საზოგადოება

კენიის პარლამენტში იძიებენ ბაობაბების საქართველოში ექსპორტის შეთანხმებას

11 აპრილი, 2023 • 1774
კენიის პარლამენტში იძიებენ ბაობაბების საქართველოში ექსპორტის შეთანხმებას

კენიის პარლამენტის დეპუტატებმა გამოძიება დაიწყეს საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებენ ხეების გაყიდვის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში.

თავის მხრივ, ბრალდების სუბიექტები ამბობენ, რომ ხსენებული ტიპის ხეები გადაშენების პირას მყოფ სახეობათა შორის არ არის და, შესაბამისად, მათი გაყიდვა დასაშვებია.

საქმე ეხება ბაობაბის 8 ხეს, რომელიც უცხოურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გადაეტანა კენიის კილიფის ოლქიდან. როგორც კენიის სატყეო სამსახურში ამბობენ, მათ აცნობეს, რომ ხეების დანიშნულების ადგილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი.

“განზრახვა იყო, რომ ხეები გამოფენილიყო [ერთ-ერთ] განყოფილებაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეგროვილ ხეებთან ერთად”, — აღნიშნავს სამსახურის წარმომადგენელი ჯეიმს მვენდენი.

ექსპორტის შეთანხმებას გარემოსდამცველთა პროტესტი მოჰყვა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Nation წერს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა კენიის გარემოს მართვის ეროვნული ორგანოს, მცენარეთა ინსპექტირების სამსახურისა და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები დაიბარეს, რათა ნათელი მოჰფინონ ექსპორტის შესახებ შეთანხმების დეტალებს.

დეპუტატების განცხადებით, არსებობს დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომლის გამხელაც ამ სამსახურების წარმომადგენლებს არ სურთ. მათივე თქმით, სახელმწიფო ორგანოებმა პროცესის დაგეგმვაში არ ჩართეს იმ ტერიტორიის მცხოვრებლები, საიდანაც ექსპორტისთვის გაყიდული ხეები ამოძირკვეს.

ამასთან, დეპუტატები ჩივიან, რომ უწყებებმა ვერ უზრუნველყვეს მყიდველის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების გარანტირებულობა იქამდე, სანამ ექსპორტისთვის გამზადებულ ხეებს მიწიდან ამოიღებდნენ.

მყიდველად ასახელებენ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გვასალიას. ადგილობრივთა ცნობით, სწორედ გვასალია ხელმძღვანელობდა იქ ჩასული უცხოელი კონტრაქტორების ჯგუფს, რომელმაც ბაობაბების მოძიება 2019 წლიდან დაიწყო. იგი იყენებდა დრონებსაც, რათა “საუკეთესო” ხეები ამოერჩია.

როგორც სატყეო სამსახურში აღნიშნავენ, ამოძირკვული ხეები კენიის ტერიტორიაზე რჩება. ჯეიმს მვენდენი ასევე ამბობს, რომ იმ დროისთვის, როცა ბაობაბების საკითხი სატყეო სამსახურის ყურამდე მივიდა, ხეები უკვე ამოძირკვული იყო.

გასულ წელს, პროტესტის ფონზე, კენიის მთავრობამ ბაობაბების საქართველოში ექსპორტის პროცესი შეაჩერა, დასძინა რა, რომ შესაბამისი ლიცენზია არალეგალურად იყო გაცემული.

თუმცა გადაწყვეტილება მიმდინარე წლის თებერვალში შეიცვალა, როცა კენიის სატყეო სამსახურმა გიორგი გვასალიას ნებართვა მისცა, ბაობაბები საქართველოში გაეტანა . უწყება დასძენდა, რომ ხსენებული ხე გადაშენების პირას მყოფი სახეობა არ არის და მას არც დაცული ხის სახეობის სტატუსი აქვს კენიაში.

ბაობაბები საქართველოსკენ

გასულ წელს ბაობაბების საქართველოში გატანის ლიცენზიის გაუქმებას წინ უძღოდა კენიის პრეზიდენტის მოთხოვნა მთავრობისადმი, შეემოწმებინა კილიფის ოლქში ხეების ამოთხრის პროცესი.

სამინისტროს ცნობით, სწორედ ხსენებული ოლქის მოსახლეებსა და კერძო კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელს ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და ექსპორტზე გაეტანა საქართველოში.

დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის ხსენებული კომპანიის სახელი, ისევე, როგორც არაა ნახსენები ხეების ქართველი მესაკუთრის ვინაობა. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ იშვიათი, გიგანტური ხეების შეძენითა და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ტრანსპორტირებით დაინტერესებული ერთადერთი ადამიანი საქართველოში ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში შეიძინა გიგანტური ხეები, ამოთხარა და სხვადასხვა საშუალებით დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა.

გარემოს დამცველები ბაობაბების საქართველოში ექსპორტს “ბიომეკობრეობას” უწოდებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ კენიის ტერიტორიიდან იმ ხეების გატანას, რომლებიც ბუნებრივ ჰაბიტატს ქმნის მრავალი მწერისთვის, რეპტილიისა თუ ფრინველისთვის.

თავად გიორგი გვასალიას თანახმად, მას შემდეგ დაიწყო ხეების ძიება, რაც გაიგო, რომ ადგილობრივები ბაობაბებს სამეურნეო მიზნებისთვის ჭრიდნენ.

რით გამოირჩევა ბაობაბი

ბაობაბის ხე ასეულობით წელს ცოცხლობს და მკაცრ კლიმატურ პირობებსაც უძლებს. ევროპაში ბაობაბის ნაყოფის ექსპორტის დაწყების შემდეგ, ეს უკანასკნელი “სუპერსაკვებად” აღიარეს ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, კალციუმის, კალიუმის მაღალი შემცველობის გამო.

იმისათვის, რომ ნაყოფი გამოისხას, ბაობაბს ორი ათწლეული სჭირდება. ამის გამო ზოგიერთი ფერმერი სწრაფ ეკონომიკურ სარგებელს არჩევს ხის გაყიდვისა და იქ სიმინდისა თუ სხვა მარცვლეულის დათესვის გზით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ბაობაბები შემოაქვთ. ერთ-ერთი ხე დადგეს სასტუმრო “პარაგრაფში”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტია.

ამასთან, 2018 წლის სექტემბერში ბრიტანული გამოცემა EveningStandard იუწყებოდა, რომ ივანიშვილს კენიიდან კიდევ ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ხე მოჰქონდა.

ფოტო: Kevin Odit / Nation Media Group

მასალების გადაბეჭდვის წესი