო იმუშავებს მომავალში, ამას, ალბათ, დიდი ადმიანური რესურსის დამატება დასჭირდება სამინისტროში”.

თუმცა პრაქტიკული სირთულეები გასათვალისწინებელია, უფრო მწვავედ, ამ ეტაპზე, ზოგადად ქვეყნის განვითარების დეკლარირებულ – დემოკრატიულ და დეცენტრალიზაციაზე ორიენტირებულ – კურსთან მიმართებაში განათლების სისტემის განვითარების სინქრონულობის საკითხი დგას. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ოჯინ ტაკერის აზრით, რამდენიმე საგულისხმო საფრთხეს ხედავს: ”ფაქტობრივად, ძალიან დიდი ძალაუფლება ერთი პირის ხელში მოექცევა. ეს დიდ საფრთხეებს შექმნის. თუ მინისტრი კორუმპირებულია, ეს ნიშნავს, რომ ის კორუმპირეულ დირექტორებს დანიშნავს. შესაძლებელია, რომ მან ისეთი ადამიანები დანიშნოს დირექტორებად, რომლებიც მას პოლიტიკურად ეთანხმებიან. თუ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აშენებ, უნდა ენდო ხალხის გადაწყვეტილებას, რადგან ხალხი იხდის გადასახადებს და ხალხი აფინანსებს სკოლებს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი